Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელების ინიციატივა ქართველი ექსპორტიორებისთვის


ევროპარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასთან, მოლდავეთსა და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები ამ სამი ქვეყნის ექსპორტიორთა მხარდაჭერის აუცილებლობასაც ხედავენ. მოწოდებები რუსეთის მხრიდან გამოვლენილ აგრესიასა და სადამსჯელო სანქციებს უკავშირდება.

განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ ბერნდ ლანგმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა გაავრცელეს, რუსეთის აგრესიული ნაბიჯების საპასუხო ქმედებების აუცილებლობაა ხაზგასმული. განცხადებაში, მაგალითად, ნათქვამია, რომ ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს გეგმა რუსეთის მხრიდან ევროპულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგოს მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად, ხოლო ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორებმა მთელ მსოფლიოში თავი უნდა შეიკავონ რუსეთთან იმგვარი სავაჭრო გარიგებისგან, რომელიც ძირს გამოუთხრის ევროკავშირის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და ხელს შეუწყობს ევროკავშირის პროდუქციის ჩანაცვლებას რუსეთის ბაზარზე.

მოწოდებები შეეხება როგორც თვითონ ევროკავშირის, ასევე მისი სამი პარტნიორი ქვეყნის - უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის - მომავალს. ყურადღება მახვილდება მხარდაჭერისთვის მზადყოფნაზე:

”მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ თავისუფალი ვაჭრობის მეთოდურ შეზღუდვას უკრაინასთან, მოლდავეთსა და საქართველოსთან არა მხოლოდ ახლა, არამედ, სულ ცოტა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრის, ვალდებულებებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ყველაფერი გააკეთოს, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი, მოლდაველი და ქართველი ექსპორტიორების მხარდასაჭერად”.ევროპარლამენტარების განცხადებას მნიშვნელოვან გზავნილად აღიქვამენ საქართველოში - განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთის ქმედებები სულ უფრო არაადეკვატური ხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეწყვეტაზე დაიწყო მუშაობა, - ეს კი, შედეგად, გააძვირებს საქართველოდან რუსეთში შესატან პროდუქციას და საქმეს გაურთულებს მწარმოებლებს, - ჟურნალისტებთან საუბრისას ორიოდე დღის წინ ემბარგოს შესაძლებლობაც არ გამორიცხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ:

”რასაკვირველია, არ არის გამორიცხული ახალი ემბარგო. ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს 2006 წელს, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პროდუქცია ვეღარ შედიოდა რუსეთის ბაზარზე. თუკი ეს ისევ განმეორდება, ჩვენ, რასაკვირველია, მოვერგებით ახალ სიტუაციას”.

თუკი რუსეთი თავის ბაზარზე ახლად დაბრუნებულ ქართულ პროდუქციას ისევ ემბარგოს დაუწესებს, სულაც არ გაუკვირდება „მომავლის ინიციატივების“ პრეზიდენტს ლევან ალაფიშვილს. ის, უბრალოდ, ისურვებდა, რომ მთავრობას ამ დროისთვის ჰქონდეს კარგად გააზრებული, კონკრეტული და თანმიმდევრული გეგმა ალტერნატიული გზით სვლისა და თანაც ისე, რომ დახმარება გაუწიოს ამ პროცესში დაზარალებულ მეწარმეებს. როცა ასეთ ღონისძიებებზე ლაპარაკობს, ლევან ალაფიშვილი, უპირველეს ყოვლისა, მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისა და ამ პროცესის დაჩქარების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ეს ის აუცილებელი პირობაა, რის გარეშეც საქართველო ვერც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებით ისარგებლებს და ვერ შევა ევროპის 500-მილიონიან მიმზიდველ სამომხმარებლო ბაზარზე:

”თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია ყველა საზოგადოებაში არის წარმატებული და გასაღდება კიდეც. საბოლოო ჯამში, თუნდაც იმავე რუსეთში, ხარისხიანი პროდუქცია მოთხოვნადი არის და იქნება. ემბარგოს დააწესებს?! სადაც ემბარგო ჩნდება, იქვე ალტერნატიული გზები მოიძებნება. თუნდაც ჩვენი უახლოესი მეზობლების მეშვეობით - ხარისხიანი პროდუქცია, თუკი მისი წარმოების პროცესს დავაჩქარებთ, გასაღდება. არ იქნება არანაირი პრობლემა”.

ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი წარმოებისა და სერვისის დანერგვით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ. მერე რა, რომ ეს პროდუქცია, ნაკლებად ხარისხიანთან შედარებით, ძვირი ეღირება.

დავუბრუნდეთ ისევ ევროპარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეთა განცხადებას. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყნებს, რომ დაჩქარდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცესი, რაც მოეთხოვება როგორც ევროპარლამენტს, ასევე ევროკავშირის 28-ვე წევრ ქვეყნას. ამ ეტაპისთვის დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა რუმინეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ბულგარეთმა. ვიცე-პრემიერი კახი კალაძე პროცესის ნელ ტემპს ზაფხულს უკავშირებს. ის ამბობს, რომ შვებულების პერიოდის შემდეგ, სექტემბრიდან, ეს პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG