Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რიგაში.
ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რიგაში.

6-7 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა. განხილვის მთავარი თემები იყო უკრაინის კონფლიქტი, ურთიერთობა რუსეთთან და ახლო აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებთან. ასეთი შეხვედრები, რომლებსაც, ტრადიციულად, ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერი ხელმძღვანელობს და რომლებიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში ტარდება, არ მოიცავს დამავალდებულებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ის მინისტრებს, უბრალოდ, საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი საკითხები არაოფიციალურ ატმოსფეროში განიხილონ. მაგრამ მაშინ, როცა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი სულ მალე, 21-22 მაისს, გაიმართება, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა წინადადებებით გამოვიდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების მინისტრები და რას შეიძლება ველოდეთ დაგეგმილ სამიტზე.

რიგაში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არ ჩქარობდნენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ყველას მინსკში მიღწეული საზავო შეთანხმების წარმატების იმედი აქვს. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ თქვა: „ჩემი აზრით, არ უნდა გადავდგათ ახალი ნაბიჯები, მშვიდობას შანსი უნდა მივცეთ. სანქციების გაზრდა შეიძლება მოხდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება“. გარსია-მარგალოს, რომელიც, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მალე მოსკოვში მიემგზავრება, რათა უკრაინის კრიზისი განიხილოს და, ასევე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდეს, დაეთანხმა მისი იტალიელი კოლეგა, პაოლო ჯენტილონი. ის ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დადებითი განვითარების ნიშნებს ხედავს და ამ მომენტისთვის არ ემხრობა ახალი სანქციების დაწესებას.

იმისდა მიუხედავად, რომ ევრომინისტრების შეხვედრა არაოფიციალური იყო, დროდადრო დაძაბულობაც იქმნებოდა. ზოგი ქვეყნის წარმომადგენელი რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვდა. ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რუსეთის მიზანი სწორედ ევროპის დაყოფაა და ამიტომ აუცილებელია ერთიანობა შევინარჩუნოთო. ამაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა უპასუხა, „ყველა ერთიანობას უჭერს მხარს, მაგრამ არ მომწონს, რომ ეს ერთიანობა არაფერს აკეთებსო“. ამით მან მიანიშნა კვიპროსსა და საბერძნეთზე, რომლებიც რუსეთის მიმართ მორიგი სანქციების წინააღმდეგნი არიან.

ევროკავშირის პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ევროპის კავშირი უაღრესად რეალისტურად აფასებს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ მაინც ვერავინ მოახერხებს გვაიძულოს, ან ჩაგვითრიოს, ან თავს მოგვახვიოს დაპირისპირების გზა. ჩვენ ჯერ კიდევ გვწამს, რომ ჩვენს კონტინენტზე - არამხოლოდ ჩვენს კონტინენტზე, მაგრამ ჩვენს კონტინენტზეც - თანამშრომლობა გაცილებით სჯობია დაპირისპირებას და ამ პოზიციას კვლავაც დავიცავთ“.

საბოლოო ჯამში, ევრომინისტრები თანხმდებიან მინსკის საზავო შეთანხმების მნიშვნელობაზე. ავსტრიისა და გერმანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჯერჯერობით აუცილებელია ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთოს, რათა მინსკში მიღწეულმა შეთანხმებამ იმუშაოს, შემდეგ კი დრო გვიჩვენებს, უნდა შევამციროთ თუ გავზარდოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიო, დასძინა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ კოლეგები გააფრთხილა: იმ შემთხვევაში, თუ ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღება თავიდან ბოლომდე არ იქნა გატანილი და არ შეწყდა ცეცხლი, აღმოსავლეთ უკრაინაში ვიხილავთ მოლდავეთში არსებულ დნესტრისპირეთის მოდელს - გაყინულ კონფლიქტს, რომელსაც პოლიტიკურ გამოსავალს ვერ მოუძებნიანო.

მინსკის საზავო შეთანხმებასთან ერთად, ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს ბელორუსიის როლი და ევროპის სტრატეგია ამ ქვეყნის მიმართ. 2012 წელს იმდროინდელმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გიდო ვესტერველემ ბელორუსიას „ევროპის ბოლო დიქტატურა“ უწოდა. უკვე წლებია ევროკავშირი ამ ქვეყანას სხვადასხვა სანქციებს უწესებს ადამიანის უფლებების დარღვევის, არჩევნების გაყალბებისა და ოპოზიციონერების დაპატიმრების გამო, თუმცა 7 მარტს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა, ევროკავშირი ხედავს ბელორუსიის მთავრობასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და გაღრმავების პერსპექტივასო.

ბელორუსიაც შედის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მოლდავეთთან, უკრაინასა და საქართველოსთან ერთად, თუმცა აქამდე ის ამ ჯგუფის მხოლოდ ნომინალური წევრი იყო. სავარაუდოდ, 21 მაისს რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირი ბელორუსიის მიწვევასაც აპირებს. ეს იქნება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც 1994 წლიდან მართავს ბელორუსიას, პირველი დაპატიჟება ევროკავშირის მხრიდან.

ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს მოახლოებული აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი. რუმინეთის მინისტრმა ბოგდან აურესკუმ კოლეგებს მოუწოდა, ევროკავშირმა არ იყოყმანოს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე და გაითვალისწინოს ინდივიდუალური მიდგომები თითოეულ პარტნიორთან. ამასთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ აურესკუ მხარს უჭერს ევროკავშირის აქტიურ როლს აღმოსავლეთ სამეზობლოში გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში.

აი, რა თქვა აღმოსავლეთის პარტნიორობასა და რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ფედერიკა მოგერინიმ:

„ცხადია, რეალისტურად უნდა შევაფასოთ რუსეთის პოზიციაში მომხდარი ცვლილებები, დაწყებული ყირიმის შარშანდელი უკანონო ანექსიით. მომავალ კვირაში ერთი წელი სრულდება ამ მეტად უარყოფითი მოვლენების დაწყებიდან. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენი ვალია შევასრულოთ ჩვენი ამოცანა, რაც, სხვათა შორის, პოლიტიკური არხების გამუდმებულ ძიებასაც გულისხმობს. ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების ინტერესებშია, იქნება ეს უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო თუ სხვა პარტნიორები”.

ამ კვირაში თბილისში შეხვედრას აპირებენ საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა მოემზადონ რიგაში დანიშნული სამიტისთვის, ჩამოაყალიბონ თავიანთი მოლოდინები და ერთობლივი პოზიცია ევროინტეგრაციის თაობაზე.

XS
SM
MD
LG