Accessibility links

მეწარმეებს ევროსტანდარტების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სურთ


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდში დასაქმებული მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უფრო აქტიურად უნდა იფიქრონ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებაზე. საუბარია სტანდარტებზე, რომელთაც პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ევროპის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. ევროპის ბაზარზე სამეგრელოდან ძირითადად თხილი გადის, თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ირწმუნებიან, ბოლო რამდენიმე წელია საექსპორტო სიაში მოხვდა დაფნა, რამდენიმე სახეობის ბოსტნეული და ხილი.

ზუგდიდში მოქმედი თხილის საწარმო „ნათინვესტის“ დირექტორი დავით სვანიძე აცხადებს, რომ საინფორმაციო შეხვედრები ტარდება, თუმცა არა იმ სიხშირით, რამდენის საჭიროებაც არსებობს. დავით სვანიძე 2011 წლიდან ეწევა ევროპისა და აზიის ქვეყნებში თხილის ექსპორტს. ბიზნესმენი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დამწყები მეწარმეების საყურადღებოდ აცხადებს, რომ მთავარი სიძნელე მყიდველის მოძიებაა. დავით სვანიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესპარტნიორის შენარჩუნება უკვე მეწარმის კეთილსინდისიერ მუშაობაზეა დამოკიდებული:

„ეს ინიდივიდუალურად ყველასთან სხვადასხვანაირად არის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ აწარმოონ ნორმალური პროდუქცია“.

ასევე წლებია თხილის ექსპორტს ეწევა კომპანია „აგრო-ექსპორტ ჯორჯია“. როგორც მისი დირექტორი ჯენერ ბელქანია აცხადებს, პრაქტიკაში არ ჰქონია მომხმარებლებთან პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა, რაც წარმატების მთავარი მიზეზი გახდა. მიუხედავად გამოცდილებისა, მეწარმე ამბობს, რომ სურს მეტი ინფორმაციის მიღება:

„ბაზრის შესწავლა, ბაზრის კონიუქტურა, როგორ უნდა გახვიდე ბაზარზე - აი, ასეთი ინფორმაციები, საჭირო კი არა, აუცილებელია. თუ დრო შეირჩა ნორმალური, დიდი სიამოვნებით დავესწრები მსგავს ტრენინგებს“.

ევროპის ბაზარზე დაახლოებით ორ წელიწადში გეგმავს საკუთარი პროდუქტის გატანას კომპანია „STIMOR Associate“, რომელსაც სასათბურე მეურნეობა ხუთ ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული ზუგდიდის სოფელ ცაისში. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლიკა ქორქია აცხადებს, საამისოდ მუშაობა უკვე დაწყებულია. ბოსტნეულის მოსაყვანად დამატებითი მიწების დამუშავება და პროდუქტის რაოდენობის გაზრდა იგეგმება:

„სანამ პროექტს დავიწყებდით, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს სახელმწიფო სტრუქტურებიდან იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომ მოხდეს მისი რეალიზება საქართველოს ბაზარზე და მის საზღვრებს გარეთ. ეს ინფორმაცია ჩვენ დეტალურად მივიღეთ“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგული მიქავა აცხადებს, რომ მათი სამსახურის მოვალეობაა მეწარმეებს მიაწოდონ მათთვის საჭირო ინფორმაციები, მათ შორის, ექსპორტთან დაკავშირებული. ანგული მიქავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ მიზნით შეხვედრები დროდადრო იმართება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მისი ცნობით, ბოლო ხანებში მეწარმეების მომართვიანობა და დაინტერესება გაიზარდა:

„ვაწვდით ინფორმაციას, თუ რა სტანდარტით, როგორ ჯობია, როგორ უნდა აწარმოონ და ამის შემდეგ, თუ ისინი მოგვყვებიან, ვაწვდით ინფორმაციას, როგორც ზეპირს, ისე გვაქვს ბროშურები და ბუკლეტები. ამასაც ვაწვდით“.

ანგული მიქავას თქმით, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში, რომელიც ხობში ფუნქციონირებს, ამჟამად 4 თანამშრომელია დასაქმებული. ისინი, შეხვედრების პარალელურად, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციას გასცემენ ადგილზე, ოფისში, და ტელეფონის საშუალებითაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG