Accessibility links

logo-print
პირველი ივლისიდან ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდა ოფიციალურად. სლოვენიის შემდეგ, ის იუგოსლავიის ყოფილი მეორე რესპუბლიკაა, რომელიც ბლოკს შეუერთდა.

ხორვატიის - მოსახლეობის მიხედვით დაახლოებით საქართველოს ზომის სახელმწიფოს - ევროკავშირში გაწევრიანებას ევროკომისია მიესალმა. მისმა წარმომადგენელმა პია არენკილდე ჰანსენმა ბრიუსელში ბრიფინგზე თქვა, რომ ხორვატიის ევროკავშირში შესვლა ადასტურებს ევროკავშირის წევრობის მიზანს, ხელი შეუწყოს მომავალი კანდიდატის სტაბილურობას:

„ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანება ევროკავშირის გარდაქმნისუნარიანობის ცინცხალი მაგალითია. სულ ორიოდე ათეული წლის წინ ხორვატია კონფლიქტებმა შეარყია. ახლა ის სტაბილური დემოკრატიაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ევროკავშირის წევრის მოვალეობები იკისროს და დაიცვას ორგანიზაციის სტანდარტები“.
ახლა ხორვატიის პოლიციისა და მთავრობის მიზანია შენგენის ზონაში შესვლა. ვფიქრობ, შენგენის ზონის წევრები, სულ მცირე, ორ წელიწადში გავხდებით...

ორი ათეული წლის წინ ხორვატია სისხლიან კონფლიქტში იყო ჩართული იუგოსლავიის - ახლანდელ მეზობელ - სახელმწიფოებთან. ამას მოჰყვა რეფორმირებისა და ევროკავშირის მიმართულებით სვლის ექვსწლიანი პერიოდი. ხორვატიის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა პირობა დადო, რომ დაეხმარება სხვა, მეზობელ ქვეყნებს დაუახლოვდნენ ევროკავშირს, და ამით ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას. ხორვატიის ევროკავშირში შესვლას თან ახლავს ამ ქვეყანაში რეცესია. იოვანოვიჩმა, როცა კვირა ღამით ზაგრებში შეკრებილ სტუმრებს მიმართავდა, თქვა, არ დავუშვებთ ეკონომიკური კრიზისის ღრუბლებმა დაფარონ მომავლის რწმენა და ოპტიმიზმიო. ევროკავშირის არაერთი ქვეყანა ებრძვის ვალებით გამოწვეულ კრიზისებს ხარჯების შემცირებითა და გადასახადების ზრდით. ხორვატიაში ამ ეტაპზე მოსახლეობის 20 პროცენტი უმუშევარია. ევროკავშირის წევრობა ამ ქვეყანას ავტომატურად არ გახდის შენგენისა და ევროზონის წევრ ქვეყნად. სერბიასთან საზღვარზე კვირა ღამით გამართული საზეიმო ცერემონიის დროს ხორვატიის პოლიციის უფროსმა ვლადო დომინიჩმა განაცხადა, ახლა ხორვატიის მიზანი შენგენის წევრობააო:

„გუშინდლამდე ხორვატი პოლიციელი იცავდა ამ ქვეყნის ოთხ-ნახევარ მილიონ მოქალაქეს, დღეიდან ის ევროკავშირის 500 მილიონ მოქალაქეს იცავს. ახლა ხორვატიის პოლიციისა და მთავრობის მიზანია შენგენის ზონაში შესვლა. ვფიქრობ, შენგენის ზონის წევრები, სულ მცირე, ორ წელიწადში გავხდებით“.

ხორვატიის შემდეგ ევროპის კავშირის წევრი გახდება ასევე იუგოსლავიის ყოფილი ნაწილი, ჩერნოგორია. 28 ივნისს ევროკავშირმა განაცხადა, რომ სერბიასთან იწყებს მოლაპარკებას გაწევრიანების შესახებ.
XS
SM
MD
LG