Accessibility links

logo-print

უკვე მხოლოდ საათებია საზეიმო ცერემონიამდე, როდესაც საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ ბრიუსელში ხელი უნდა მოაწერონ ევროკაშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერას საქართველოში აღიქვამენ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ ”შეუქცევად” გზად, რომელიც აშკარად უსიამოვნო ამბავია რუსეთისთვის. მოსკოვის მუქარანარევ მესიჯებს მშვიდად ხვდება თბილისი და იმედოვნებს, რომ ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა.

პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განმსაზღვრელ ისტორიულ დოკუმენტს 27 ივნისს ბრიუსელში თბილისის დროით 11 საათზე მოეწერება ხელი. ბრიუსელში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამ პროცესს შეუქცევადი გზის დასაწყისად აღიქვამს და საქართველოს საბოლოო მიზანზე ლაპარაკობს:

”ჩვენ ამ ნაბიჯს, ევროკავშირთან ერთად, განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს წევრობისკენ - ეს არ არის ჩვენი ურთიერთობის დასასრული, არამედ არის მხოლოდ დასაწყისი. აქედან გამომდინარე, დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ შემდეგ ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას და მის დროებით გამოყენებას, რაც ძალიან მალე დაიწყება”.

თუკი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს უარყოფითად აისახება თავისუფალი სავაჭრო ზონის ფუნქციონირებაზე, იმ პირობების გათვალისწინებით, რითაც ჩვენ გავწევრიანდით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ჩვენ, ცხადია, მივმართავთ თავდაცვით ზომებს...

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგებს საქართველო, ეტაპობრივად, რამდენიმე წელიწადში მოიმკის, როცა აუცილებელ რეფორმებს გაატარებს, გავა ევროკავშირის უზარმაზარ სამომხმარებლო ბაზარზე, წაახალისებს საშუალო და მცირე საწარმოების ჩამოყალიბებას და შექმნის სამუშაო ადგილებს. დაახლოებით ასეთია კეთილდღეობის ფორმულა, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ ევროკავშირის ლიდერები. პარალელურად, ისინი ცდილობენ განუმარტონ რუსეთს, რომ უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს წინსვლა მისთვისაც მხოლოდ კარგის მომტანი იქნება. რუსეთს კი ამის აშკარად არ სჯერა და ამის კიდევ ერთი დასტურია საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარი, რომელსაც რუსულენოვანი მედია ავრცელებს:

”როგორც კი ძალაში შევა შეთანხმებები, რომელთა ხელმოწერასაც აპირებენ ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორები დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში, და თუკი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს უარყოფითად აისახება თავისუფალი სავაჭრო ზონის ფუნქციონირებაზე, იმ პირობების გათვალისწინებით, რითაც ჩვენ გავწევრიანდით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ჩვენ, ცხადია, მივმართავთ თავდაცვით ზომებს ვმო-ს წესებთან სრული შესაბამისობით”.

ბევრი ფიქრობს, რომ როცა ლავროვი დსთ-ს სივრცეზე ლაპარაკობს, ის ვერ იგულისხმებს საქართველოს, რომელმაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ მალევე დატოვა დსთ. თუმცა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხუთშაბათის კომენტარში იმასაც აღნიშნავს, რომ სიტუაციის აწონ-დაწონა და კონსულტაციები საქართველოსთანაც არის საჭირო, რადგანაც, მართალია, საქართველო არ არის დსთ-ს წევრი, მაგრამ ის კვლავაც მონაწილეა მთელი რიგი სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებებისა.

ეს შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხი გახდეს ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთლიანი სავაჭრო ბალანსის დიდი კომპონენტი ამ ეტაპზე არ არის ქართულ-რუსული ვაჭრობა, მაგრამ მაინც... ამასთან, ბევრი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში...

ასეთი კონსულტაციები საქართველოსთანაც რომ იგეგმება, ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის წინაც აღნიშნავდა, როცა განცხადება გაავრცელა აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის შესახებ.

პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე კი ჩვენთან საუბრისას იმ მუქარანარევ გაფრთხილებას იხსენებს, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განმარტებებში იკვეთებოდა. 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ საჭიროა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფაქტორის გათვალისწინებით მოხდეს როგორც საქართველო–რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების შემუშავება. ლევან ცუცქირიძე არ გამორიცხავს, რომ პირდაპირი აგრესიის ნაცვლად რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სხვა ბერკეტებს მიმართოს:

”ეს შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხი გახდეს ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთლიანი სავაჭრო ბალანსის დიდი კომპონენტი ამ ეტაპზე არ არის ქართულ-რუსული ვაჭრობა, მაგრამ მაინც... ამასთან, ბევრი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში... და რაღაც ბერკეტები კიდევ აქვს რუსეთს, რაც შეიძლება გამოიყენოს ჩვენთვის მტკივნეულად”.

ჯერჯერობით პირადად მე არა მაქვს იმის მოლოდინი, რომ მთლიანად ჩაიკეტება სავაჭრო ურთიერთობები. შეიძლება რაღაცა შეიცვალოს...

იმას, რომ რუსეთმა შესაძლოა მართლაც დააყენოს გამოწვევების წინაშე საქართველო, არც საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს და ეს, მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც აღნიშნა. თუმცა ის მაინც ფიქრობს, რომ რუსეთი, ასე ვთქვათ, ნაჯახით არ იმოქმედებს და ემბარგოს არ დააწესებს.

თუ რას აპირებს რუსეთი, ამას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე შეიტყობს, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდება. თუმცა მანამდე რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრაც გაიმართება:

”მე შევხვდები ჩემს კოლეგას ივლისის პირველ ნახევარში, სადღაც 10 ივლისამდე. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, გაიმართება ექსპერტთა შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე და იქ ჩვენ გავიგებთ, თუ რას ფიქრობს რუსეთი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მომავალზე. ჯერჯერობით პირადად მე არა მაქვს იმის მოლოდინი, რომ მთლიანად ჩაიკეტება სავაჭრო ურთიერთობები. შეიძლება რაღაცა შეიცვალოს”.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი კატეგორიულ შეფასებებს ერიდება. სამაგიეროდ, აღნიშნავს, რომ ბევრისთვის ისიც დაუჯერებელი იყო საქართველოში, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელმოწერის წინ რუსეთისგან სერიოზული წინააღმდეგობა არ შეგვხვდებოდა, მაგრამ ეს სწორედ ასე მოხდა.

XS
SM
MD
LG