Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოს - შემდეგი ორი წლისათვის


ტორბიორნ იაგლანდი და მაია ფანჯიკიძე
ტორბიორნ იაგლანდი და მაია ფანჯიკიძე
6 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2013-2015 წლებში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს. ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, პენიტენციური სისტემა და პოლიციის რეფორმა, მედიის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კარგი მმართველობა, ადგილობრივი დემოკრატია, შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და ნდობის აღდგენის მექანიზმები - ამ სფეროებს მოიცავს სამოქმედო ჩართულობის გეგმა, რომლის ბიუჯეტი 17 მილიონი ევროა. 6 თებერვალს სამოქმედო გეგმის შესახებ ტორბიორნ იაგლანდმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენთან, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან, მედიისათვის კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, სრულიად იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებათა პატივისცემას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ამ პრინციპებით ქვეყნის მართვა საქართველოს ახალი ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, - განაცხადა 6 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, დემოკრატიული რეფორმებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ სამართლებრივი ბაზის შექმნა, დღეს უმთავრესი გამოწვევა ამ რეფორმების განხორციელებაა. 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა კი უკვე მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან რეფორმას მოიცავს და მიზნად ისახავს განამტკიცოს ადამიანის უფლებათა დაცვა, გააუმჯობესოს მართლმსაჯულების აღსრულება, ქვეყანაში განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ა.შ.. ეს დოკუმენტი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სტრუქტურებისათვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება.

ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც 34 პროექტს მოიცავს და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 17 მილიონი ევროა. ამ გეგმის დამტკიცება დაემთხვა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების მე-15 წლისთავს...
ტორბიორნ იაგლანდი
თავად ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს - ამ მხრივ, ქვეყანა ევროსაბჭოს ერთ-ერთი გამორჩეული წევრია, თუმცა კვლავაც რჩება განსახორციელებელი რეფორმები, რის გამოც შედგა კიდეც საქართველოსათვის 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა:

„ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც 34 პროექტს მოიცავს და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 17 მილიონი ევროა. ამ გეგმის დამტკიცება დაემთხვა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების მე-15 წლისთავს. აქვე უნდა ვახსენოთ საქართველოს მიერ ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებიც, რომლის შედეგად მშვიდობიანი გზით შეიცვალა მთავრობა და პრეზიდენტი. ეს ძალიან კარგი ნიშანია და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ასევე ჩატარდება. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას, თუმცა, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებს, საქართველოსაც სჭირდება რეფორმების გაგრძელება. განსაკუთრებით საჭიროა რეფორმები ეფექტური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მართლმსაჯულების მისაღებად და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვა“.

ტორბიორნ იაგლანდი და მაია ფანჯიკიძე
ტორბიორნ იაგლანდი და მაია ფანჯიკიძე
ტორბიორნ იაგლანდი ყოფილი მაღალჩინოსნების გახმაურებულ საქმეებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომი ისინი სასამართლომ კანონის უზენაესობის სრული დაცვით უნდა განიხილოს და ამ საქმეებს საფუძვლად უნდა ედოს აშკარა მტკიცებულებები. ამ საქმეების შესახებ იაგლანდს ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობის წევრებმაც მიაწოდეს, რომლებთანაც ასევე გაიმართა შეხვედრა. გენერალური მდივნის განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს, რომლებიც არ უნდა გადასცდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისათვის გასაგებია, თუ რატომ ამახვილებს ყურადღებას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სწორედ მართლმსაჯულების სფეროზე. მისი თქმით, ტორბიორნ იაგლანდისათვის კარგადაა ცნობილი, თუ რა რაოდენობის სარჩელი შედიოდა საქართველოდან ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და რომ დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტი საქართველოში კვლავაც პრობლემად რჩება.

საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მიერ ევროსაბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის თანმიმდევრულად შესრულება პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული სარჩელების შემცირებასთან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG