Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის მხარდაჭერა ნატოსკენ მიმავალ გზაზე


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ტომაშ შემონიაკი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ტომაშ შემონიაკი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ევროპული ტურნეს ძირითად მიზნად სახელდება ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მოპოვება-გაძლიერება 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტისთვის. ვიდრე დიდ ბრიტანეთში ჩავიდოდა, თინა ხიდაშელი სტუმრობდა პოლონეთს, ლატვიას, ესტონეთსა და ლიტვას. თითოეული ეს ქვეყანა გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან მიმართებით. თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას.

დიდი ბრიტანეთი, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად არაღიარების პოლიტიკას, პარალელურად მზად არის ყოველმხრივ დაეხმაროს ნატოში გაწევრიანების მსურველ საქართველოს. 15 სექტემბერს, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, როცა ის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რეზერვის საკითხებში და თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ჯულიან ბრაზიერს შეხვდა, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი, მაგალითად, მზად არის განიხილოს ბრიტანელი სამხედროების ჩართვის საკითხი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC-ის) მუშაობაში. თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI) თინა ხიდაშელის გამოსვლის მთავარ თემებად კი დასახელებულია: ანტაგონისტურ რუსეთთან გამკლავების გზები, ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი, საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და შესაძლო თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში.

საქართველო მომავალი წლის ვარშავის სამიტისთვის ევროპული მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზებას ცდილობს და ამ მიზანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპული ტურნეს დაწყების წინაც გაუსვა ხაზი. ის ფიქრობს, რომ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ევროკავშირმა და ნატომ გაფართოებით უნდა უპასუხონ და მეტი გასაქანი მისცენ თავისუფლებას, ხოლო იმის გასაგებად, თუ რას მოელის საქართველო ალიანსისგან, თინა ხიდაშელის მიერ ვილნიუსში წარმოთქმულ სიტყვებს უნდა მოვუსმინოთ. მინისტრი თვლის, რომ საქართველომ უკვე გაიარა განვითარების ის გზა, რომლის გავლაშიც მას ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა დახმარებოდა და რომ ქვეყანა ახლა უფრო მეტს იმსახურებს:

„MAP-ი არ არის საქართველოს ოცნება, საქართველოს ოცნებაა ნატოში გაწევრიანება. ამას ვიმეორებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ბრიუსელში ანდა ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ჩავდივართ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას, რადგანაც ქვეყანა წლების განმავლობაში ასრულებდა თავის ვალდებულებებს – მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, ახორციელებდა რეფორმებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სფეროში, დემოკრატიის განვითარების კუთხით. მსოფლიოში, ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს ნატოს წევრობას“.

თინა ხიდაშელმა ლიტვაში შეხვედრები გამართა ქვეყნის უმაღლეს პირებთან და, მათ შორის, პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან. ლიტვა, როგორც ძველი მეგობარი და პარტნიორი, კვლავაც საქართველოს ინტერესების დაცვას აპირებს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

ჯერ არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი და ესეც არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, ერთგვარი ტესტი იმის გამოსავლენად, თუ რამდენად არის სახელმწიფო შემდგარი როგორც კონსოლიდირებული დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არსებობს, არსებობს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი; რამდენად არის საქართველო მზად იმისათვის, რომ იყოს პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის...
გიორგი გობრონიძე

„გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო“, - ეს ლიტვის თავდაცვის მინისტრის იუზას ოლეკასის სიტყვებია, რომლებიც მან 14 სექტემბერს თინა ხიდაშელთან შეხვედრის დროს წარმოთქვა და მტკიცე მხარდაჭერა ერთობლივ პრესკონფერენციაზეც გამოხატა:

„ლიტვა კვლავაც თვლის თავს ვალდებულად ხელი შეუწყოს საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სამხედრო სწავლების, ტრენინგების, განათლებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებით. მე მადლობა გადავუხადე საქართველოს თავდაცვის მინისტრს საქართველოს უზარმაზარი წვლილისთვის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ავღანეთში და მონაწილეობისთვის ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში“.

დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის მსგავსად, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვეს ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთშიც – ქვეყნებში, რომლებსაც თინა ხიდაშელი ასევე ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. გაისმა კონკრეტული დაპირებებიც. ასე მაგალითად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ტომას სიემონიაკთან შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ პოლონეთის რესპუბლიკა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება და სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებას უხელმძღვანელებს.

თავდაცვის მინისტრის ძალისხმევას, საერთაშორისო მხარდაჭრის გაძლიერების მიზნით, დადებითად აფასებს პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე და თვლის, რომ მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მისი აზრით, ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით საქართველომ გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შეიქმნას. როგორც გიორგი გობრონიძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ნატოსთან დაახლოების გზაზე გარდატეხა არ არის მოსალოდნელი და ამ ეტაპზე რეალისტურიარც MAP-ის მიღებაა. სახელდება მიზეზებიც:

„ჯერ არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი და ესეც არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, ერთგვარი ტესტი იმის გამოსავლენად, თუ რამდენად არის სახელმწიფო შემდგარი როგორც კონსოლიდირებული დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არსებობს, არსებობს ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი; რამდენად არის საქართველო მზად იმისათვის, რომ იყოს პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც და ასევე გასათვალისწინებელია, რომ დღეს ნატოს წევრ ქვეყნებს სხვა უამრავი გამოწვევა აქვთ, რუსეთის გარდა. თუნდაც ევროპის ნატოს წევრი ქვეყნები რომ ავიღოთ, მიგრაციის პრობლემაა მნიშვნელოვანი... ნატოს გამოწვევებში ტერორიზმია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ახლო აღმოსავლეთში რადიკალური ისლამიზაციის საფრთხე... ანუ ყველაფერი ეს ნაკლებად სავარაუდოს ხდის MAP-ის მიღებას“.

გიორგი გობრონიძის აზრით, ამ ეტაპზე საქართველო ფოკუსირებული უნდა იყოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის უმნიშვნელოვანეს პერსპექტივებზე, რის ფარგლებშიც უკვე გაიხსნა ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი და რაც სამომავლოდ შექმნის დამატებით შემაკავებელ ფაქტორს რუსეთისგან მომავალი საფრთხისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG