Accessibility links

logo-print

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი, რომელიც თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მიზნით ჩამოვიდა, ვარაუდობს, რომ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ზაფხულის დასაწყისში ვერ მოესწრება და რომ ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს გაწბილება ემუქრებათ. განსხვავებული იყო ჯოზეფ დოლის პოზიცია თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ის ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ნებართვის მინიჭება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. დიდი ვნებათაღელვის თანხლებით, საკითხი საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში განიხილეს, რადგანაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორია. თუმცა ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ ბრიუსელიდან სულ სხვა სიგნალები მოდის და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა უკვე ზაფხულიდან უნდა შეძლონ.

30 მარტს, საღამოს, როცა თბილისს ესტუმრა, ჯოზეფ დოლი უკვე კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულმა მისმა ინტერვიუმ, რომელშიც ის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გადავადებაზე ლაპარაკობდა. ამ ინტერვიუში ჯოზეფ დოლმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უხეშად არღვევს დემოკრატიული განვითარების პრინციპებს და რომ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფი, ევროპის სახალხო პარტია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარს მხოლოდ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.

ჯოზეფ დოლის ამ შინაარსის განცხადებებმა ძალიან გააღიზიანა საზოგადოების ერთი ნაწილი და, კერძოდ, გაღიზიანება ძირითადად მიმართული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. ითქვა, რომ ეს ოპოზიციური პარტია კარგად ვერ იაზრებს, რაოდენ მნიშვნელოვანია სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოსთვის და რომ ის ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებს... სხვა საკითხია, რომ თავად “ნაციონალური მოძრაობა” ასეთ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთადერთი ძალაა, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს აფერხებს.

თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. პირველი მე დავუჭერდი სავიზო ლიბერალიზაციას მხარს, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ არ მინდა ხალხის გაწბილება... კარგად ვიცი, რომ ხალხი, რომელიც რაღაცას ელის და ვერ მიიღებს, შეიძლება მერე გაწბილებული დარჩეს...

ასეა თუ ისე, სამშაბათს თბილისში ჩამოსულ ჯოზეფ დოლს სავიზო ლიბერალიზაციის თემა არჩევნების საკითხისთვის აღარ დაუკავშირებია, თუმცა მისი ერთგვარად სახეცვლილი პოზიცია მაინც გადავადების პერსპექტივაზეა ორიენტირებული:

„ევროკომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ ისევ არის დარჩენილი გარკვეული პროცედურები: გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯერ ევროკავშირის საბჭომ და შემდეგ – ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. პირველი მე დავუჭერდი სავიზო ლიბერალიზაციას მხარს, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ არ მინდა ხალხის გაწბილება... კარგად ვიცი, რომ ხალხი, რომელიც რაღაცას ელის და ვერ მიიღებს, შეიძლება მერე გაწბილებული დარჩეს. ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული პროცედურებია გასავლელი“.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფ დოლის ფორმულირებებით დიდად არ აღფრთოვანებულა საქართველოს ხელისუფლება და მისი წიაღიდან ერთი-ორი არადიპლომატიური შეფასებებიც გაისმა, რომ, მაგალითად, დოლს არავინ ეკითხება, რადგან ის თავადაც არ არის ევროპარლამენტის წევრი და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე 30 მარტს, როცა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი თბილისში იმყოფებოდა, კოალიცია „ქართული ოცნება“ მას აღარ დაჰპირისპირებია და, მაგალითად, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ ევროპის სახალხო პარტია კეთილმოსურნედაც მოიხსენია:

„ევროპარლამენტი არის განწყობილი საქართველოს დასახმარებლად, მათ შორის – სახალხო პარტია... სახალხო პარტიასთან თანამშრომლობა გვმართებს. მართალია, არის გარკვეული პრობლემები ჩვენთან ურთიერთობაში, მაგრამ, რეალურად, ეს არის პარტია – ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მეგობრობა პირველ პლანზე აქვს წამოწეული“.

საიდან მოვიდა ზაფხულთან დაკავშირებული იმედები და რატომ გაუჩნდათ რწმენა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უკვე ზაფხულიდან იქნებოდა შესაძლებელი?

ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხის დასტურად ანალიტიკოსები იხსენებენ ბრიუსელიდან სხვადასხვა დროს წამოსულ სიგნალებს და, მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ სიგნალზე (და კერძოდ, ბრიუსელში 9 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე) ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან თამარ მედულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. საუბარია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სტუმრობის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელშიც, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის გარდა, ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსიც მონაწილეობდა:

„კონკრეტულად, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ბატონმა ავრამოპულოსმა გასცა პასუხი, რომ საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას უნდა ელოდოს სულ რამდენიმე თვეში – ეს შეიძლება იყოს ზაფხულამდე ან სადღაც ზაფხულის პერიოდში. ეს არის პრესკონფერენციაზე ნათქვამი მისი სიტყვები... აქვე აღინიშნა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით და არანაირ გართულებებს აღარ ელოდებიან“.

დიმიტრის ავრამოპულოსი

დიმიტრის ავრამოპულოსი

ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა მსგავსი შინაარსის განცხადება მარტის დასაწყისშიც გააკეთა, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მიმართა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას უკავშირდება. ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ევროკავშირმა დაპირება ივლისისთვის უნდა შეასრულოს.

ისე მოხდა, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის ვიზიტს საქართველოში დროში დაემთხვა ევროპარლამენტარების ვიზიტი და ესენი გახლავთ ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ სვობოდა, და ამავე კომიტეტის წევრი, ჰაიდი ჰაუტალა.

"ეს არის პროექტი, რომელიც ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საერთო საკითხი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ევროპარლამენტშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიმართ პასუხისმგებლობას გამოიჩენს", – ამ შინაარსის განცხადება ჰაიდი ჰაუტალამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, ხოლო ოდნავ უფრო ადრე მან გარკვევით თქვა, რომ უვიზო მიმოსვლა არანაირად არ უკავშირდება საარჩევნო პროცესს:

„მჯერა, რომ ევროკომისიის შეფასება სამართლიანი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ზედმეტად არ მიებმება მოახლოებულ არჩევნებს, რადგანაც ეს (სავიზო ლიბერალიზაცია) წარმოადგენს საქართველოს დიდი ევროპული პროექტის ნაწილს და ის არ უნდა დაზარალდეს არჩევნების საკითხის გამო“.

ევროპარლამენტარები საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის მიზნით ჩამოვიდნენ. ეს ის სფეროა, რომელში წინსვლაც, სავიზო ლიბერალიზაციისგან განსხვავებით, დიდწილად სწორედ დემოკრატიის განვითარების ხარისხზეა დამოკიდებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG