Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე გასავლელი გზა


„აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ“ - ამ სახელწოდებით გაიმართა კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“. კონფერენცია ზურაბ ჟვანიას დაბადების 50-ე წლისთავს მიეძღვნა. მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ვილნიუსში პარაფირებული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზე იმსჯელეს და იმ ამოცანებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების ფარგლებში იქნება მოსალოდნელი პარაფირებიდან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. მათ შორისაა შიდა ეროვნული კანონმდებლობის ევროპულთან და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფა, ამასთან, ვიზების ლიბერალიზაციისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის მომზადება.
როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ყველა საშინაო დავალება ზედმიწევნით შეასრულოს, რაც ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციასთან მიიყვანს ქვეყანას:

„ეს აუცილებლად დასრულდება სექტემბერში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, მაგრამ, ამავე დროს, მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი ქვეყნის მოდერნიზაციის, რეფორმების განხორციელების, ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის შესრულებისა და ამ პროცესების შეუქცევადობა და ევროკავშირის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იქნება საუკეთესო გარანტია და საუკეთესო დაცვითი საშაუალება, რომელიც იქნება ჩვენ გზაზე. საქართველოს ვერავინ და ვერაფერი ვერ გადაახვევინებს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესიდან“.

უნდა ვიყოთ მობილიზებული, ვინაიდან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოსალოდნელია ხელის შეშლა ამ პროცესში და ეს შეიძლება სხვადასხვა გზით და საშუალებით განხორციელდეს...
დავით უსუფაშვილი
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე დარჩენილ დროში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისი სიტყვებით, ამ გზაზე საქართველოს მხარდამჭერებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს და, შესაბამისად, სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორების მობილიზება მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება:

„უნდა ვიყოთ მობილიზებული, ვინაიდან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოსალოდნელია ხელის შეშლა ამ პროცესში და ეს შეიძლება სხვადასხვა გზით და საშუალებით განხორციელდეს. ამიტომ დღევანდელი კონფერენციით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს და ტყუილად ნურავინ შეეცდება ხელის შეშლას“.

რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის, აზერბაიჯანსა და რუსეთზე, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როცა ელექტროენერგიის 75% იმპორტირებულია, მოსალოდნელი არ არის რუსეთის მხრიდან ამ ბერკეტის ამოქმედებაო:

„არ მგონია, ეს ბერკეტი იყოს გამოყენებული, რადგან 2008 წლის ომის დროს და ომის შემდეგაც ეს ბერკეტი არ იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან მჭიდრო, მეგობრული და კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს რუსეთთან“.

თუმცა კახა კალაძემ იქვე განმარტა, რომ თუ რუსეთი ამ ბერკეტს მიმართავს, საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ან აზერბაიჯანისგან შეისყიდის ელექტროენერგიას.

რუსეთის პოლიტიკაც შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა შედეგი ექნება უკრაინაში ამ მოვლენებს და არ არის გასაკვირი, რომ ჯერჯერობით გაურკვევლობა არის საქართველოში, მათ შორის, ალბათ, მთავრობაშიც და პოლიტიკურ ელიტაშიც ამ საკითხთან დაკავშრებით...
კახა გოგოლაშვილი
რუსეთის მხრიდან ხელშემშლელ ფაქტორებზე მეტად ქვეყნის ევროინტეგრაციას შიდაპოლიტიკური ფაქტორები უშლის ხელსო, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა:
„როგორც იქნა, აღიარა ხელისუფლებამ, რომ უფრო ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე უკრაინა... შიდაპოლიტიკური და უკრაინის პროცესი თუ რამეს გვაჩვენებს, არის ის, რომ შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანია შეუთავსებელია ევროპულ ინტეგრაციასთან“.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმ თავიანთ გამოსვლებში კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის შეუქცევადობაზე, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მაინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ჯერჯერობით მკაცრი პრევენციული მექანიზმები საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ დამუშავების პროცესში აქვს. არადა, საქართველო ახლა შევიდა იმ ფაზაში, რომელშიც უკრაინა იმყოფებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამბობს კახა გოგოლაშვილი და ამ კონტექსტში საფრთხეებზე საუბრისას განსაკუთრებულად რუსეთის ფაქტორს გამოყოფს, რომელიც, მისი სიტყვებით, ყველანაირად შეეცდება საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთისგან დისტანცირებას. კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება უკრაინის გამოცდილება, თუმცა რუსეთისგან სიახლეებიც არის მოსალოდნელი:

„რუსეთის პოლიტიკაც შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა შედეგი ექნება უკრაინაში ამ მოვლენებს და არ არის გასაკვირი, რომ ჯერჯერობით გაურკვევლობა არის საქართველოში, მათ შორის, ალბათ, მთავრობაშიც და პოლიტიკურ ელიტაშიც ამ საკითხთან დაკავშრებით“.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე კი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემაფერხებელი მექანიზმები რუსეთის მიერ კარგა ხნის შექმნილია. ამაში კარგი ის არის, რომ სტრატეგია და ტაქტიკა საქართველოსთვის ნაცნობია, ვინაიდან ყველა ინსტრუმენტი გამოყენებულია და მოქმედებაში აქვს საქართველოს ხელისუფლებას ნანახი.

„საერთოდ, ქართველებს გვაქვს ორი სუსტი წერტილი - ემოციურობა და მოუთმენლობა. ამიტომ ძირითადად დარტყმა იქნება ამაზე - იქნება ევროპული და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციის მცდელობა, იქნება სერიოზული საინფორმაციო შეტევა, ოკუპირებული ტერიტორიები იქნება გამოყენებული, მაგრამ ძირითადი აქცენტი იქნება იმაზე, რომ მოუთმენლობისა და ემოციურობის გამო რაღაცაზე წამოგვაგონ“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG