Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროვიზიის მხიარულება მძიმე თემის ფონზე


ევროვიზიის სცენის დასუფთავების პროცესი
ევროვიზიის სცენის დასუფთავების პროცესი

ორი თვეც და უკრაინა, კიევი, უმასპინძლებს პოპკულტურის ბრჭყვიალა, მხიარულ დღესასწაულს - ევროვიზიის სასიმღერო კონკურსს. და მართალია, კონკურსი მხიარულია, მას ზოგჯერ პოლიტიკური უთანხმოების ჩრდილი მიადგება ხოლმე. მაგალითად, შარშან კონკურსში გაიმარჯვა უკრაინელმა ჯამალამ, რომლის სიმღერაც ეხებოდა 1944 წელს ყირიმიდან თათრების გადასახლების ტრაგედიას. და წელსაც არის თემა, რომელიც აშკარას ხდის, რომ ევროვიზიის კონკურსი ამჯერადაც მძიმე თემისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ჩაივლის...

ევროვიზიის მხიარულება მძიმე თემის ფონზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00
გადმოწერა

საქმე ის არის, რომ უკრაინამ, შესაძლოა, თავის ტერიტორიაზე არ შეუშვას მომღერალი, რომელსაც რუსეთი გზავნის ევროვიზიის წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინის უშიშროების მთავარი უწყების, ესბეუს, განცხადებით, რომელიც 13 მარტს ფეისბუკით გავრცელდა, უწყება საკითხს შეისწავლის და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას რუსი მომღერლის თაობაზე. ამასთან, გადაწყვეტილება დაეფუძნება უკრაინის კანონს, რომლის თანახმადაც უკრაინას აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე არ შეუშვას პირები, ვინც ყირიმში იმყოფებოდა კიევისაგან შესაბამისი ნებართვის გარეშე. შარშან უკრაინამ შავ სიაში შეიყვანა 140 რუსი ხელოვანი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ყოფნის გამო.

და აი, რუსეთმა რამდენიმე დღის წინ, 12 მარტს, გამოაცხადა, რომ ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით კიევში გაგზავნას უპირებს 27 წლის იულია სამოილოვას, მაგრამ ნათელი არ არის, მას მიიღებენ თუ არა უკრაინაში: სამოილოვა, რომელიც კუნთოვანი სისტემის იშვიათი დაავადების გამო ეტლით გადაადგილდება, ყირიმში კონცერტზე გამოვიდა 2015 წელს, ანუ, დაახლოებით, ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა უკრაინის კუთვნილი ამ ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია.

„რუსეთის პროპაგანდის მანქანა, ჯერ ერთი, უფრო ძლიერია, მეორეც, უფრო ცინიკურია (...) ახლა ვხედავთ, რომ ინვალიდის ეტლსაც შეუძლიათ ამოეფარონ. ამიტომ საჭიროა მათთვის მკაფიო პასუხის გაცემა, ამასთან, უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში“, - ამბობს ინფორმაციის უკრაინელი ექსპერტი, იური კარინი.

კანონის დაცვის საჭიროებაზე მიუთითებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინიც, რომელმაც ვებპორტალ ლიგა.ნეტ-ს უთხრა: კანონი ყველას ერთნაირად უნდა შეეხოს, რუსეთი მრავალი წელია პროვოკაციებს აწყობსო.

იულია სამოილოვა
იულია სამოილოვა

თუმცა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ იულია სამოილოვას შესახებ გადაწყვეტილებაში პროვოკაციული არაფერია და ის დამოუკიდებლად მიიღო სახელმწიფო მაუწყებელმა, პირველმა არხმა. პესკოვის თქმით, საერთოდ ძნელი იქნება მოძებნო ვინმე, ვინც ყირიმში არ არის ნამყოფი. პესკოვი, ალბათ, რუს მომღერლებს გულისხმობდა. და კიდევ: პესკოვმა გამოთქვა რწმენა, რომ„სრულიად დაუშვებელია“ ევროვიზიის პოლიტიზება.

ამას ამბობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც სწორედაც რომ სჩვევია ხელოვნების პოლიტიზება. გავიხსენოთ, თუნდაც, რუსეთის სიმფონიური ორკესტრის შარშანდელი კონცერტი სირიის ქალაქ პალმირაში, ღია ცის ქვეშ, ან რუს ხელოვანთა, მათ შორის, ვალერი გერგიევის, მიხაილ ბოიარსკის, ოლეგ ტაბაკოვის ხელმოწერებით დამშვენებული წერილები, რომლებითაც მხარდაჭერას უცხადებდნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მაშ, რატომ არ უნდა მოხდეს, კრემლის პრესმდივნის აზრით, მაინცდამაინც ევროვიზიის კონკურსის პოლიტიზება?

ასეა თუ ისე, მაისში უკრაინაში 14 ათასამდე ადამიანს მოელიან მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ შოუსთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველო კიევში მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს გზავნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG