Accessibility links

ევროკავშირი აპირებს ბალკანეთში მიგრანტთა ცენტრები შექმნას


მიგრანტი ბავშვი სლოვენიისა და ავსტრიის საზღვარზე

მიგრანტი ბავშვი სლოვენიისა და ავსტრიის საზღვარზე

ევროკავშირი განიხილავს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ბალკანეთში მიგრანტთა ცენტრების შექმნას ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. მიზეზია მოახლოებული ზამთარი, რომელიც, ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, „კატასტროფით“ ემუქრება ბალკანეთის გავლით ჩრდილოეთ ევროპაში მოხვედრის მსურველ ათიათასობით მიგრანტს.

წელს ევროკავშირში 770 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა საზღვაო გზით - გაცილებით მეტი, ვიდრე ევროკავშირის საზღვრებზე მდებარე ქვეყნების ინფრასტრუქტურა გასწვდებოდა - იქნებოდა ეს მიგრანტებისათვის განკუთვნილი დაწესებულებები თუ მათთან სამუშაოდ დასაქმებული პირები. მიგრანტების დიდი ნაწილი ე.წ. ბალკანეთის მარშრუტით, ანუ საბერძნეთის, მაკედონიის, სერბიის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის გავლით, მიეშურება გერმანიაში და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, კარგი პირობების იმედით.

ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი აცხადებს, რომ მიგრანტების დასარეგისტრირებლად და მათი საქმეების შესასწავლად ახალი ცენტრები შეიქმნება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიც არის სერბია და მაკედონია.

თუ გვსურს აღვადგინოთ ევროპის უნარი აწარმოოს მიგრაციის საკუთარი პოლიტიკა, გადაადგილების ჩათვლით, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ საზღვრები ევროკავშირის გარშემო...

ბალკანეთში მიგრანტების ცენტრების შექმნას საჭიროდ მიიჩნევენ ზამთრის მოახლოების გამო, როცა მიგრანტებს გარეთ სიცივეში ყოფნა ემუქრებათ ბალკანეთში, შედარებით ღარიბ ქვეყნებში, რადგან ევროკავშირის მდიდარ სახელმწიფოებში შესაძლოა ისინი ვეღარ მიიღონ რესურსების ამოწურვის გამო.

ევროკავშირის ზოგი წევრი ქვეყანა ვეღარ შეძლებს კიდევ დიდხანს ატაროს ეს ტვირთიო, განაცხადა ბრიუსელში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა, რომლის ქვეყანაც არის ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა მიმართოს ყველა ზომას ზამთრის დადგომასთან ერთად კატასტროფის თავიდან ასაცილებლად...

იმავე დღეს, 9 ნოემბერს, ევროპაში მიგრანტების ბოლო ათწლეულების უდიდეს ტალღაზე იმსჯელეს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, მონაწილეობდა. მან ისაუბრა აუცილებლობაზე, გაუმჯობესდეს ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა, რათა შენარჩუნდეს შენგენის ზონა: საზღვარზე კონტროლის არარსებობა ევროპის 26 ქვეყანაში.

დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

„ეს არის პოლიტიკა ევროპის დასაცავად არა ლტოლვილებისაგან, რადგან ისინი არიან მხოლოდ მსხვერპლი, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება, არამედ იმათგან, ვინც მიგრანტთა ეს უზარმაზარი ნაკადი გამოიწვია და ვისაც სურს ამის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება. თუ გვსურს აღვადგინოთ ევროპის უნარი აწარმოოს მიგრაციის საკუთარი პოლიტიკა, გადაადგილების ჩათვლით, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ საზღვრები ევროკავშირის გარშემო“, - განაცხადა ტუსკმა.

როცა ევროკავშირის გარშემო საზღვრებზე საუბრობენ, იგულისხმება, უწინარეს ყოვლისა, საბერძნეთისა და იტალიის საზღვრები. ამასთან, საბერძნეთში ჩადის მიგრანტების უდიდესი ნაწილი, იქ ხდება მათი რეგისტრაცია, თითის ანაბეჭდების აღება, იდენტიფიცირება ამ ინფორმაციის ევროკავშირის სხვა წევრებისთვის მისაწოდებლად. ასელბორნის განმარტებით, ცვლილება უნდა მოხდეს იმ მხრივ, რომ საბერძნეთსა და, დავუშვათ, გერმანიას შორის მდებარე ქვეყნებშიც შეიქმნას ინფრასტრუქტურა იმ მიგრანტების დასარეგისტრირებლად, რომლებსაც ეს ეტაპი არ გაუვლიათ საბერძნეთსა და იტალიაში.

ბალკანეთში მათთვის განკუთვნილ დაწესებულებებში რეგისტრაციის თუ თითის ანაბეჭდების აღების გარდა, მოხდება ლტოლვილების განცალკევება ეკონომიკური მიგრანტებისაგან. ევროკავშირის ლიდერები გასულ თვეში შეუთანხმდნენ ბალკანეთის ქვეყნებს, - მათ შორის, სერბიას და მაკედონიას, - რომ შეიფარებენ 50 ათას ადამიანს, რომელიც საბერძნეთიდან მიეშურება ევროკავშირის სხვა, ჩრდილოეთში მდებარე, ქვეყნებისაკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG