Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი: „ერთად ყოფნა-არყოფნა - საკითხავი, აი, ეს არის“


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენისათვის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის მიერ სამშაბათს წარმოდგენილ წინადადებებს უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები, რაც ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც უხდება პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს, რომელიც საკუთარი მოსახლეობისა და ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტუსკის მიერ შემუშავებულ წინადადებებში ასახულია ოთხივე სფერო, რომელთა რეფორმირებასაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოითხოვდა, ევროკავშირში მომზადებული პაკეტი ნაკლებად ჩანს სრულყოფილი იმ დავის ფონზე, რომელიც ევროსკეპტიკოს კანონმდებლებსა და დევიდ კამერონის ზოგიერთ ახლო მოკავშირეს შორის წარმოებს.

ამასობაში ორი მხარე, ბრიუსელი და ლონდონი, ჩაბმული არიან ინტენსიურ მოლაპარაკებებში იმისათვის, რომ დევიდ კამერონმა მოიპოვოს ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების მხარდაჭერა, რაც აუცილებელია ბრიტანეთისათვის, სადაც ევროკავშირში ქვეყნის დარჩენაზე რეფერენდუმი არაუგვიანეს ივნისში უნდა გაიმართოს.

პროგრესი მიღწეულია პოლიტიკურსა და ტექნიკურ დონეზე, განსაკუთებით ევროპის კომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს შორის...
მარგარიტის შინასი

ევროკომისიის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის შინასმა ბრიუსელში ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით უმაღლესი დონის მოლაპარაკებების თაობაზე პირველ თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრებზე ბრიუსელმა და ლონდონმა პროგრესს მიაღწიეს:

„პროგრესი მიღწეულია პოლიტიკურსა და ტექნიკურ დონეზე, განსაკუთებით ევროპის კომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს შორის აქ, ბერლემონის შენობაში, 29 იანვარს გამართული შეხვედრისა და გუშინ, პარასკევს, 31 იანვარს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის შეხვედრის დროს, თუმცა შეთანხმებამდე ჩვენ ჯერ კიდევ არ მივსულვართ“.

დონალდ ტუსკის მიერ შემუშავებული წინადადებების პროექტით, ბრიტანეთს შეუძლია სასწრაფოდ შეწყვიტოს და ოთხი წლის განმავლობაში აღარ გაიღოს სახელმწიფო შემწეობა ევროკავშირის მიგრანტებისთვის, თუკი ბრიტანეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროპის ბლოკში დარჩენას, და, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, უფლება ექნება დაბლოკოს შესაბამისი კანონმდებლობა. ბრიტანეთს ექნება ასევე უფლება უარი თქვას 28 ქვეყნისაგან შემდგარ ბლოკში შემდგომ ინტეგრაციაზე და ბრიუსელისათვის ჭარბი უფლებების დელეგირებაზე.

2 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში დევიდ კამერონმა მოლაპარაკებებს ბრიუსელთან წარმატებული უწოდა:

„ვამბობდი, საჭიროა „წითელი ბარათის“ სისტემის ამოქმედება ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნების პარლამენტებისთვის-მეთქი, რომლებიც ბლოკავენ ევროკომისიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ნორმას. მიპასუხეს, ამას ვერ გავაკეთებთო. არადა, ეს ნორმა დოკუმენტის პროექტში შევიდა. მერე მითხრეს: „ვერავინ დაუჭერს მხარს წინადადებას, რომლის თანახმადაც იმიგრანტებს ოთხი წელი მოუწევთ ლოდინი ბრიტანეთში სამუშაო შეღავათების მისაღებადო, მაგრამ ესეც შესულია დოკუმენტში. მიმტკიცებდნენ: „ვერ მოახერხებთ იმის გაკეთებას, რომ ბრიტანეთი არ იყოს ნაწილი კონცეფციისა, რომელიც ევროპის კავშირის სულ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას გულისხმობსო. ისევ და ისევ, ეს ყველაფერი საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი ამ დოკუმენტში.

დევიდ კამერონი
დევიდ კამერონი

​ასე რომ, მიღწეულია რეალური პროგრესი. ამასთანავე, კიდევ მეტია გასაკეთებელი, მეტი დეტალია დასახვეწი, მაგრამ, როგორც თავიდანვე განვაცხადეთ, საჭირო იყო ჩვენი ძალისხმევა ოთხი მიმართულებით და, ამ მხრივ, დოკუმენტი გვიჩვენებს, რომ პროგრესი რეალურია“.

თუმცა ევროსკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების დროს მიღწეული პროგრესი უმნიშვნელოა, რის გამოც 18-19 თებერვლისათვის დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე „რთულ დისკუსიას“ წინასწარმეტყველებენ.

სკეპტიკოსთა შორისაა ლონდონის მერი, ბორის ჯონსონი, რომელიც საკმარისად არ მიიჩნევს დონალდ ტუსკისა და დევიდ კამერონის მიერ შეთანხმებულ პროექტს. მიუხედავად ამისა, ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებები 18-19 თებერვლის სამიტამდე გაგრძელდება. ფსონი საკმაოდ მაღალია. ზაფხულში დაგეგმილი რეფერენდუმი გადაწყვეტს არა მხოლოდ ბრიტანეთის სამომავლო როლს მსოფლიო ვაჭრობასა და საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ევროკავშირის იერსახესაც, იმ საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ერთიანობა მიგრანტთა და ფინანსური კრიზისის ფონზე, რაც უკიდურესად რთული ჩანს, თუ მის რიგებს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ევროპის სიდიდით მეორე ქვეყანა დატოვებს.

„ერთად ყოფნა-არყოფნა - საკითხავი, აი, ეს არის“, - „ტვიტერის“ საშუალებით ასეთი ჰამლეტისეული პერიფრაზით გამოეხმაურა ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG