Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონის საჯარო და გასაიდუმლოებულ ნორმებზე დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვენ


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო
დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული კონსტიტუციური დაცვის ზოგადი სტანდარტით, ადამიანის სატელეფონო საუბრის ფარულად მოსმენამდე საგამოძიებო სტრუქტურებმა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ყველა სხვა საშუალება უნდა ამოწურონ და მოსმენა მხოლოდ სულ ბოლო მეთოდად გამოიყენონ. ამასთან, უნდა არსებობდეს კონკრეტული მექანიზმი იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად აუცილებელი იყო ადამიანის სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენა.

საქართველოში მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენას შეეხება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მოსმენის წესს არეგულირებს, თუმცა რაიმე ვადას არ განსაზღვრავს. იმას, თუ რა პერიოდითაა ნებადართული კონკრეტული ადამიანის სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენა, დამოუკიდებლად არეგულირებს უწყებრივი ნორმატიული აქტი, რომელიც გრიფით საიდუმლოა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის გიორგი გოცირიძის განმარტებით: ”სატელეფონო საუბრის ფარულად მოსმენის კანონიერებას საბოლოოდ სასამართლო ადგენს. ეს შეიძლება მოხდეს წინასწარ, მოსმენის დაწყებამდე, ან უკვე დაწყებული მოსმენიდან 12 საათში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელმა ორგანომ სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს. თავის მხრივ, სასამართლო ცნობს კანონიერად ან უკანონოდ და ასევე ბრძანებით განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ადამიანის სატელეფონო საუბარი უნდა ისმინებოდეს. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს უწყებრივი ნორმატიული აქტით. რა ვადაა ამ აქტში მითითებული, განსაზღვრულია, მაგრამ გასაიდუმლოებული.”

2009 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტი სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს ამტკიცებდა, მომზადდა სპეციალური თავი, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ითვალისწინებდა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მოქმედი კანონი უნდა შეეცვალა. სპეციალური თავი წელს სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა შარშან ის პარლამენტმა საერთოდ გააუქმა. შესაბამისად, კვლავ ძალაშია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონი, რომლის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. გიორგი გოცირიძის განცხადებით, ”ასოციაცია მოითხოვს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დაწყების და დასრულების ვადა არ იყოს განსაზღვრული უწყებრივი ნორმატიული აქტით, რომელსაც ავტომატურად ადევს საიდუმლო გრიფი და განსაზღვრული იყოს კანონით, რომლის გასაიდუმლოება, უბრალოდ, შეუძლებელია.”

გიორგი გოცირიძის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსისთვის პარლამენტში ჯერ მომზადებული, შემდეგ კი გაუქმებული სპეციალური თავი პრაქტიკულად მოაგვარებდა პრობლემას, რომელსაც სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენისას ქმნის სასამართლო დავის საგნად ქცეული კანონი. ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ვადის გასაიდუმლოება სამართალდამცავებს ანიჭებს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის ფართო უფლებამოსილებას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლებს, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის პირადი ცხოვრების და პირადი შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლება. გიორგი გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის მუხლიც, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას უზრუნველყოფს და ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. კერძოდ, საფრანგეთის წინააღმდეგ არსებობს რამდენიმე საქმე, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ მოსამართლის მიერ გაცემული ნებართვა სატელეფონო საუბრის ფარულად მოსმენის შესახებ ვადით შეზღუდული უნდა იყოს. გიორგი გოცირიძის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაა ისიც, რომ მსგავსი დოკუმენტაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

საქართველოში სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენის ფაქტი სულ ბოლოს საზოგადოებამ დაახლოებით 3 კვირის წინ შეიტყო, მას შემდეგ, რაც ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორები დააკავეს. სწორედ ეს საქმე იქცა კიდევ ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელის მომზადების იმპულსად. ამ შემთხვევაში საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტით, ჯაშუშობა არ არის მხოლოდ ”უცხოეთის ქვეყნის, ორგანიზაციის ან მათი წარმომადგენლისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის ან სხვა მონაცემის შეგროვება ან გადაცემა.” ამავე პუნქტით, ჯაშუშობაა ”საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა.” განსხვავებით ამ პუნქტის დასაწყისისგან, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაზე საუბრობს, მისი გაგრძელება სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარია მედიასამართლის ექსპერტის, ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძისთვის. მას აინტერესებს რას ნიშნავს ”სხვა ინფორმაცია” და თუ ინფორმაცია არ არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, რატომ შეიძლება ის ქვეყნისთვის საზიანო იყოს?!

”ჩვენ ხომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს გამოხატვის თავისუფლება. მას უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ ასევე ვართ ხელმომწერი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს”, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. ადვოკატის თქმით, კოდექსის ეს მუხლი მოქალაქეებს არც იმას განუმარტავს, თუ რა იგულისხმება ”უცხოეთის ორგანიზაციაში,” რაც, მისივე შეფასებით, ტერმინის ფართოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომზადებული სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის პირველი პუნქტის ნაწილი იმდენად ბუნდოვანია, რომ ადამიანს საშუალებას არ აძლევს განსაზღვროს, კონკრეტულად რას უკრძალავს კანონი და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ნებისმიერ მოქალაქეს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG