Accessibility links

მოელიან, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები მიაღწევენ შეთანხმებას, რაც შესაძლებლობას მისცემს პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს რეფერენდუმის თარიღი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის თაობაზე.

18-19 თებერვლის სამიტი ბრიუსელში იმ მრავალკვირიანი მოლაპარაკებების კულმინაციას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსის მიღწევას ბრიტანეთის კავშირში დარჩენის თაობაზე წარმოქმნილი უთანხმოების დასაძლევად. ერთი თვის წინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა შეიმუშავა იმ აუცილებელი რეფორმების წინადადებათა პაკეტი, რoმელთა მეშვეობითაც უნდა შეჩერდეს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, „ბრექსიტი“, რასაც კატასტროფული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები ექნება მთლიანად ევროპის ბლოკისათვის. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 18 თებერვალს, სამიტის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის „საკმაოდ დარწმუნებულია“ კონსენსუსის მიღწევაში, თუმცა დონალდ ტუსკმა უფრო ფრთხილი პროგნოზი გააკეთა:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიმყოფებით დიდი ბრიტანეთის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე ძალიან რთული და ფაქიზი მოლაპარაკებების შუაგზაზე. თუმცა ჩემთვის ერთი რამ აშკარაა: ესაა გადამწყვეტი სამიტი. ამაში ეჭვი არ მეპარება“.

როგორც ზემოთ ითქვა, სწორედ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ინიციატივით იქნა შემუშავებული წინადადებათა პროექტი, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ცალკეული წევრების უფლებამოსილების გაზრდას და, შრომითი მიგრანტების შემთხვევაში, ბრიუსელისაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას შეეხება. ბრიუსელში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ 18-19 თებერვლის სამიტზე ბრიტანეთის კავშირში დარჩენისათვის იბრძოლებს:

დევიდ კამერონი და დონალდ ტუსკი

დევიდ კამერონი და დონალდ ტუსკი

„დღეს და ხვალ დიდი სამუშაო გველის. მე ბრიტანეთისთვის ვიბრძოლებ. თუ კარგ შეთანხმებას მივაღწევთ, მე მას დავთანხმდები, მაგრამ არ მივიღებ ისეთ გარიგებას, რომელიც ჩვენს საჭიროებებს არ ითვალისწინებს. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ვიდრე ვიჩქაროთ და მხოლოდ კეთილი ნების იმედად დავრჩეთ. ვფიქრობ, ბეჯითი შრომით შევძლებთ ბრიტანეთისთვის სასიკეთო შეთანხმების მიღწევას“.

კამერონის მიერ ნახსენები „კარგი შეთანხმების“ ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ბრიტანეთისათვის უფლების მინიჭება სასწრაფოდ შეწყვიტოს და ოთხი წლის განმავლობაში აღარ გაიღოს სახელმწიფო შემწეობა ევროკავშირიდან ჩასული შრომითი მიგრანტებისთვის. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტისათვის გახდა კულისებიდან ცნობილი, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი საბოლოო კომპრომისის მისაღწევად, თუმცა რჩება გარკვეული დეტალები, რომლებზეც 28 წევრისაგან შემდგარი ბლოკის საბოლოო გადაწყვეტილება 19 თებერვლის დილით გახდება ცნობილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG