Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ (არ) უნდა წავიდეს სტრასბურგში


ევროსასამართლოს შენობა
ევროსასამართლოს შენობა

28 თებერვალს, გვიან ღამით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამთავრობო კომისიამ შეარჩია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატი, რომელთაგან სამს საქართველოს მთავრობა წარუდგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. თავის მხრივ, ასამბლეა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს აირჩევს 2016 წლის შემოდგომაზე. კომისიის მიერ შერჩეულ ხუთ კანდიდატს შორის არიან იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები, თუმცა ყველაზე მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია მეორე ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის, გადასვლამ.

სამთავრობო კომისიამ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობდა, გასაუბრებისა და ქულათა დაჯამების შედეგად, შემდეგი ხუთი კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ღია კონკურსის წესით:

„ეს აჩვენებს იმას, რომ მთავრობა არის ღია და სურს, რომ სასამართლო, ომბუდსმენი, ადვოკატები, არასამთავრობო სექტორი და პროფესურა ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული და მადლობა მათ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღეს“.

თუმცა კომისიის წევრების ერთი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მთავრობისათვის წარდგენილ კანდიდატთა შორის აღმოჩნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებდა სამოქალაქო სექტორი ლევან მურუსიძის მხარდაჭერისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის გამო.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„მან მხარი დაუჭირა გასული წლის მიწურულს მიმდინარე კონკურსში მოსამართლეს, რომლის გადაწყვეტილებები სასტიკად არის გაკრიტიკებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ასეთ ადამიანს უნდა, რომ ევროპული სასამართლოს მოსამართლედ გააგრძელოს მოღვაწეობა. ასევე ცნობილია მისი ძალიან უცნაური განმარტებები ადამიანის უფლებათა კონვენციის მეათე მუხლთან დაკავშირებით - სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და მის შეზღუდვას შორის. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ თუ ადამიანები საუბრობენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და კრიზისზე, ეს არ უნდა გააკეთონ და სიტყვის თავისუფლება ამას არ გულისხმობს. ასევე გვახსოვს მისი პოზიცია „რუსთავი ორის“ საქმესთან დაკავშირებით“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ანა ნაცვლიშვილის გარდა, კომისიის არჩევანი მწვავედ გააკრიტიკა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, რომლის თქმითაც, შემთხვევით არაა, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდა კომისიაში ხელისუფლების წარმომადგენლების მაღალი შეფასებები:

„როდესაც აღმოჩნდა, რომ ევა გოცირიძემ მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლების ხმები, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ლევან მურუსიძეს ლობირებდა ხელისუფლება ევა გოცირიძის ხელით. შესაბამისად, ვაპირებ პრემიერ-მინისტრი გავაფრთხილო, რომ აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში, თუ მოხდება ევა გოცირიძის წარდგენა. პირადად მე და, ალბათ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ შემომიერთდება, წავალთ სტრასბურგში და იქ გამოვაცხადებთ შიმშილობას“.

ზაზა ხატიაშვილმა ევა გოცირიძის კომპეტენცია ერთი ქულით შეაფასა, ანა ნაცვლიშვილმა კი - ნული ქულით. ყოველივე ეს თავად ევა გოცირიძეს აფიქრებინებს, რომ საქმე აქვს ტენდენციურობასთან, რისი შემოწმებაც იოლად შეიძლება სხდომების დროს გაკეთებული აუდიოჩანაწერების საშუალებით.

„ამიტომ ეს მე მაქვს მათ მიმართ პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მათ აბსოლუტურად მიკერძოებულად და არაობიექტურად განახორციელეს ჩემი შეფასება. ეს იყო ტენდენციურობისა და არაობიექტურობის ნამდვილი პიკი. მე მიკვირს, რომ ისინი მუდამ საყვედურობენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ თითქოს საბჭო არაობიექტური შეფასებების შედეგად ახორციელებს მოსამართლეთა შეფასებას, მათ კი, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, ფაქტობრივად, პირველივე შემთხვევაში, გამოავლინეს ასეთი არაობიექტურობა. მხოლოდ კომპეტენტურობის შეფასებები ხდებოდა. აბსოლუტურად თამამად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს ამ სფეროში“, უთხრა ევა გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

ევროპის საბჭო ძალიან სერიოზულად უდგება ამ საკითხს. შესაბამისად, ამ სამი კანდიდატიდან შერჩევისას ძალიან ყურადღებით სწავლობენ მათ ბიოგრაფიებს და თავად ევროპის საბჭო იზრუნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად საუკეთესო იქნეს შერჩეული, თუმცა მათ შეუძლიათ სამივე კანდიდატი დაიწუნონ და ხელახლა მოხდეს კანდიდატის არჩევა...
ლია მუხაშავრია

ევა გოცირიძის საქმიანობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასევე აკრიტიკებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, თუმცა კომისიის კიდევ ერთი წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ამბობს, რომ ევა გოცირიძის კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლას მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილი კომპეტენტური ინსტიტუტების დიდმა ნაწილმა:

„საბოლოო შედეგებით, ის ხუთეულში მოხვდა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროსასამართლოსთან მუშაობის, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამეცნიერო ნაშრომები, სამართლის დოქტორია, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა და დააგროვა იმდენი ქულა, რომ, საერთო შეფასებით (საკმაოდ რთული სტრუქტურაა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებს აჯამებს), იქნა წარმოდგენილი ხუთეულში“.

ეკა ბესელიას თქმით, ხუთი კანდიდატიდან მთავრობა შეარჩევს სამს, რომლებიდანაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეარჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგით მესამე მოსამართლეს, მინდია უგრეხელიძისა და ნინო წოწორიას შემდეგ. როგორც ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ შემდეგ კრიტერიუმებს:

„უნდა იყოს ძალიან კარგი იურისტი, მდიდარი პროფესიული გამოცდილებით და, ასევე, ძალიან მაღალი მორალური სტანდარტის ადამიანი. მართალია, ორივე კრიტერიუმი ძალიან ზოგადია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ევროპის საბჭო ძალიან სერიოზულად უდგება ამ საკითხს. შესაბამისად, ამ სამი კანდიდატიდან შერჩევისას ძალიან ყურადღებით სწავლობენ მათ ბიოგრაფიებს და თავად ევროპის საბჭო იზრუნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად საუკეთესო იქნეს შერჩეული, თუმცა მათ შეუძლიათ სამივე კანდიდატი დაიწუნონ და ხელახლა მოხდეს კანდიდატის არჩევა“, უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG