Accessibility links

logo-print

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, მისი რატიფიცირების პერსპექტივები, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ოკუპირებული ტერიტორიები და უსაფრთხოება - ძირითადად ამ თემებს განიხილავდა ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში ხელისუფლების, ოპოზიციისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. როგორია განწყობა და შეფასებები ასოცირების შესახებ შეთანხსმების ევროპარლამენტში რატიფიცირებისთვის მზადების ეტაპზე?

ევროპარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც ლატვიელი ევროპარლამენტარი, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ანდრეის მამიკინსი ხელმძღვანელობს, უნდა მოამზადოს საგანგებო ანგარიში ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის. 8-9 სექტემბერს შედგა შეხვედრები თბილისში თუ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან, უმცირესობასთან თუ მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ ანგარიშში რეალობა ადეკვატურად იქნება ასახული:

”ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროპარლამენტთან ძალიან მჭიდრო, ინტენსიურ თანამშრომლობას და ის დადებითი ძვრები, რაც დღეს სახეზეა ქვეყანაში - რეფორმების მიმდინარეობა და მათი შეუქცევადობა - უნდა აისახოს იმ ანგარიშში, რომელსაც მოამზადებს ევროპარლამენტის წევრი ბატონი მამიკინსი”.

მე კმაყოფილი ვარ, რომ მან აღნიშნა, რომ ორი ძირითადი თემა, რასაც ის მაინც მიაქცევს ყურადღებას თავის მუშაობაში, ეს იქნება სწორედ შერჩევითი სამართლის საკითხი და ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ...

ევროპარლამენტის ანგარიშში მთავრობის საქმიანობის ნაკლოვანებები და ოპონენტების მიერ გამოთქმული კრიტიკაც რომ აისახება, ამის იმედს ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი გიგი წერეთელი გამოხატავს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელი არ უნდა შეეშალოს ევროპარლამენტში ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, თუმცა ანგარიშმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიუთითოს, რომ საჭიროა მეტი მუშაობა ევროკავშირის ფასეულობების შესაბამისად:

”მე კმაყოფილი ვარ, რომ მან აღნიშნა, რომ ორი ძირითადი თემა, რასაც ის მაინც მიაქცევს ყურადღებას თავის მუშაობაში, ეს იქნება სწორედ შერჩევითი სამართლის საკითხი და ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი”.

ვისაუბრეთ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე, მათ ნაკლებ ინტეგრაციაზე ქვეყნის ცხოვრებაში. ასევე განსაკუთრებულად ამ ჭრილში შევეხეთ ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს, რომლებიც ე.წ. გამყოფი ხაზის მიღმა არიან და მათი პრობლემები აბსოლუტურად უგულებელყოფილი და იგნორირებულია...

ქვეყანაში არსებული რეალური სურათის შესაფასებლად საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ანდრეის მამიკინსი 9 სექტემბერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. კერძოდ, ლაპარაკია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებზე. როგორც ამ შეხვედრის მონაწილემ, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროპარლამენტარი ძირითადად კორუფციასთან, მედიასა და უმცირესობებთან დაკავშირებით დაინტერესდა. ამ ჭრილში იქნა განხილული მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით:

”ვისაუბრეთ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე, მათ ნაკლებ ინტეგრაციაზე ქვეყნის ცხოვრებაში. ასევე განსაკუთრებულად ამ ჭრილში შევეხეთ ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს, რომლებიც ე.წ. გამყოფი ხაზის მიღმა არიან და მათი პრობლემები აბსოლუტურად უგულებელყოფილი და იგნორირებულია. ასევე მას აინტერესებდა, თუ არსებობს კავშირი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო სექტორთან და რა გზებით შეიძლება მათთან ურთიერთობების დამყარება”.

საქართველო, მართლაც, ევროპული სახელმწიფოა. საუკუნეების მანძილზე ის წარმოადგენდა ევროპული ცივილიზაციის ნაწილს...

თუკი ანგარიშში ნაკლოვანებები და პრობლემები აისახება, არ გაუკვირდება შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეს - ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს. თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს, დიდი ალბათობით, ხელს ვერ შეუშლის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ევროპარლამენტში:

”შეიძლება ითქვას, რომ, თუ საქართველოში დრამატული მოვლენები არ განვითარდა და ძალიან ნეგატიურად არ შეიცვალა ვითარება, ამ ეტაპზე საქართველო აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ისინი უყენებენ ქვეყანას”.

კეთილგანწყობა თავად ანდრეის მამიკინსმაც გამოხატა და, მაგალითად, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ევროპარლამენტში რატიფიცირების პროცესი შეძლებისდაგვარად უნდა დაჩქარდეს:

”საქართველო, მართლაც, ევროპული სახელმწიფოა. საუკუნეების მანძილზე ის წარმოადგენდა ევროპული ცივილიზაციის ნაწილს. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ევროპარლამენტი წლის ბოლომდე მოახდენს. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად”.

ზუსტად რა ჩაიწერება რატიფიცირების პროცესისთვის მოსამზადებელ ანგარიშში, ეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა. წინასწარი ინფორმაციით, ევროპარლამენტის ანგარიშის პირველადი ვარიანტი ოქტომბრის დასაწყისისთვის, ხოლო საბოლოო ვარიანტი ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება მზად.

XS
SM
MD
LG