Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტართა ვიზიტის შეფასება


ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში

ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში

ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენმა დელეგაციამ, რომელიც 3-4 ივნისს სტუმრობდა საქართველოს, ევროპარლამენტის ვებსაიტზე ვიზიტის შემაჯამებელი განცხადება გამოაქვეყნა. შეფასებებში, რომლებიც ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ მედიის წარმომადგენლისგან მიღებულ ინფორმაციებს ეყრდნობა, კვლავაც არის გამოკვეთილი აქცენტი პოლიტიკურად მოტივირებულ გასამართლებასთან დაკავშირებით. რა მოეთხოვება ხელისუფლებას და რამდენად შესაძლებელია ასეთი ეჭვების სრულად გაქრობა?

ევროპარლამენტარების განცხადებაში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო საქართველოს რეგიონის - სამხრეთ ოსეთის - ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც ადგილობრივთა კანონიერ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაგმობილია ძალადობა, რომელიც 17 მაისს გამოვლინდა უმცირესობის წარმომადგენლების მისამართით და აქვე ლაპარაკია აუცილებლობაზე, რომ პოლიტიკოსებმა სიძულვილის ენასა და სიძულვილით განპირობებულ დანაშაულთან საბრძოლველად უმაღლესი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე იზრუნონ. განცხადებაში ასევე შექებულია ყველა მოთამაშე, რომელმაც ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლაში მიიღო მონაწილეობა და იქვე მისასალმებლად არის მიჩნეული პოლიტიკურ სპექტრში არსებული ფართო კონსენსუსი ევროპული ორიენტაციის მისამართით. ევროპარლამენტარები, მაგალითად, ასევე იწონებენ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს და იმედოვნებენ, რომ ვილნიუსის სამიტზე წარმატებით დასრულდება ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესი.

დადებითი აქცენტების გარდა, ევროპარლამენტართა განცხადებაში გამოხატულია ეჭვებიც გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა ბევრისთვის აშკარაა, რომ ამ განცხადების შინაარსი საგრძნობლად შერბილებულია, ევროპარლამენტართა თუ, კონკრეტულად, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მანამდე (კერძოდ, მარტში) გაკეთებულ განცხადებებთან შედარებით.

ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანობის აღდგენის ფართოდ გავრცელებული მოთხოვნა განხორციელდება კანონის უზენაესობის დადასტურებით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისა და დაუსჯელობასთან ბრძოლით და ეს არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ რეალური ქმედებებით ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების შესახებ...
ოთხშაბათს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტარებს, მაგალითად, შემაშფოთებლად მიაჩნიათ პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მაღალი დონე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის. ამ კონტექსტში ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს სასამართლო რეფორმის გაგრძელება და დასრულება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. აქვეა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სადავო აქცენტი პოლიტიკურად მოტივირებულ გასამართლებასთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ ევროპარლამენტართა 7-კაციან დელეგაციაში შემავალმა კშიშტოფ ლისეკმა 4 ივნისს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილი მოინახულა.

”ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანობის აღდგენის ფართოდ გავრცელებული მოთხოვნა განხორციელდება კანონის უზენაესობის დადასტურებით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისა და დაუსჯელობასთან ბრძოლით და ეს არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ რეალური ქმედებებით ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების შესახებ”, - ნათქვამია ევროპარლამენტართა განცხადებაში.

რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებული ეჭვები გააქროს?

ამ პრობლემის გასაღებად, მაგალითად, პრემიერ-მინისტრს რაც შეიძლება მეტი უცხოელი მეთვალყურის მოწვევა წარმოუდგენია და მეთვალყურეთა გამოგზავნა ბიძინა ივანიშვილმა თავად თბილისში მყოფ ევროპარლამენტარებსაც შესთავაზა. როგორც მან ”პალიტრა ტივის” ეთერში განაცხადა 4 ივნისს, შეთავაზებული იყო პროცესის დაფინანსებაც:

სანამ ვინმე გააკეთებს განცხადებას, რომ ესა თუ ის პირი პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული და ასე შემდეგ, მანამდე იქნებ შეისწავლონ საქმის მასალები და თუკი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ მივლენ ამ დასკვნამდე, კი ბატონო...
”იქ იყვნენ წარმომადგენლები ”სახალხო პარტიიდან”, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ გაერთიანებული, მათი პარტნიორია და განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ... მათაც ვთხოვე, რა გაგიჭირდათ-მეთქი (ყველაზე დიდი პარტიაა ევროპის), შექმენით ერთი ჯგუფი, 2-3 კაციანი... პაუზა გავაკეთე - ფინანსები თუ გიჭირთ, კი ბატონო-მეთქი, მობრძანდით და ნებისმიერ დოკუმენტს ნახავთ, ნებისმიერ პროცესს თვალს მიადევნებთ და ნაცვლად იმისა, რომ თქვენ ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალიან ხშირად ზედმეტად ნერვიულობთ და ღელავთ, თუ გინდათ რომ დაწყნარდეთ, საშუალება გაქვთ გამოგზავნოთ თქვენი წარმომადგენელი და მიადევნოთ თვალყური.”

უცხოელ მეთვალყურეთა მოწვევა ეჭვების გასაქარწყლებელ ერთ-ერთ გზად წარმოუდგენია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს კახა კოჟორიძესაც. თუმცა, მისი თქმით, ასეთი ეჭვები ბოლომდე ვერასოდეს გაქრება, რადგანაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი ყოველთვის ვიღაცას დატოვებს უკმაყოფილოს და ყოველთვის გაკეთდება განცხადებები შერჩევით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ამიტომ ამ პროცესში მთავარია ერთი რამ, რომ არავინ გააკეთოს უსაფუძვლო განცხადებები:

”სანამ ვინმე გააკეთებს განცხადებას, რომ ესა თუ ის პირი პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული და ასე შემდეგ, მანამდე იქნებ შეისწავლონ საქმის მასალები და თუკი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ მივლენ ამ დასკვნამდე, კი ბატონო, თქვან არგუმენტირებულად ეს პოზიცია... მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ყოფილ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს აკავებენ, ეს უკვე კანონდარღვევაა და განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, ეს არასწორი მიდგომაა ამ საკითხისადმი”.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე თვლის, რომ ასეთი განგაშისა და ეჭვების შიშმა არ უნდა შეაფერხოს კანონის უზენაესობის პატივისცემა სახელმწიფოში, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ პოლიტიკოსებს ყველაფერი ეპატიებათ და რომ პოლიტიკოსობა იმუნიტეტია. ეს კი ასე არ არის.
XS
SM
MD
LG