Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ


ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მიკაელ ასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩსი. როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს მიმართ აღებულ ვალდებულებებს, როგორ ვითარდებოდა არჩევნების შემდგომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები და საკონსტიტუციო თუ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმები - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია ამ საკითხების შესახებ მოხსენებას საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ მოამზადებს. 14 იანვარს დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, ქვეყნის სხვა პირველ პირებს, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები, მინისტრები, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, რელიგიური უმცირესობები და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თავმჯდომარე - ასეთია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრთა შეხვედრების ნუსხა. 14 იანვარს თანამომხსენებლებმა დაგეგმილი შეხვედრები ომბუდსმენის ოფისიდან დაიწყეს, სადაც ისინი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შეხვდნენ. ნანუაშვილის განცხადებით, მიკაელ ასტრუპ იენსენსა და ბორის ცილევიჩსს მან ის მასალებიც გადასცა, რაც მათ საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე ნათელ წარმოდგენას შეუქმნის:

მათ აინტერესებდათ რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ მე ვარ რელიგიური საკითხების შემსწავლელი სამთავრობო უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელი. მივაწოდე ინფორმაცია...
„ვისაუბრეთ პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე პროცესებზე, მართლსმაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიასა და კერძო საკუთრების შესახებ განცხადებებზე, რომლებიც საქართველოს პროკურატურაშია შესული. მაქსიმალურად ვეცადეთ მიგვეწოდებონა მათთვის ის საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარება საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული სიტუციის გასაანალიზებლად“.

დატვირთული სამუშაო დღის მეორე შეხვედრა მიკაელ ასტრუპ იენსენმა და ბორის ცილევიჩსმა სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან გამართეს და ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობითა და მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესით დაინტერესდნენ:

პაატა ზაქარეიშვილის შეხვედრა ევროსაბჭოს დელეგაციასთან

პაატა ზაქარეიშვილის შეხვედრა ევროსაბჭოს დელეგაციასთან

„მათ აინტერესებდათ რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ მე ვარ რელიგიური საკითხების შემსწავლელი სამთავრობო უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელი. მივაწოდე ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ჩვენთან ამ მხრივ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ამჯერად არ გვისაუბრია, რადგან მათ ამჯერად აინტერესებდათ ის საკითხები, რომელზეც საქართველოს მთავრობას ზემოქმედება შეუძლია“.

ქვეყნის საგარეო კურსი - გზა ასოცირების შეთანხმების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, სახელმწიფოს მიერ უმცირესობათა უფლებების დაცვა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ეს საკითხები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, გამართულ შეხვედრაზე. უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით კი, მიკაელ იენსენი და ბორის ცილევიჩსი ასევე დაინტერესდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებით და კითხვებზე პასუხი უმრავლესობის წევრებისგან მიიღეს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებები მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებისგანაც მოისმინეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები შეხვედრებს - მათ შორის, რელიგიური უმცირესობების უწყებათშორის ჯგუფთან, საქართველოს შს მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელთან - 15 იანვარსაც გამართავენ.

დღის ბოლოს კი მათი ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG