Accessibility links

logo-print

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას რატიფიცირება უკვე გაუკეთა ევროკავშირის 23-მა ქვეყანამ, თუმცა დარჩენილია კიდევ 5 ქვეყანა: საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი. რატომ არ არის დასრულებული 2014 წლის ივლისში დაწყებული პროცესი, შეიძლებოდა თუ არა უფრო სწრაფი ტემპით სიარული და ხომ არ ეშლება ამით ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას?

ავსტრია 23–ეა ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელმაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. 8 ივლისს ეს ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდა. წინა დღით კი იგივე გააკეთა ნიდერლანდის სამეფოს სენატმა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ბრიუსელში 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი. დოკუმენტის რატიფიცირების პროცესში პირველობა უკვე ივლისში მოიპოვეს ბულგარეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და რუმინეთმა. მათ გარდა, 2014 წელს ასოცირების შეთანხმებას რატიფიცირება გაუკეთა კიდევ 7 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ და ასევე ევროპარლამენტმა, ხოლო 2015 წელს ამ ჯგუფს კიდევ 12 ქვეყანა შეემატა, ჩვენ მიერ უკვე ხსენებული ნიდერლანდისა და ავსტრიის ჩათვლით. თუმცა დარჩა კიდევ 5 ქვეყანა, რომლებსაც ჯერ არ მოუხდენიათ ამ დოკუმენტის რატიფიცირება.

არის თუ არა კანონზომიერი მოვლენათა ამგვარად განვითარება და რატომ ვერ მოხერხდა პროცესის დასრულება? – ამ შეკითხვებს რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, საგანგებო დავალებათა ელჩი დავით კერესელიძე პასუხობს:

„ყველა ქვეყანას თავისი საპარლამენტი ცხოვრება, საპარლამენტო განრიგი აქვს და არა მგონია, რომ ეს იყოს ხელოვნური შეფერხება ან პოლიტიკური შეფერხება ამ ქვეყნების მხრიდან. 23–მა ქვეყანამ უკვე მოახდინა რატიფიცირება, დაგვრჩა ეს 5 ქვეყანა: ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და ბელგია. აქედან, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას უკვე მიღებული აქვს ეს გადაწყვეტილება და ახლა ზედა პალატამ უნდა მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება. ასე რომ, მე მგონია, ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება“.

დავით კერესელიძე არ იზიარებს ოპონენტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი იყო რატიფიცირების პროცესის დაჩქარება, რადგანაც, მისი თქმით, საგარეო უწყება ყველაფერს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობის კუთხით. თუმცა ოპონენტები კვლავაც თავიანთ აზრზე რჩებიან და, მაგალითად, თუკი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანს ჰკითხავთ, ის გეტყვით, რომ უფრო მეტი აქტიურობით უფრო უკეთესი შედეგის მიღებაც იქნებოდა შესაძლებელი და რომ, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს არსებული პროგნოზით, რატიფიცირების პროცესი 2015 წლის გაზაფხულზე - და ყველაზე გვიან, ზაფხულში - უნდა დასრულებულიყო. ამ კონტექსტში დავით ზალკალიანი ლაპარაკობს ასევე ევროკავშირის კეთილ ნებაზე, რაც, მისი შეფასებით, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ გამოიყენა:

„ევროკავშირი ჩვენთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვან დათმობაზე წამოვიდა და მაშინ, როცა ჩვენ ასოცირების შეთანხმებას ვაწერდით ხელს (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით), შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ რატიფიცირებამდე დროებითი ამოქმედების რეჟიმში იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის 75 პროცენტი. ანუ რატიფიცირების პროცესის დასრულებამდე ჩვენ უკვე შეგვეძლო ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება. სამწუხაროდ, მე აქ ვხედავ ძალიან სერიოზულ პრობლემას, რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, ვიდრე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის წახალისებაზე“.

ოპონენტების არც ამგვარ შეფასებებს იზიარებს საგანგებო დავალებათა ელჩი დავით კერესელიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა შესრულების პროცესი თანმიმდევრულად და გათვლილად მიიწევს წინ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე პრობლემად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა ევროკავშირის სივრცეში. ექსპერტი ვერც შეთანხმებული მოქმედებისა თუ სხვა სახის საეჭვო ნიშნებს ხედავს:

„მაგალითად, საბერძნეთს გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. მოგეხსენებათ, იქ ეკონომიკურად რა ვითარებაც არის და იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა ქვეყნებზეც, რომ მათ გარკვეულწილად თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის გადაჭრა სჭირდებათ, პირველ რიგში, ხოლო შემდეგ შეიძლება იფიქრონ ამ თემატიკაზე... ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი – ეს ხუთივე ქვეყანა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიფიქროთ, თითქოს, ამ ქვეყნების ბლოკი, მიზეზთა გამო, შეგნებულად არ აკეთებს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. მაგრამ, თუკი ეს პროცესი გონივრულ ვადებს მიღმაც გაგრძელდება, მერე უკვე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყნებიდან რომელიმეზე ხომ არ ხორციელდება ზეწოლა სხვა საგარეო პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან“.

ვიდრე დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი არ დასრულდება, ასოცირების შესახებ შეთანხმების მთელი რიგი მოთხოვნები ვერ ჩაითვლება ამოქმედებულად და, შესაბამისად, მხარეებს მათი შესრულების ვალდებულება არ ეკისრებათ. გიორგი გობრონიძე ამ პროცესის დროულად დასრულებას მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG