Accessibility links

საქართველოს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ ხმის მიცემა ევროპის პარლამენტში სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. რამდენად უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას, როგორია განწყობაა ევროპის პარლამენტში?

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ესაუბრა ევროპარლამენტის წევრს ევროპის სახალხო პარტიიდან, მარია გაბრიელს.

რადიო თავისუფლება: თქვენ ორივე ქვეყნის მომხსენებელი ხართ - საქართველოსა და უკრაინის. ხომ არ აპირებთ საბოლოოდ ეს ქვეყნები ერთმანეთთან დააკავშიროთ?

მარია გაბრიელი: ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. პირდაპირი კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის ამჟამად არ განიხილება. არც უკრაინასა და საქართველოს დაკავშირება და არც უკრაინისა და კოსოვოსი. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ჩვენი მიდგომების ძლიერი მხარეა ის, რომ ქვეყნები იმის მიხედვით შევაფასოთ, ინდივიდუალურად როგორ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ხელისუფლების გამბედაობას და ძალისხმევას რეფორმების გატარების თვალსაზრისით, ასევე მოქალაქეთა სწრაფვას და სურვილს ევროკავშირთან თანამშრომლობაში ჩაერთონ. ასე რომ, არ იქნება დაკავშირება, ორი სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის.

რადიო თავისუფლება: თქვენ ევროპარლამენტის წევრი ხართ, ევროპის სახალხო პარტიიდან. არსებობს ბევრი ვარაუდი, რომ ევროპის სახალხო პარტიას სურს არჩევნებამდე გადადოს ხმის მიცემა საქართველოსთვის, რათა პარტნიორ პარტიას, „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, დაეხმაროს. როგორ უპასუხებდით ამ ვარაუდს?

მარია გაბრიელი: მე მგონია, რომ უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ქმედებები და არა მრავალრიცხოვანი დეკლარაციები. ევროპის სახალხო პარტია ყოველთვის იყო ძალიან ძლიერი, როდესაც საქმე ეხებოდა მოქმედებას და, მათ შორის, ანგარიშს, რომელიც განხილული იქნება 27 ივნისს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის სხდომაზე. შემდეგ ორი კვირაა ცვლილებების შესატანად და შემდეგ სექტემბრის პირველ კვირაში იქნება ხმის მიცემა - ეს არის სცენარი, რომელიც არჩევნებამდეა შედგენილი. ასე რომ, თქვენ იქით მიდიხართ, სიმართლე მოქმედებაშია და ჩვენთვის, ევროპის სახალხო პარტიისთვის, რომელიც სერიოზული ჯგუფია, მნიშვნელოვანია სამუშაო კარგად გაკეთდეს, რადგან ეს არის მეტად პოზიტიური სიგნალი როგორც საქართველოს მოქალაქეთათვის, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, ვისაც არსებულ კონტექსტში ნამდვილად სურს დარწმუნდეს, რომ ჩვენი საერთო მიზანი, სტაბილურობა და უსაფრთხოება, გარანტირებულია და სავიზო ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ კონტექსტში.

რადიო თავისუფლება: კომიტეტში თქვენ საქართველოსთვის ხმის მიცემას სექტემბერში განიხილავთ. ფიქრობთ, რომ შეიძლება ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მოხდეს ხმის მიცემა?

მარია გაბრიელი: სამწუხაროდ, ამას წინასწარ ვერ გათვლი. კომიტეტებზე მინიჭებული ხმა იძლევა უფლებამოსილებას მანდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისათვის. იმ მომენტისთვის მე ვიქნები ერთ-ერთი თანაკანონმდებელი პარლამენტში, მაგრამ ტრიალოგში ჩართულნი არიან კომისია და საბჭო. ასე რომ, ეს რეალურად სხვებზეც არის დამოკიდებული. ორ სხვა ინსტიტუციასაც ცხადი პოზიცია უნდა ჰქონდეს და დაიცვას იგი, ამიტომ კიდევ ერთხელ დაჟინებით ვითხოვ ყველა კითხვა დაისვას და მანამდე ყველა შესაძლო სენსიტიური ასპექტი წინასწარ ამოიწუროს. თუ ყველა სამუშაო სწრაფად და სწორად გაკეთდა, ეს დაგვეხმარება სწრაფად წავიწიოთ წინ ტრიალოგში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG