Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააკავეს ბაჩო ახალაია?


ბაჩო ახალაია დაკითხვის დაწყებამდე
ბაჩო ახალაია დაკითხვის დაწყებამდე
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას, რომლებიც, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 6 ნოემბერს დააკავეს, ბრალი ჯერ არ წაჰყენებიათ. სამივე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავებას საფუძვლად დაედო ამავე უწყების ყოფილი თანამშრომლების საჩივარი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შევიდა. იუსტიციის სამინისტრომ საჯარო გახადა 5 მოწმის ჩვენება, სადაც ისინი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსსა და მე-4 ბრიგადის მეთაურს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელენ. ბაჩო ახალაიასა და გენშტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაკავებას საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკურ დევნად და გენშტაბში ახალი ხელისუფლების სასურველი კანდიდატის დანიშვნის მცდელობასთან აკავშირებს.

ჩვენება იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ხუთი მოწმისა, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან, დაახლოებით იმეორებს იმ ტექსტის შინაარსს, რომელზეც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

„ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს დანის ტარი თავში ჩაარტყა. აღნიშნულის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ბრიგადაში გადაიყვანა. აქ, ბრიფინგის ოთახში, მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სამხედრო მოსამსახურეებს, რის შემდეგაც დაზარალებულთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობის დაახლოებით 20-30 კაცის წინაშე ეზოში, ე.წ. ”პლაცზე” მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ. გუშინ და დღეს დილით, გამთენიისას, გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას არაერთგზის - ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

როგორც 5 მოწმის ჩვენებიდან ჩანს, ერთ-ერთი მათგანი გასული წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრის კაბინეტში მოტყუებით წაიყვანეს - ტელეფონით დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს; დანარჩენები კი სამხედრო ბრიგადის ტერიტორიიდან იქნენ წაყვანილი.

სამი დაკავებული პირის ადვოკატი დავით დეკანოიძე წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ბრალის წაყენებისას დამატებით მტკიცებულებებს ელოდება:

”ბრალს, მე მგონი, დღეს წაუყენებენ, საქმის მასალებსაც მივიღებთ და უფრო ზუსტად გვეცოდინება, რა აქვს ბრალდების მხარეს, რა მტკიცებულებები აქვს. დღეს რაც ჩვენ ვიცით, ეს არის აბსურდი”.

ადვოკატ დავით დეკანოიძის განცხადებით, არც ერთი დაკავებული პირი ბრალს არ აღიარებს.
წინასაარჩევნოდ გვესმოდა დადანაშაულება იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გააჩაღა ომი. სამწუხაროდ, ეს მოვისმინეთ არჩევნების შემდეგაც. დღეს დილით კი მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი, სხვა პირებთან ერთად, დაკავებულია ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას, არც შეიარაღებული ძალების როლს ჩვენს საზოგადოებაში...
მიხეილ სააკაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავებას საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური მოტივაციით ხსნის, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიულოცა, რომ მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირველი პოლიტპატიმარი გაჩნდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს დაკავება იქნება ახალი ხელისუფლების ტესტი, რამდენად მოახერხებს ის სამართლის სივრცეში დარჩენას. ამასთან, დავით ბაქრაძის სიტყვებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის დაკავება დეკემბერში დანიშნული ნატოს სამიტის წინ კანდიდატი სახელმწიფოსთვის სერიოზული პრობლემების მომასწავებელი იქნება.

”კანდიდატი სახელმწიფოს გენშტაბის უფროსის დაპატიმრება ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის დეკემბერში. ეს არ იქნება თქვენი პრობლემა, როგორც მთავრობის. ეს არ იქნება ჩვენი პრობლემა, როგორც ოპოზიციის. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის პრობლემა”.

დავით ბაქრაძის მსგავსად, ნატოს სამიტის წინ საქართველოს რეპუტაციის შელახვაზე ლაპარაკობს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაც. მისი სიტყვებით, გენშტაბის უფროსის სისხლის სამართლის დევნის დაწყებას საფუძვლად უდევს საკადრო სარჩულიც, რადგან ახალმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ თანამდებობაზე სასურველი კანდიდატურის დანიშვნა. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დაკავებას, გიგა ბოკერიას სიტყვებით, წარმოდგენილი ბრალდებით მისი დაკავება აბსურდია, იმის გათვალისწინებით, რომ ის საქართველოში საკუთარი სურვილით დაბრუნდა. გიგა ბოკერია ხელისუფლებას დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მოუწოდებს:

”ერთადერთი ნაბიჯი, რომელმაც ახალი ხელისუფლების ბრალეულობა ოდნავ შეიძლება შეამსუბუქოს, ეს არის ყველა ამ დაკავებული პირის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. იმ პირობებში, როცა ისინი ყველანი მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ეს არის ერთადერთი სამართლებრივი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ოდნავ შეამსუბუქოს მათი პასუხისმგებლობა”.

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც სატელევიზიო მიმართვაში:

”წინასაარჩევნოდ გვესმოდა დადანაშაულება იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გააჩაღა ომი. სამწუხაროდ, ეს მოვისმინეთ არჩევნების შემდეგაც. დღეს დილით კი მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი, სხვა პირებთან ერთად, დაკავებულია ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას, არც შეიარაღებული ძალების როლს ჩვენს საზოგადოებაში".

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გენშტაბის უფროსის დაკავებას სამწუხარო ფაქტი უწოდა:
ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

”დღეს მოხდა სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენი გაერთიანებული შტაბის უფროსს ბრალი წაუყენეს და საკმაოდ მძიმე ბრალდება, მაგრამ, ბუნებრივია, თავის სიტყვას იტყვის გამოძიება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე ბრალდება არ დამტკიცდება სასამართლოში. ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმფციას”.

საპარლამენტო უმრავლესობა დაკავების პოლიტიკურ საფანელს აბსოლუტურად გამორიცხავს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხვა ბრალდებებიც არსებობს. ამჯერად რეაგირება მხოლოდ ზემოთ ნახსენები ჩვენების საფუძველზე მოხდა, თუმცა, როგორც არჩილ კბილაშვილმა დასძინა, ”დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში არის მრავალი განცხადება მრავალი ეპიზოდის შესახებ, რომლებშიც მოცემული პირები იმხილებიან”.

საპარლამენტო უმცირესობამ, განვითარებული მოვლენების გამო, პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. უმრავლესობამ ეს ქმედება საპროცედურო ომად შეაფასა.

აქვე გეტყვით, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, გენშტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის უფროსს ზურაბ შამათავას ბრალი ჯერ არ წაჰყენებიათ. პროკურატურას ბრალის წასაყენებლად დაკავებიდან 48-საათიანი ვადა აქვს.

დააკავეს ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:56 0:00
გადმოწერა
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG