Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზიანი მოაქვს რუსულ პროპაგანდას ევროკავშირისა და საქართველოსთვის


ევროპარლამენტი რუსეთის პროპაგანდის დესტრუქციულ ძალასა და უსაფრთხოების რისკებზე ლაპარაკობს. ოთხშაბათს სტრასბურგში დამტკიცებული რეზოლუცია, სახელწოდებით „ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაცია მის მიმართ მესამე მხარეთა პროპაგანდის წინააღმდეგ“ შეეხება დეზინფორმაციის ტენდენციებს, რომელიც საზიანოდ მოქმედებს როგორც თვითონ ევროკავშირის სივრცეში, ასევე მის პარტნიორებზე - აღმოსავლეთ სამეზობლოში. უკრაინისგან განსხვავებით, ტექსტში უშუალოდ არ არის ნახსენები საქართველო, რაც დასანანია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, თუმცა სურათი, რომელსაც ევროპარლამენტარები ახალ რეზოლუციაში აღწერენ, აშკარა გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვისაც. რა პასუხი აქვს მოსკოვს ევროპარლამენტარების ასეთ შეფასებებზე და როგორ უპირისპირდება ევროპა რუსულ პროპაგანდას?

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობა იყენებს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, მაგალითად, ანალიტიკურ ცენტრებს, საგანგებო ფონდებს, მრავალენოვან ტელემაუწყებლობას, ფსევდოსაინფორმაციო სააგენტოებს, მულტიმედია სერვისებს, სოციალურ და რელიგიურ ჯგუფებს, რადგანაც რეჟიმს სურს საკუთარი თავის წარმოჩენა იმგვარად, „თითქოს ის იყოს ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების ერთადერთი დამცველი“. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია ასევე, რომ სოციალური მედიისა და ინტერნეტის მეშვეობით რუსული პროპაგანდა ებრძვის დემოკრატიულ ფასეულობებს, ცდილობს ევროპის გახლეჩას და მომხრეების მომრავლებას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში. აქვეა ნახსენები, მაგალითად, რუსეთის საინფორმაციო საშუალება „სპუტნიკი“ (SPUTNIK), რომელიც ასევე აქტიურად საქმიანობს საქართველოში.

ჩვენ ბევრი პოზიტიური ამბავი გვაქვს მოსაყოლი - ამბები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეფორმების შესახებ, ამბები ნდობის აღდგენისა თუ ეკონომიკური ზრდის შესახებ... და ჩვენი კავშირის მომავალი დიდწილად იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოვყვებით ამ ამბებს, როგორ განვმარტავთ ფაქტებს და ავაღორძინებთ ნებას ჩვენი ევროპული პროექტისთვის
ფედერიკა მოგერინი

23 ნოემბერს დამტკიცებულ რეზოლუციაში მოხსენიებულ „მესამე მხარეში“, რომლის პროპაგანდასთან ბრძოლასაც ცდილობს ევროკავშირი, ტექსტის მიხედვით, რუსეთი და „ისლამური სახელმწიფო“ იგულისხმება. მართალია, ამ ორ ძალასთან ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია და მათთან დაკავშირებული საფრთხეებიც განსხვავებულად არის წარმოჩენილი, მაგრამ რეზოლუცია, ისევე როგორც დებატები, ცხადყოფს, რომ ევროკავშირი უკვე გვარიანად შეაწუხა რუსეთის პროპაგანდამ და ის აღიქმება უსაფრთხოების გამოწვევად როგორც წევრი ქვეყნებისთვის, ასევე მისი პარტნიორებისთვის. ასეთი აქცენტები 22 ნოემბრის სხდომაზე არაერთმა ევროპარლამენტარმა დასვა და მათ შორის იყო პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომლის ანგარიშიც დაედო საფუძვლად ევროკავშირის ამ ახალ რეზოლუციას.

როდესაც პროპაგანდის დესტრუქციულ ძალასთან ბრძოლაზეა ლაპარაკი, ბრძოლის გზები განსხვავებული შეიძლება იყოს: თუკი ტერორისტულ საქმიანობასთან თანაზიარ პროპაგანდას ევროკავშირი, მაგალითად, ინტერნეტსივრცეში მთელ რიგ აკრძალვებს უპირისპირებს, რუსული პროპაგანდის შემთხვევაში, ბრძოლის გზებს შორისაა, მაგალითად: სიმართლის გავრცელება, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის განვითარებაზე ზრუნვა (მათ შორის - რუსეთშიც), სოციალური მედიის დიდი შესაძლებლობების გამოყენება თუ პირისპირ კონტაქტი ხალხთან.

უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ზღვარი ფაქიზად რომ არის დასაცავი და ტყუილთან ტყუილით ბრძოლა რომ უშედეგოა, ეს 22 ნოემბერს არაერთხელ გაიხსენეს ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზშიც - დებატების მსვლელობისას. როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა სხდომაზე გამოსვლისას, დესტრუქციულ პროპაგანდას მეტი გახსნილობა და გენმარტებები უნდა დაუპირისპირდეს:

„ჩვენ ბევრი პოზიტიური ამბავი გვაქვს მოსაყოლი - ამბები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეფორმების შესახებ, ამბები ნდობის აღდგენისა თუ ეკონომიკური ზრდის შესახებ... და ჩვენი კავშირის მომავალი დიდწილად იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოვყვებით ამ ამბებს, როგორ განვმარტავთ ფაქტებს და ავაღორძინებთ ნებას ჩვენი ევროპული პროექტისთვის“.

ევროკავშირის შეფასებები სულაც არ აინტერესებთ მოსკოვში. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროპარლამენტის მკაცრ რეზოლუციას ცინიკური განწყობით შეხვდა და ის ჟურნალისტები შეაქო, რომლებმაც მოსვენება დაუკარგეს დასავლეთს:

„მომსწრენი ვართ დემოკრატიაზე წარმოდგენების აბსოლუტურად აშკარა დეგრადაციისა (ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით) დასავლეთში და ამ შემთხვევაში - ევროპარლამენტის დონეზე. მაგრამ მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ვერ ვნახავთ რეალურ შეზღუდვებს... ხოლო ჩვენი მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, რომლებმაც ევროპულ სტრუქტურას ასეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგეს, მინდა მივულოცო, რადგანაც, როგორც ჩანს, მათ ძალიან აქტიურად, შედეგიანად და ნიჭიერად იმუშავეს“.

ის ფაქტი, რომ რუსეთი და „ისლამური სახელმწიფო“ ერთ რეზოლუციაში არიან ნახსენები, პროპაგანდის საფრთხის ადეკვატურ ჭრილში განხილვაზე მიუთითებს ნინო რობაქიძისთვის. თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლისთვის გულდასაწყვეტია, რომ, ანექსირებული ყირიმისგან განსხვავებით, რეზოლუციაში ნახსენები არ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - მით უმეტეს, რომ რუსეთი თავისი დაფარული პროპაგანდითა თუ სხვა მექანიზმებით არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც. ნინო რობაქიძის თქმით, რუსული პროპაგანდა საქართველოში განსხვავებულ სახეს ატარებს:

ნინო რობაქიძე
ნინო რობაქიძე

„აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში რუსულ პროპაგანდას აქვს განსაკუთრებული ბუნება. ის არის ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის. ყველას შეუძლია მშობლიურ ენაზე მიიღოს ეს ინფორმაცია. ეს, ერთი მხრივ, აადვილებს რუსული პროპაგანდის საქმეს და, მეორე მხრივ, ჩვენთვის ართულებს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას“.

ჩვენთან საუბრისას ნინო რობაქიძე იხსენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ერთი წლის წინ ჩატარებულ გამოკვლევას, რომელიც ონლაინ მედიასაშუალებათა მფლობელების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რამაც მეტად სავალალო სურათი აჩვენა საქართველოში რუსეთის რბილი ძალის აქტიურობის თვალსაზრისით: გამოიკვეთა მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების შეთანხმებულად მოქმედი ქსელი, რომელიც საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას ცდილობს და გარკვეულწილად ახერხებს კიდეც. ნინო რობაქიძე ამბობს, ბრძოლა გრძელდება და, მათ შორის, კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოს“ ფარგლებშიც. ახლად დაარსებულ კოალიციაში შედის რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე არიან ორიენტირებული და რომელთა სახელითაც მზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი - საქართველოში ესოდენ გავლენიან რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით შესაძლებელი იქნება პროპაგანდასთან სრულყოფილი ბრძოლა. რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ჩვენ არ ვაპირებთ შევზღუდოთ საქართველოში სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური აზრის გავრცელება... მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მინიმალური საკანონმდებლო ზღვარი... კანონში უნდა გაჩნდეს ისეთი ცნებები, რომლებიც მედიასაშუალებებს გაახსენებენ, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ ისეთი პრინციპების პატივისცემით, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა... ასევე ჩვენ გვაქვს ქვეყანაში „ოკუპაციის შესახებ კანონი“ და ესეც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც მედია თავის საქმიანობას გეგმავს... და ასევე, ჩვენი აზრით, ცვლილებები უნდა შეეხოს პოლიტიკური ორგანიზაციების შესახებ კანონსაც და მასში ნათლად უნდა იყოს გაწერილი, თუ რისი უფლება აქვს პოლიტიკურ ძალას და რამდენად არის შესაძლებელი, რომ, ვთქვათ, რეკლამაში მოხვდეს ოკუპაციის ლეგიტიმაციის შემცველი გზავნილები, რისი მომსწრენიც გავხდით ახლო წარსულში“, უთხრა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნინო რობაქიძემ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG