Accessibility links

გასაჩივრების მსურველებმა უნდა იჩქარონ


გირგვლიანის საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

გირგვლიანის საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2012 წლის 1 იანვრამდე მიღებული განაჩენების საფუძველზე, საქართველოში სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მომჩივანს 1 ივლისამდე აქვს. მიმდინარე წლის 27 მარტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა შესაძლებელია იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. თუ 1 ივლისამდე ის პირები, რომელთა სასარგებლოდაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, არ მიმართავენ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მათი საჩივარი განუხილველი დარჩება, თუმცა ეს დებულება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ გამორიცხავს. როგორც ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს, ამ ტიპის საქმეებს განეკუთვნება სანდრო გირგვლიანის საქმეც.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია შიდა ინსტანციის, ანუ საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნის დაყენება და დაინტერესებულ პირებს გადასინჯვისათვის სააპელაციო სასამართლოსთვის მისამართად ვადა 1 ივლისამდე აქვთ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 27 მარტს შესული ცვლილება ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დარღვევა.
სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ აკონკრეტებს გამოიყენებს თუ არა ამ უფლებას და როდის და რა ფორმით მიმართავს სააპელაციო სასამართლოს. დავით ჯანდიერი საუბრობს იმაზეც, თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს მთავრობამ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან მიმართებით:

მერე წავიდა სტრასბურგში და იქ მოიგო და ახლა კიდევ მხარემ უნდა იაროს, ეს არის ძალიან დიდი ტვირთის დაკისრება მხარისათვის ...

”საქართველოს მთავრობამ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ჩემთვის არის ცნობილი, მიმართა [ევროსაბჭოს] მინისტრთა კომიტეტს და წარადგინა ჩარჩო გეგმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად თუ რას აპირებენ ისინი და ეს გეგმა გასაიდუმლოებულია. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ჩვენ მიერ განაჩენის ხელახლა გადახედვის მოთხოვნა ან რა ტიპის მოთხოვნა იქნება დაყენებული შიდა ორგანოების მიერ, ამაზე ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.”

სტრასბურგის სასამართლომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაასკვნა, რომ სიცოცხლის უფლება იქნა დარღვეული და დაადგინა თანხობრივი კომპენსაცია 50 ათასი ევროს ოდენობით, რომლის გადახდა დაეკისრა სახელმწიფოს მოსარჩელის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელსაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 27 მარტს შესული ცვლილება მცირე ვადას აძლევს საქართველოში სასამართლოსთვის მიმართვის მსურველს და, მეორეც, იმ პირს, რომელმაც ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებით აღიდგინა დარღვეული უფლებები, ადგილობრივი სასამართლოებისთვის მიმართვით კვლავ იმავე პროცესის გავლა უწევს და ეს მისთვის დიდი ტვირთი იქნება:

ეს ეხმარება განმცხადებელს, მათ ინტერესებშია ეს ნორმა და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს, სწრაფად და ეფექტიანად აღასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები ...

” მხარე რომ აღიარებულია, რომ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია და კიდევ მხარეს დაეკისროს ისევ წავიდეს სასამართლოში ქვეყნის შიგნით, სადაც ამდენი იარა, მოიარა, მერე წავიდა სტრასბურგში და იქ მოიგო და ახლა კიდევ მხარემ უნდა იაროს, ეს არის ძალიან დიდი ტვირთის დაკისრება მხარისათვის, თანაც ასე მკაცრად შეზღუდულ ვადებში.”

ლია მუხაშავრიას სიტყვებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უნდა ეცნობოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ამ ცვლილების შესახებ. თუმცა, როგორც საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ლევან მესხორაძე ამბობს, ცვლილების ამოქმედება საპროცესო კოდექსში ისედაც იყო გათვალისწინებული, თუმცა გაცილებით გვიან. მისივე სიტყვებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი და სტრასბურგის სასამართლოს აღსრულების დეპარტამენტი ცვლილების შესახებ ინფორმირებულია და მათი მხრიდან ცვლილებამ მოწონებაც კი დაიმსახურა. მესხორაძის სიტყვებით, საპროცესო კოდექსის ამ დებულების მოქმედება კანონმდებლობის დახვეწით და ევროპულ კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანით არის მოტივირებული, რაც, საბოლოოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტიანობას გაზრდის:

”ეს ეხმარება განმცხადებელს, მათ ინტერესებშია ეს ნორმა და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს, სწრაფად და ეფექტიანად აღასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, ეს არის ამ ცვლილების ძირითადი არსი.”

გავიმეორებ, რომ, ადგილობრივი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თავის სასარგებლოდ შესაცვლელად, იმ პირმა, ვინც ამა წლის 1 იანვრამდე მოიგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 1 ივლისამდე უნდა მიმართოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG