Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ოპტიმისტური გამოფენა” ეროვნულ გალერეაში


საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ახალ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია - ”80-იანი წლების ქართული ხელოვნება” - 27 სექტემბერს გაიხსნა.

”ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, გამოფენის საზეიმო გახსნა არ მოეწყობა”, - გაგვაფრთხილეს ორგანიზატორებმა 27 სექტემბერს (ამ გამოფენის ორგანიზატორები არიან გოეთეს ინსტიტუტი, ირინე პოპიაშვილი და, ცხადია, ეროვნული გალერეა), თუმცა ექსპოზიციის გახსნას მაინც უამრავი ხალხი დაესწრო. გახსნის ცერემონიალი საზეიმო არ ყოფილა - ორკესტრი არ უკრავდა და შამპანურს არ სვამდნენ, მაგრამ განწყობა მაინც საკმაოდ მხიარული იყო... და არა იმიტომ, რომ იმ დღეს ქართულ საზოგადოებას, ხელოვნების მოყვარულებს ”სამხიარულოდ” ჰქონდათ საქმე: ოპტიმისტურ ინტონაციას თავად ეს ნამუშევრები ქმნიდა - ფერწერა, გრაფიკა, ფოტოსურათები... ეს იყო 80-იანი წლების ეპოქის ოპტიმიზმი.

ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანმა, რომელსაც გამოფენის გახსნაზე ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ 80-იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურია ქართული ხელოვნების ისტორიაში, საერთოდ, და მას თავისი ძირები აქვს 70-იანი წლების ბოლოს - გია ეძგვერაძის, ლევან ჭოღოშვილის, ირაკლი ფარჯიანის, კარლო კაჭარავასა და სხვათა ნამუშევრებში:

”რადიკალიზმი, ნოვაციაზე ორიენტირება და, რაც მთავარია, ოპტიმიზმი... როგორი ტრაგიკულიც უნდა ყოფილიყო ეს ეპოქა, ყველას რაღაცის სჯეროდა... ისევე როგორც 10-იანი წლების მოდერნიზმსა და ავანგარდში, იგივე ზდანევიჩისა და დავით კაკაბაძის შემოქმედება. ეს დრო მინდა დავაკავშირო ერთმანეთთან, რადგან ყველაზე დინამიკური ეპოქებია... იქაც ოპტიმიზმი იყო და აქაც იყო რაღაც მოლოდინი.”

ოპტიმიზმის გარდა, ამ ორი ეპოქის ხელოვნებას მხატვრული სტილიც აერთიანებს - უფრო სწორად, სტილის მრავალფეროვნება თავად სიცოცხლის სასარგებლოდ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არა იმდენად ”პოეზია უპირველეს ყოვლისა”, რამდენადაც ”სიცოცხლე, უპირველეს ყოვლისა, პოეზიაში”. ნანა ყოფიანის თქმით, ესაა ”ცხოვრების და შემოქმედების შეზრდილობა. ანუ არაა აუცილებელი ნამუშევარი მხატვრულად დასრულებული იყოს, როგორც დაზგური სურათი - ეს იყო ცხოვრების, პროცესის ასახვა.“

როგორი იქნებოდა გამოფენა, რომელიც დღევანდელობას ასახავს... - სხვაგვარად დავსვათ კითხვა: დრო რომ გავიდეს და 2012 წელს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყოს, როგორ დაახასიათებდა ნანა ყიფიანი ამ ექსპოზიციას?

ეს მხატვრები, კარლოს გარდა, ყველანი ცოცხლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ დაქვეითებული აქვთ ეს შემოქმედებითი ჟინიო, - გვითხრა ნანა ყიფიანმა.

დაქვეითება, აპათია, დაღლა... - ეს განწყობა გამოჩნდა ამ მხატვრების მოღვაწეობაში დღეს. როგორც ნანა ყიფიანმა გვითხრა, ხელოვნება კი არ დაუპირისპირდა სოციუმს, არამედ შეეზარდა მას და დამორჩილდა.

”ცხოვრებას ხატოვან მეტაფორად აღიქვამენ უკვე და ზედმეტი ესთეტიზმი შეეპარა ხელოვნებას. შეიძლება შეიცვალოს, არ ვიცი, მაგრამ ასე არ იყო 80-იან წლებში. ის დრო ესთეტიზმზე და მხატვრული ფორმის მოგვარებაზე არ იყო გათვლილი. ეს იყო სურათი, რომელიც იქცა ეკრანად - დაზგური სურათი, რომელშიც კი არ შედიხარ, არამედ ის მოდის შენთან და ეს იყო ადეკვატური იმ დროსთან”, - გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანმა.

შეიძლება შეიცვალოსო, ანუ ისევ გაჩნდეს ცვლილების იმედი მხატვრობაში? იქნებ შემთხვევითი არაა, რომ 80-იანი წლების ამსახველი ეს გამოფენა, ეს ”ოპტიმისტური გამოფენა”, მაინცდამაინც დღეს გაიხსნა...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG