Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში


კჟიშტოფ ლისეკი

კჟიშტოფ ლისეკი

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაციის წარმომადგენლები დილიდან შეხვედრებს მართავენ. 7-კაციანი დელეგაცია უკვე შეხვდა სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. როგორც დელეგაციის წევრმა, ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა განაცხადა, დღის წესრიგშია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტთან.

საოკუპაციო სასაზღვრო ხაზზე ცხინვალის რეგიონში - სოფელ დიცისა და სოფელ დვანის ტერიტორიაზე - მავთულხლართების გავლების თემა იყო უმთავრესი საკითხი, რომლის თაობაზეც ევროპარლამენტარებთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ამასთან, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე, საკუთრების უფლებისა და კანონის უზენაესობის თემაზე, გამორჩეული ყურადღება დაეთმო თბილისში 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების განხილვას. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა, ჩამოსულმა სტუმრებმა საქართველოში ბევრ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები:
„საუბარი იყო ასევე გარკვეულ პირთა დაკავებებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებზე და ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენ საათ-ნახევარი მოგვეცა, იმიტომ რომ, როგორც წესი, მსგავსი შეხვედრები გაცილებით ადრე მთავრდება ხოლმე. ასე რომ, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ საშუალება მთელი რიგი მიმართულებებით მიეღოთ როგორც ამომწურავი ინფორმაცია, ასევე გაეზიარებინათ ჩვენი ხედვა სხვადასხვა პრობლემებზე“.

ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ - საუბარი შეეხებოდა ამ თვალსაზრისით არსებულ ვითარებას დიცსა და დვანში:

„იქ ადგილი აქვს ადამიანის თავისუფლების აღკვეთის ფაქტებს, უკანონო პატიმრობას, ადამიანის გატაცებებს, საკუთრების უფლების ხელყოფას. იქ მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან ელემენტარული არსებობის შესაძლებლობას იმ რეჟიმის გამო, რასაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იქ ახორციელებენ. ამიტომ დღეს ამ საკითხზე გავამახვილე ყველაზე მეტად ყურადღება“.

თუკი დაპატიმრებულია ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი, ეს გვაიძულებს ჩვენ, რომ დავსვათ შეკითხვები და, რა თქმა უნდა, ამ კითხვებს დავსვამთ და იმედი გვაქვს, მივიღებთ პასუხს პრემიერ-მინისტრისგან...
ნინო ლომჯარიას სიტყვებით, თავად ევროპარლამენტარებს ამ თემაზე კითხვები არ ჰქონიათ, რის მიზეზადაც ის ცხინვალის რეგიონის სოფლებში ევროკავშირის მისიის ვიზიტს მიიჩნევს და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ევროპარლამენტარები კარგად არიან ინფორმირებული სწორედ მათგან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თხოვნა და გზავნილი შეხვედრისას იყო ის, რომ ევროპარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილონ - და საერთაშორისო თანამეგობრობასაც ყურადღება მიაქცევინონ - საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებაზე.
თავის მხრივ, ევროპარლამენტართა განცხადებების თანახმად, მათი ინტერესია მოუსმინონ როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს და ნაკლები ისაუბრონ თავად. ევროპარლამენტის დეპუტატის კჟიშტოფ ლისეკის სიტყვებით, ის იზიარებს ევროსაბჭოს პოზიციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უკანასკნელ მოვლენებს კი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტართა ინტერესის სფეროში მოხვდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავების თემა. კჟიშტოფ ლისეკმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე მედიასთან განაცხადა, რომ მას სურს მიეცეს შესაძლებლობა შეხვდეს წინასწარ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს. მის დაკავებასთან დაკავშირებით ლისეკმა სამოქალაქო სექტორთან შეხვდრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად განვიხილავთ მაღალჩინოსნების დაპატიმრების საკითხებსაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ჩავერევით საქართველოს სასამართლო სისტემაში. ყველა ქვეყანაში პროკურორს აქვს შესაძლებლობა, რომ დაკითხოს პოლიტიკოსი. მსოფლიოში პოლიტიკოსები სრული იმუნიტეტით არ სარგებლობენ. მაგრამ თუკი დაპატიმრებულია ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი, ეს გვაიძულებს ჩვენ, რომ დავსვათ შეკითხვები და, რა თქმა უნდა, ამ კითხვებს დავსვამთ და იმედი გვაქვს, მივიღებთ პასუხს პრემიერ-მინისტრისგან“.

მოგვიანებით, უკვე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, კჟიშტოფ ლისეკმა დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა 4 ივნისს ექნება, რის გამოც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომელმაც გაითვალისწინა მისი თხოვნა და მისცა საპატიმროში ვანო მერაბიშვილიხ მონახულების შესაძლებლობა. მანადე კი ლისეკი და კიდევ 6 სხვა ევროპარლამენტარი პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმცირესობასა და პრეზიდენტსაც შეხვდებიან.

კჟიშტოფ ლისეკის სიტყვებით, შეხვედრებისას დაისმება საქართველოში კოჰაბიტაციასთან დაკავშირებული საკითხებიც და ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ მხარეებისგან დასმულ კითხვებზე ამომწურავ პასუხს მიიღებენ.

ევროპარლამენტარი კჟიშტოფ ლისეკი ერთ-ერთია იმ 23 ევროპარლამენტარს შორის, რომლებმაც 6 მარტს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მწვავე კრიტიკის შემცველი ღია წერილი გამოუგზავნა. ლისეკი წარმოადგენს „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფს, რომლის წევრიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“. მაშინ პრემიერმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის დეპუტატების წერილს წერილობითვე უპასუხეს. პრემიერი ევროპარლამენტის დეპუტატებს, სხვათა შორის, სწერდა, გთხოვთ, სანამ “ევროპის კარის დახურვის” შორსმიმავალ დასკვნებს გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა, ჩვენი მისიაა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უპირობო, განუხრელი და ცალსახა ერთგულებაო“.
XS
SM
MD
LG