Accessibility links

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში ვლინდება წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების ფაქტები


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

89 მომხრე, 10 წინააღმდეგი – კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში 1 ოქტომბერს საშემოდგომო სესიის ფარგლებში გამართულ სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია. საუბარია რეზოლუციაზე, სახელწოდებით „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში“, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის პედრო აგრამუნტის ანგარიში უდევს საფუძვლად. დოკუმენტი საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში ვიზიტების შედეგად მომზადდა. საქართველოს შემთხვევაში დაგმობილია წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დამტკიცებული რეზოლუციის მიხედვით, მართალია, რუსეთმა, თურქეთმა და საქართველომ გაატარეს რეფორმები და პრაქტიკული ზომები მიიღეს, რამაც აშკარად შეამცირა წინასწარი პატიმრობის შემთხვევათა რიცხვი, მაგრამ კვლავაც ვლინდება წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების ფაქტები ამ ქვეყნებში. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ საქართველოში კვლავაც იჩენს თავს პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა ხერხებით ნეიტრალიზება. აქვეა ხაზგასმული შესაძლებლობა – შერჩეულ იქნეს შედარებით „დამთმობი“ მოსამართლე, რომელიც გამოიტანს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის თაობაზე. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ პროკურატურამ, ახალი ბრალის წამოწევით, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურ ვადებს.

რეზოლუციის პროექტში, რომელსაც დეპუტატები 1 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავდნენ, არ არის მოხსენიებული ყოფილ მაღალჩინოსანთა გვარები, თუმცა ანგარიშში, რომელიც ამ რეზოლუციას დაედო საფუძვლად, ავტორი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ლიდერი პედრო აგრამუნტი - სახელებითა და გვარებით მოიხსენიებს როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ თავდაცვის მინისტრსა თუ ყოფილ მერს. პედრო აგრამუნტისთვის ამდენი ყოფილ მაღალჩინოსნისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა ამ მექანიზმის ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნებს და ამის შესახებ მან ხუთშაბათის სხდომაზეც ილაპარაკა.

საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების პროცესი რომ მიმდინარეობს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემაც დაადასტურა. ის შემაშფოთებლად და დემოკრატიული პროცესებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის მექანიზმის გამოყენებას ყოფილი პრემიერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრისა თუ (დაუსწრებლად) ყოფილი პრეზიდენტის მისამართით. დავით ბაქრაძემ ყველაზე ვრცლად ყოფილი მერის – გიგი უგულავას - თემაზე ილაპარაკა:

„ნება მომეცით მოგიყვანოთ ყველაზე გვიანდელი მაგალითი, მაგალითი თბილისის (ყოფილი) მერისა, რომელიც შარშან არჩევნების წინ დააკავეს – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა და თბილისის მერი ჩვენი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იყო. ის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს, თითქოს ეს გადაუდებელი საქმე იყო. შემდეგ მან 9 თვე გაატარა ციხეში ისე, რომ გამოძიებამ მას ვერანაირი დანაშაული ვერ დაუმტკიცა და როდესაც ეს 9 თვე გავიდა, – მაშინ, როდესაც კონსტიტუცია ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, – პროკურატურამ მოითხოვა წინასწარი პატიმრობის დამატებითი, ხელმეორე ვადა მისთვის“.

დოკუმენტის ტექსტი მიკერძოებულია და ავლენს სიმპათიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. ამასთან, რეზოლუციაში არსებულიცალკეული ელემენტები აჩვენებს საქართველოს სასამართლო სისტემის უპატივცემულობასა და მის საქმიანობაში ჩარევის წყურვილს...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ლიდერის პედრო აგრამუნტის ანგარიშს მიკერძოებულად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. თუმცა მონდომებული ქმედებების მიუხედავად, მათ მიერ მოთხოვნილი ცვლილებებიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არც ერთი არ გაიზიარა. დეპუტატი მანანა კობახიძე თვლის და ეს მან სხდომაზეც აღნიშნა, რომ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის ანგარიში და რეზოლუცია მიკერძოებულია:

„დოკუმენტის ტექსტი მიკერძოებულია და ავლენს სიმპათიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. ამასთან, რეზოლუციაში არსებულიცალკეული ელემენტები აჩვენებს საქართველოს სასამართლო სისტემის უპატივცემულობასა და მის საქმიანობაში ჩარევის წყურვილს. შესაბამისად, რეზოლუცია ახდენს ძირითადი ევროპული ფასეულობების დისკრედიტაციას. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ანგარიშში ნახსენები მაღალჩინოსნები ამჟამად ცნობილი არიან დამნაშავედ არაერთი სერიოზული ბრალდების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. გამორიცხულია რაიმე სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება და შესაძლებლობა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნეს ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის“.

ზეწოლის მცდელობამ დეპუტატებზე ზოგიერთი დეპუტატი გააღიზიანა და, როგორც მოსალოდნელი იყო, უკუეფექტი გამოიღო. სწორედ ამას ასახავს კენჭისყრის შედეგები – ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური განაჩენი ევროპაში „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის...

პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირება სხდომის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა და, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, ძალების მობილიზების დროს „ქართულმა ოცნებამ“ გადაამლაშა და მწარე მარცხიც იგემა:

„იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილის ჰიპერაქტიურმა ვიზიტმა აქ და ზეწოლის მცდელობამ დეპუტატებზე ზოგიერთი დეპუტატი გააღიზიანა და, როგორც მოსალოდნელი იყო, უკუეფექტი გამოიღო. სწორედ ამას ასახავს კენჭისყრის შედეგები – ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური განაჩენი ევროპაში „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის“.

რაც შეეხება თეა წულუკიანის ვიზიტს ევროსაბჭოში, 30 სექტემბერს, როდესაც სტრასბურგში უმაღლეს პირებთან შეხვედრებს მართავდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს შესახებ მართებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს და რეზოლუციების თემაში ჩარევას არ აპირებს. „ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ არავის მივცე საშუალება გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე ევროპულ დონეზე, გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება, უსაფუძვლოდ გაკრიტიკოს ის რეფორმები, რაც ჩვენს მთავრობას მიჰყავს სამართლებრივ სფეროში. მთავარი მიზანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა წულუკიანმა, რომლის აზრითაც, „საქართველოზე ობიექტური წარმოდგენა დღეს მხოლოდ კარგ წარმოდგენას ნიშნავს“.

1 ოქტომბრის სხდომის შემდეგ, ძველებურ აზრზე დარჩნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატებიც. მაგალითად, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპის სახალხო პარტია კვლავ თავისი პარტნიორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, მიკერძოებულ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და პედრო აგრამუნტის წარსულის გახსენებაც სცადა:

„ჩვენ აღარავინ აღარ გვყავს წინასწარ პატიმრობაში იმ პირებიდან, ვისი ინტერესიც ბატონ აგრამუნტს გააჩნია. მე, სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, რომ ბატონ აგრამუნტს ერთხელ მაინც ეთქვას საპროტესტო სიტყვა იმ ათასობით უკანონოდ დასჯილი და დევნილი ადამიანის დასაცავად, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში“.

პოლიტიკური ოპონენტების კამათის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, საკმაოდ სერიოზული შენიშვნები მისცა საქართველოს და კონკრეტული რეკომენდაციებიც მიაწოდა, რაც წინასწარი პატიმრობის შემცირებას ისახავს მიზნად. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა იმ პირის გათავისუფლებას ითხოვს, ვინც წინასწარ პატიმრობაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG