Accessibility links

logo-print

მაია მიმინოშვილს პოლიციის აკადემიის რექტორი ცვლის


ხატია დეკანოიძე, დიმიტრი შაშკინი

ხატია დეკანოიძე, დიმიტრი შაშკინი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი წარადგინა. ის გახლავთ პოლიციის აკადემიის უკვე ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე. ამას გარდა, განათლების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის გუშინდელ განცხადებასაც უპასუხა. 29 მაისს, საღამოს, მაია მიმინოშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ დიმიტრი შაშკინმა 600 ყალბი ატესტატი გასცა.

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ხატია დეკანოიძე სამინისტროში შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით დაუხასიათა:

”ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ეს არის ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ახალ ეტაპზე გადაიყვანს განათლების რეფორმას.”
ჩემი პირველი ამოცანაა, რომ მისაღებმა გამოცდებმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. მე ვიქნები ამის გარანტი სახელმწიფოს სახით, მე ვიქნები სწორედ გამოცდების დამცველი, ასე რომ, ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - უბრალოდ, იწყება ჩემთვის მორიგი სამუშაო დღე, რომელსაც შევასრულებ, ალბათ, ისევე პირნათლად, როგორც აქამდე ვასრულებდი...

პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის ხატია დეკანოიძის სიტყვებით კი, დღეიდან მისთვის, უბრალოდ, ახალი სამუშაო დღე იწყება. ის ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება, ვისაც არა, ის წავა. ასე ხატია დეკანოიძემ გამოცდების ეროვნული ცენტრის იმ 60 თანამშრომელს უპასუხა, რომლებიც ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ სამსახურს ტოვებს. სულ გამოცდების ეროვნულ ცენტრს 170 თანამშრომელი ჰყავს, მათი ნაწილიც სამსახურის დატოვებას გეგმავს. თუმცა ხატია დეკანოიძე არ შიშობს, რომ თანამშრომლების გარეშე დარჩება, დღეს ის ახალ სამსახურში მისვლასაც გეგმავდა:

”რა შეეხება გეგმებს, ჩემი პირველი ამოცანაა, რომ მისაღებმა გამოცდებმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. მე ვიქნები ამის გარანტი სახელმწიფოს სახით, მე ვიქნები სწორედ გამოცდების დამცველი, ასე რომ, ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - უბრალოდ, იწყება ჩემთვის მორიგი სამუშაო დღე, რომელსაც შევასრულებ, ალბათ, ისევე პირნათლად, როგორც აქამდე ვასრულებდი.”

აქვე ვთქვათ, რომ განათლების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წარდგენისას გაცილებით მეტი დრო დაუთმო ცენტრის ყოფილი დირექტორის, მაია მიმინოშვილის, განცხადების კომენტირებას.

29 მაისს ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში მაია მიმინოშვილმა განათლების მინისტრი 600 ყალბი ატესტატის გაცემაში დაადანაშაულა. როგორც განათლების სამინისტროს ვებსაიტი იტყობინება, ”სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატი მიიღო 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება. პირველი კატეგორიაა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ატესტატი აიღო ასევე 14-მა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.”
მირეკავს მინისტრი და მეუბნება, რომ სულ დაავიწყდა, რომ ბრძანება აქვს გამოცემული და ამ ბრძანებით არის გამყარებული ამ ატესტატების დარიგება. ჯერ ერთი, ეს ბრძანება გამოცემულია 17 ივლისს, 17 ივლისს გამოსაშვები გამოცდები კი არა, მისაღები გამოცდებიც ლამის დამთავრებულია, ყველანაირი პროცესია დამთავრებული, ანუ პოსტფაქტუმ აქვს ეს ბრძანება გამოცემული...

მათთვის სპეციალური სერიის ატესტატის გაცემის აუცილებლობა განაპირობა იმან, როგორც დიმიტრი შაშკინმა ახსნა, რომ უცხოეთის სასწავლებლებში მისაღები გამოცდები საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდებს ემთხვეოდა:

”განათლების კანონის სრულ შესაბამისობაში, მინისტრმა გასცა ბრძანება, რომელიც არის გამაგრებული იმ ბაზებით, რომელიც არსებობს, რომელიც იყო მაია მიმინოშვილის დაქვემდებარებაში. აქედან გამომდინარე, ზედმეტია ლაპარაკი და სიცრუეა, ტყუილია და, ამავდროულად, გუშინ რაც მოვისმინე, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, როდესაც ცდილობდნენ ეროვნული შუღლის გაღვივებას ჩვენს ქვეყანაში.”

დიმიტრი შაშკინის ამ განცხადების საპასუხოდ, მაია მიმინოშვილი იხსენებს მოვლენებს, მომხდარს 2011 წლის აგვისტოში - მას შემდეგ, რაც საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დასრულებული იყო. გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართეს მოსწავლეებმა განცხადებით, რომ მათ ატესტატები აქვთ, მაგრამ არ მიეცათ გამოცდებში მონაწილეობის უფლება. ამის შესახებ, მაია მიმინოშვილის თქმით, მან მინისტრს აცნობა, რაზეც მინისტრისგან მიიღო პასუხი, რომ ის ინფორმირებულია და რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით იყო გამყარებული. მაია მიმინოშვილის სიტყვებით, ეს მონაცემები მათ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნეს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ გაცემული ატესტატები იყო ყალბი და თუ კიდევ რაიმე ამის მსგავსს შეიტყობდნენ, ეცნობებინათ. თუმცა საქმეს სხვა მსვლელობა არ მისცემია, მოგვიანებით კი, როგორც მაია მიმინოშვილი ამბობს, მას განათლების მინისტრმა დაურეკა:

”მირეკავს მინისტრი და მეუბნება, რომ სულ დაავიწყდა, რომ ბრძანება აქვს გამოცემული და ამ ბრძანებით არის გამყარებული ამ ატესტატების დარიგება. ჯერ ერთი, ეს ბრძანება გამოცემულია 17 ივლისს, 17 ივლისს გამოსაშვები გამოცდები კი არა, მისაღები გამოცდებიც ლამის დამთავრებულია, ყველანაირი პროცესია დამთავრებული, ანუ პოსტფაქტუმ აქვს ეს ბრძანება გამოცემული. თუ ასეთ რამეს უპირებდა იმ ჩაჭრილ თუ ვერგამოცხადებულ მოსწავლეებს, მაშინ ამ მოსწავლეებს წინასწარ უნდა სცოდნოდათ.”
თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთი ტიპის ატესტატს ვაძლევთ, მათ სამუდამოდ ვუკრძალავთ საქართველოში სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში და იძულების წესით ვეუბნებით, წადი ბაქოში და ერევანში და იქ გააგრძელე სწავლაო. ეს არის ეთნიკურ უმცირესობებზე ზრუნვა?..

მაია მიმინოშვილი ეხმაურება ასევე სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, რომელიც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ეს არის აზრთა სხვადასხვაობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინისტრმა ასეთ მოსწავლეებს სპეციალური სერიის ატესტატები მისცა, რომლითაც მათ უცხოეთში სწავლის გაგრძელება შეეძლებოდათ, და ამ აზრის მოწინააღმდეგეები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.

”თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთი ტიპის ატესტატს ვაძლევთ, მათ სამუდამოდ ვუკრძალავთ საქართველოში სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში და იძულების წესით ვეუბნებით, წადი ბაქოში და ერევანში და იქ გააგრძელე სწავლაო. ეს არის ეთნიკურ უმცირესობებზე ზრუნვა? იმათ რა ატესტატიც უჭირავთ ხელში, იმით შანსიც არ აქვთ, რომ ხელმეორედ გავიდნენ გამოსაშვებ გამოცდაზე და გამოასწორონ ვითარება, რომ რაშიც ჩაიჭრნენ, ის საგანი ჩააბარონ და მიიღონ ჩვეულებრივი ატესტატი, რომელიც მისცემს საშუალებას სომეხს - ახალქალაქელ სომეხს - ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისწავლოს. ეს არის თანაბარი პირობები ეთნიკური უმცირესობებისთვის?” - კითხულობს მაია მიმინოშვილი.

შეგახსენებთ, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად განათლების სამინისტრომ სამი რამ დაასახელა: სამინისტროს სურვილი იყო პედაგოგებისთვის შექმნილიყო კომფორტული გარემო როგორც საატესტატო ნაწილში, ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს, რასაც მიმინოშვილი ეწინააღმდეგებოდა. მეორე - სამინისტრო გეგმავდა გამოცდების ამერიკული მოდელის დანერგვას და "8 + 1" მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს საატესტატო გამოცდებს და ერთ გამოცდას უნარებში, რასაც ასევე მოჰყვა მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა. და მესამე - ასევე აზრთა სხვადასხვაობა იყო საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით, რაც მათ საშუალებას აძლევდა, სურვილის შემთხვევაში, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ.
გიგი თევზაძე

გიგი თევზაძე


ამასთან, როგორც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, წინააღმდეგობა იყო ასევე მაია მიმინოშვილსა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს შორის. გიგი თევზაძე იმედოვნებს, რომ ასეთი წინააღმდეგობები ნაკლებად იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორთან, ხატია დეკანოიძესთან:

”მე იმედი მაქვს, რომ მეტი კოორდინაცია გვექნება და გამოცდების ცენტრის ახალი დირექტორი იქნება უფრო ადეკვატური უნივერსიტეტთან ურთიერთობაში და უფრო მეტად მიგვიღებს ჩვენ, როგორც დამკვეთებს და არა როგორც, უბრალოდ, სისტემის თანამშრომლებს.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG