Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის შემდეგ, გრძელი გზა ბრიუსელამდე


1 ივლისს ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანება, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება ამ ორგანიზაციაში უკანასკნელ დამატებად. დასავლეთ ბალკანეთის დანარჩენი ქვეყნები ხორვატიის გზას გარკვეულ ეტაპზე გაივლიან, თუმცა ამას ალბათ კიდევ 10 წელი დასჭირდება. ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებს შიდაპოლიტიკური ბრძოლები, მეზობლებთან პრობლემები, ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია. რაც შეეხება ევროკავშირის მეზობლებს აღმოსავლეთით, მათი მომავალი კიდევ უფრო მერყევია.


მოწინავე ქვეყნები

მონტენეგრო
მონტენეგრო ამჟამად ყველაზე ახლოსაა ევროკავშირის წევრობასთან. ის კანდიდატი ქვეყანა 2010 წელს გახდა და შარშან საკუთარი კანონების გადახედვა დაიწყო, რათა ისინი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოეყვანა. დასრულება ამ პროცესისა, რომელიც ევროკავშირთან 35 ”თავის დახურვას” მოიცავს, დიდ დროს მოითხოვს. ხორვატიას ექვსი წელი დასჭირდა თავისი კანონმდებლობის წესრიგში მოსაყვანად და კიდევ ორი წელი, რათა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ხორვატიასთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოეხდინა. მონტენეგრომ უნდა მოაგვაროს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის პრობლემებიც. ამიტომ ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა შეიძლება 2020 წლის შემდეგაც არ მიიღოს ახალი წევრი.

მაკედონია
მაკედონია კანდიდატი ქვეყანა 2005 წელს გახდა და მას შემდეგ ბრიუსელი მუდმივად სთავაზობდა გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებში მაკედონიის მიმართ ერთსულოვნება არაა. საბერძნეთი მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ის სკოპიეს მაკედონიის სახელის გამო ედავება. თუმცა ბრიუსელში ვრცელდება ხმები, რომ 2014 წლის დასაწყისში, როდესაც საბერძნეთი ევროკავშირის პრეზიდენტი გახდება, მან შესაძლოა კომპრომისს მიაღწიოს ამ საკითხზე. თუ ეს ასე მოხდა და თუ სკოპიე რეფორმების გატარებას გააგრძელებს, ის შესაძლოა მონტენეგროსაც დაეწიოს.

სერბია
სერბიის ევროკავშირში გაწევრიანება კოსოვოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული. შარშან ბელგრადი ოფიციალური კანდიდატი გახდა, 27 ივნისს კი ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სერბია 2014 წლის იანვარში ელიტურ კლუბში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებებს დაიწყებს. მოლაპარაკებებში წინსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შესრულდება ურთიერთობათა ნორმალიზების ხელშეკრულება, რომელსაც ბელგრადმა და პრიშტინამ მოაწერეს ხელი. ევროკავშირში გასაწევრიანებლად სერბიას, საბოლოოდ, შეიძლება კოსოვოს აღიარება მოუხდეს, რადგან ევროკავშირი ცდილობს თავიდან აიცილოს ისეთი სიტუაცია, როგორიც შეიქმნა 2004 წელს გაყოფილი კვიპროსის ორგანიზაციაში მიღებისას.


ქვეყნები უკანა სავარძელში

კოსოვო
კოსოვო მალე დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს სტაბილიზაციისა და ასოციაციის ხელშეკრულების თაობაზე. ამ დოკუმენტს ხელს აწერს ყოფილი იუგოსლავიის წევრი ყველა რესპუბლიკა. ეს მოლაპარაკებები ერთიდან ხუთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა მაშინ,როდესაც ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ აღიარებს კოსოვოს, სტაბილიზაციისა და ასოციაციის ხელშეკრულება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დარჩება და ეს ქვეყანა გაწევრიანების მსურველთა რიგის ბოლოში აღმოჩნდება.

ბოსნია-ჰერცეგოვინა
ბოსნიასთან სტაბილიზაციისა და ასოციაციის შეთანხმება რატიფიცირებული და ხელმოწერილია, თუმცა ეს ხელშეკრულება არ შესულა ძალაში, რადგან ბოსნია-ჰერცეგოვინას არ შეუსრულებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის დადგენილება. ამ დადგენილების თანახმად, ბოსნია-ჰერცეგოვინამ უნდა ამოიღოს თავისი კანონმდებლობიდან ის მუხლი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ბოსნიელებს, ხორვატებსა და სერბებს შეუძლიათ უმაღლესი თანამდებობების დაკავება მთავრობაში. ამ საკითხზე წინსვლის გარეშე, ბოსნიას არ შეუძლია ევროკავშირის წევრობაზე სერიოზული განაცხადის გაკეთება. ეს ქვეყანა უახლოეს მომავალში მხოლოდ სავარაუდო კანდიდატად დარჩება.

ალბანეთი
ალბანეთს შეუძლია ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა გახდეს დეკემბერში, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, შეწყვეტს თუ არა ორი მთავარი პოლიტიკური პარტია ერთმანეთთან კინკლაობას. ევროკავშირის კომისიამ 2012 წლის შემოდგომაზე ალბანეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, თუმცა ეს სტატუსი ალბანეთს იმ შემთხვევაში მიენიჭებოდა, თუ ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებდა. მაგრამ პოლიტიკური განხეთქილებების გამო ტირანამ ამ საკითხების გადაწყვეტა დროზე ვერ მოასწრო.

თურქეთი
თურქეთმა ევროპის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანა და ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა 2005 წელს გახდა. თუმცა მას შემდეგ პროცესი ძალიან ნელა მიიწევს წინ. 35 საკანონმდებლო საკითხიდან მხოლოდ ერთია ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანილი. საკითხების ნახევარზე მეტი გაყინულია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ანკარა უარს აცხადებს კვიპროსის ტვირთების საკუთარ პორტებსა და აეროპორტებში მიღებაზე. ანკარა და ბრიუსელი შეთანხმდნენ, რომ შემოდგომაზე დაიწყონ მოლაპარაკებები საკანონმდებლო ”თავებიდან” ერთ-ერთზე, რომელიც რეგიონალურ პოლიტიკას შეეხება, თუმცა ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა ფრთხილობს და არ სურს მიიღოს დიდი და, უმეტესწილად, მუსულმანური ქვეყანა, რომლის დემოკრატიული მონაცემები არცთუ ისე დამაჯერებელია.


ინტერესდაკარგული

ისლანდია
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან აზარალა. ისლანდიამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო და გაწევრიანებას 2016-2017 წლებში აპირებდა. მაშინ მოლაპარაკებები დაიწყო ყველა საკანონმდებლო თავის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანაზე და მათ ერთ მესამედზე მოლაპარაკებები დასრულდა კიდეც, თუმცა შემდეგ, როდესაც ეკონომიკური კრიზისი ევროზონის ქვეყნებზე გავრცელდა, ხოლო ისლანდიის ვალუტამ კრიზისი გადალახა, რეიკიავიკმა უკან დაიხია. ივნისში ახლად არჩეულმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები მათი მანდატის ამოწურვამდე შეჩერებულია. მოლაპარაკებების შეჩერებას უჭერს მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილიც.


აღმოსავლელი მეზობლები დასავლეთისკენ იხედებიან

ევროკავშირის მეზობელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვსი ქვეყნიდან არც ერთი ქვეყანა არ არის გაწევრიანების კანდიდატი, თუმცა უკრაინა, რომელიც კანდიდატობასთან ყველაზე ახლოსაა, უკვე მზადააა ასოციაციის შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად. ეს ხელშეკრულება მოიცავს თავისუფალ ვაჭრობასაც. ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს წლის ბოლოს, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებმა მისი რატიფიცირება უნდა მოახდინონ, თუმცა ხელშეკრულების ხელმოწერა დამოკიდებულია უკრაინის მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩავარდნების გამოსწორებაზე. სომხეთი, საქართველო და მოლდავეთი იმედოვნებენ, რომ ასოციაციის შეთანხმების ტექსტზე შემოდგომისთვის მიაღწევენ კონსენსუსს. აზერბაიჯანს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არ გამოუთქვამს, ხოლო ბელარუსიის ევროკავშირში გაწევრიანების შანსები იმედისმომცემი ნამდვილად არაა, სანამ ქვეყანას ავტორიტარი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს.
XS
SM
MD
LG