Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სიახლეები


კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი იოანის კასულიდესი

კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი იოანის კასულიდესი

დღევანდელი „ახალი ევროპის“ თემა, როგორც სათაურიდანაც ჩანს, ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს სიახლეებია. საუბარი კვლავ კვიპროსზე გვექნება, ოღონდ ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ არა ამ ქვეყნის მწვავე ეკონომიკურ კრიზისზე, არამედ იმ გეგმაზე, რომელიც, როგორც იუწყებიან, თურქეთმა შეიმუშავა, კვიპროსის კონფლიქტის გადაჭრის მიზნით.

თურქეთმა კვიპროსის კონფლიქტის გადაჭრის გეგმა წარმოადგინა, რომელიც, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი იუწყება, კვიპროსმა და საბერძნეთმა მყისიერად უარყვეს და თურქეთი გააკრიტიკეს: კვიპროსის საბანკო კრიზისით სარგებლობს, კონფლიქტის სათავისოდ გადაჭრის მიზნითო.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრის ავრამოპულოსმა თურქეთის ინიციატივა 28 მარტს გააკრიტიკა თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ერთი დღის შემდეგ კი იგივე გააკეთა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოანის კასულიდესმა: გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, „თავისი დამოკიდებულებით თურქეთის მთავრობა აშკარად აჩვენებს, რომ ცდილობს ამ რთული ვითარებით ისარგებლოს, რათა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი ნახოსო“.

ამ კრიტიკას წინ უძღოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს იდეები, რომლებიც მან, სულ მცირე, 8 წერილში ჩამოაყალიბა.

EU Observer-ის თანახმად, დავუთოღლუმ წერილები გაუგზავნა ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, რუსეთს, ბრიტანეთს, აშშ-სა და გაეროს გენერალურ მდივანს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წერილით კვიპროსისთვის არ მიუმართავს, რადგან თურქეთი კვიპროსს არ აღიარებს - ისევე, როგორც კვიპროსი და, თურქეთის გარდა, დანარჩენი მსოფლიო არ აღიარებენ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, რომელიც თურქეთმა 1974 წელს კუნძულზე შეჭრის შემდეგ შექმნა. კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი მას შემდეგ, რაც 1974 წელს თურქეთის არმიამ მისი ტერიტორიის მესამედი დაიპყრო. 2004 წელს ბერძნულენოვანი სამხრეთი კვიპროსი ევროკავშირში გაწევრიანდა.

თურქეთს დავუთოღლუს გეგმა ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოუქვეყნებია, თუმცა მის შესახებ წარმოდგენას ქმნის 23 მარტს გავრცელებული პრეს-რელიზი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება „დაუყოვნებლივ“ უნდა დაიწყოს. ამასთან, ტექსტის თანახმად, „თურქი კვიპროსელები არასოდეს გახდებიან უმცირესობა ბერძენი კვიპროსელების სახელმწიფოში“. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის გარეშე, კვიპროსს ვერ ექნება იმ გაზის საბადოებით მიღებული მოგების იმედი, რომლებიც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მიერ თავისად მიჩნეულ საზღვაო ზონებშია განთავსებული.

დავუთოღლუს გეგმის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება საბერძნეთისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებში.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლაპარაკობს დავუთოღლუს წინადადებაზე ჩატარდეს „ოთხმხრივი კონფერენცია“, კვიპროსის, საბერძნეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისა და თურქეთის მონაწილეობით.

კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში კი ნათქვამია, რომ დავუთოღლუს განსაკუთრებული უფლებების მინიჭება სურს ხალხისთვის, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ბოლო 40 წლის განმავლობაში გადავიდა საცხოვრებლად თურქეთიდან.

ამასთან, წერილში ვკითხულობთ, რომ დავუთოღლუმ საკითხის გადაჭრის ორი ვარიანტი წარმოადგინა - ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ან ორი ცალკეული სახელმწიფოს ერთობლივი აღიარება.

კუნძული პოლიტიკური გამოსავლის პოვნის პერსპექტივასთან ყველაზე ახლოს 2004 წელს იყო. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ მაშინ თანხმობა განაცხადა გაეროს გეგმაზე, შექმნილიყო შვეიცარიის ტიპის ფედერაცია, რომელსაც გაერთიანებული კვიპროსის რესპუბლიკა დაერქმეოდა და ახალი დროშა და ჰიმნი ექნებოდა.

მაგრამ ეს ინიციატივა კვიპროსში ჩატარებულ რეფერენდუმზე ჩავარდა.

თურქეთის მიერ წამოყენებულ ახალ ინიციატივებს წინ უძღოდა თურქეთის მიერ სხვადასხვა დიპლომატიურ ფრონტზე მოპოვებული გამარჯვებების სერია.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მალე ბრიუსელში გეგმავს ჩასვლას, რათა,სამწლიანი პაუზის შემდეგ, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების განახლება აღნიშნოს. ახლახან ერდოანმა ქურთ მეამბოხეებთან ზავის თაობაზე მიაღწია შეთანხმებას და ისრაელისგან ოფიციალური ბოდიში მიიღო იმის გამო, რომ 2010 წელს თურქეთის ცხრა მოქალაქე დაიღუპა ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად.

ახლა თურქეთს კვიპროსთან მიმართებითაც სურს წინსვლა.

კვიპროსის საბანკო კრიზისი არ ასახულა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაზე. ამ არაღიარებული რესპუბლიკის ძალიან ცოტა მცხოვრები მუშაობს კვიპროსში. იგივე სურათია ბანკებთან მიმართებითაც - კვიპროსს არც მათი მუშაობის არეალი მოიცავს.

ამავე დროს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრობლემა კვიპროსისთვის ხელმიუწვდომელს ხდის გაზის საბადოებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს. ამ საბადოების გარშემო ბევრი და განსხვავებული შეფასება არსებობს - როგორც ვარაუდობენ, მათ მომავალი 20 წლის განმავლობაში ეკონომიკისთვის 5-დან 20 მილიარდამდე ევროს მოტანა შეუძლიათ.

თუმცა, ამგვარი მომგებიანი ფაქტორების მიუხედავად, ანკარამ, როგორც ჩანს, მაინც ვერ გათვალა ათენსა და ნიქოზიაში გამეფებული განწყობა.

EU Observer-ის თანახმად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის წერილში წერს, თურქეთი ძველმოდური კოლონიური სახელმწიფოს მსგავსად იქცევაო. „ბერძენ და თურქ კვიპროსელებს დამცველები აღარ სჭირდებათ. მათ თავად შეუძლიათ თავიანთი საკითხების გადაჭრაო“, - წერს ავრამოპულოსი.

კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებისთვის საწყისი პირობა „თურქეთის ოკუპაციისგან განთავისუფლება“ უნდა იყოს.

EU Observer-ს მოაქვს კვიპროსელი დიპლომატის სიტყვები - „ახლა არ არის თურქეთის ამ იდეების ხორცშესხმის დროო“.

დიპლომატს, რომლის სახელსაც გამოცემა არ ასახელებს, უთქვამს, ახლა ჩვენთვის მთავარია უზარმაზარი ფინანსური პრობლემებიდან ვიპოვოთ გამოსავალიო. დიპლომატის თქმით, ძალიან ძნელია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის თაობაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა კვიპროსი ასეთ რთულ სიტუაციაში იმყოფება.

კვიპროსმა გასულ კვირაში მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან დახმარების სახით 10 მილიარდი ევროს მიღების თაობაზე. ამ შეთანხმებამ კვიპროსი საბანკო სისტემის კოლაფსისგან იხსნა, თუმცა, მეორე მხრივ, ახლა, სავარაუდოდ, კვიპროსს რამდენიმე წლის მანძილზე მოუწევს საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკისა და სხვა ზომების გატარება.
XS
SM
MD
LG