Accessibility links

logo-print

იოჰანეს ჰანი: ევროკავშირი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში დაეხმარება


იოჰანეს ჰანი და ირაკლი ღარიბაშვილი

იოჰანეს ჰანი და ირაკლი ღარიბაშვილი

თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. ეს მისი პირველი ვიზიტია ამ რანგში. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ვიზიტის მიზნებს, როგორც ევროკომისრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ,„ვიზიტის მთავარი მიზანია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა და რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის განხილვა, ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მომავლის მიმოხილვა“.

ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი 16 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკომისართან საუბარი შეეხებოდა პარლამენტის როლს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, საკონსტიტუციო რეფორმას და მოსმენების შესახებ კანონს. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, თავის მხრივ, ევროკომისარმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მცდელობით, გაატაროს რეფორმები ევროკავშირთან დასაახლოებლად:

„ვისაუბრეთ კონკრეტულ გეგმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ რატიფიკაციის პროცესი ევროპის დარჩენილ 15 ქვეყანაში სწრაფად დასრულდეს. მივიღეთ მისგან ძალიან მაღალი შეფასება საქართველოს მთავრობის, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ჩვენი მთავარი ამოცანაა სავიზო საკითხში სერიოზული პროგრესის მიღწევა. დაინტერესდა საარჩევნო თემატიკით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებით და ძალიან მალე დადგება ის დრო, როცა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის სიტყვა ვიზა აღარ იქნება აქტუალური“.

ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსობრივი დისკუსია და მსჯელობა საქართველოს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ვექტორის შესახებ, ევროპული ვექტორის შესახებ...

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, იოჰანეს ჰანი საქართელოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა. პრეზიდენტის სიტყვებით, შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა იყო საქართველოს ევროპული ვექტორი:

„ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსობრივი დისკუსია და მსჯელობა საქართველოს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ვექტორის შესახებ, ევროპული ვექტორის შესახებ და იმ ძირითადი მიმართულებებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც, ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნდა გადავდგათ უახლოეს მომავლაში“.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თბილისს 15 იანვარს საღამოს ესტუმრა და პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს 44 მილიონ 500 ათასი ევროს გრანტს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განსახორციელებლად. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.

ჩვენი ამოცანაა, რომ სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და ვაჩვენოთ კონკრეტული წარმატებული პროექტები და ვაჩვენოთ, რომ საქართველო, როგორც წარმატებული ქვეყანა, არის ერთგული საკუთარი ევროპული გზის...

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხებობა ასევე რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს და ევროკავშირის როლის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, ხელისუფლება სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამიტისთვის, რათა საქართველო წარმატების მაგალითი გახდეს. ასევე მნიშვნელოვანია რიგის სამიტისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური სამუშაოს წარმატებით გადაწყვეტა და პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ რიგის სამიტზე ევროკომისია მიიღებს დადებით რეკომენდაციას საქათველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაცია არის შრომატევადი და რთული პროცესი:

„ჩვენი ამოცანაა, რომ სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და ვაჩვენოთ კონკრეტული წარმატებული პროექტები და ვაჩვენოთ, რომ საქართველო, როგორც წარმატებული ქვეყანა, არის ერთგული საკუთარი ევროპული გზის და ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვართ წარმატებული სახელმწიფო და ევროკავშირის სანდო პარტნიორი“.

იოჰანეს ჰანის განცხადებით, რიგის სამიტის წინ მას სურს გაეცნოს საქართველოს ხელისუფლების აზრს ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებთან დაკავშირებით.ევროკავშირი აცხადებს რეფორმების მხარდაჭერის ახალ პროგრამას ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა შესასრულებლად და ახალი პერსპექტივების იდენტიფიცირებას. ევროკავშირის პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს, მომდევნო წლების განმავლობაში უპასუხებს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, განაცხადა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შემდეგ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეფასება დადებითი რომ იყო, ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ საბოლოოდ ჩვენ ველოდებით, ასოცირების შეთანხმების, მისი რატიფიცირების პროცესის დაჩქარების გარდა, კიდევ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღებას...

„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. საქართველო არის პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ჩემი ახალი სტატუსით - ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობით - ვსტუმრობ. მე ვარ აქ, რათა ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს ევროკავშირი საქართველოს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, როგორიცაა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. იმპლემენტაციის პირველმა ფაზამ წარმატებით ჩაიარა და დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპიც სრული წარმატებით დასრულდება. ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვა საკითხებიც. ჩვენ განვიხილეთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი და ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხზე არის ნათელი და მტკიცე. ჩვენ ვერ დავუშვებთ ვერანაირ ინტერვენციასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშიშროებას“.

იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ის სტუმრობს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის რანგში, რაც, მისი სიტყვებით, მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერად აფასებს ევროკავშირი გაწევრიანების გზაზე საქართველოს ძალისხმევას.

„ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვლის თქმით, საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნები და სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადავიდა. პირველი ფაზის ამოცანები იყო პოლიტიკური ჩარჩოს მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, მეორე ფაზა უკვე კანონმდებლობის პრაქტიკაში რეალური განხოციელება იქნება:

„შეფასება დადებითი რომ იყო, ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ საბოლოოდ ჩვენ ველოდებით, ასოცირების შეთანხმების, მისი რატიფიცირების პროცესის დაჩქარების გარდა, კიდევ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღებას, რომელიც უნდა გადაწყდეს რიგის სამიტზე. ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩაფიქრებული. აუცილებელი არ არის, რომ ეს საკითხი მაინცდამაინც რიგის სამიტზე გადაწყდეს. შეიძლება, უბრალოდ, გაცხადდეს, რომ არის ძალიან დიდი პროგრესი და ა.შ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ რიგის სამიტისთვის ეს პროცესი უკვე ისეთ ფაზაში შევა, როდესაც ჩვენ ზუსტად გვეცოდინება, თუ როდის მივიღებთ უვიზო რეჟიმს“.

ვიზიტის ფარგლებში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს პატრიარქს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ლექცია წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

XS
SM
MD
LG