Accessibility links

logo-print

ორტუნგი, გილორი, შევცოვა უკრაინის მოვლენებს აფასებენ


რუსეთის პრეზიდენტმა მორიგი განკარგულებით ყაზარმებში დაბრუნება უბრძანა მრავალათასიან რუსულ ჯარს, რომელიც ზაფხულის შემდეგ, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს წვრთნებს გადიოდა. თუმცა დასავლეთი კვლავ არ ჩქარობს ეს ჟესტი უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვის გულწრფელ სურვილად შეაფასოს.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორმა რობერტ ორტუნგმა “ამერიკის ხმის” რუსულ რედაქციას ამასთან დაკავშირებით, კერძოდ უთხრა:

„როგორც ჩანს, ჯარების გაყვანის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იმას მოწმობს, რომ ის არ გეგმავს უკრაინაში რუსული სამხედრო დისლოკაციის გაფართოებას. ის დარწმუნდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ამას ძალიან შეზღუდული მხარდაჭერა აქვს, ხოლო რუსულმა ჯარებმა საკმაოდ დიდი დანაკლისი განიცადეს შეტევის გასაგრძელებლად. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების უზრუნველყოფას აგრძელებს და მათ ბოლომდე განადგურებას არ დაუშვებს.“

პიტსბურგის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის პროფესორი შონ გილორი "ამერიკის ხმას" უცხადებს:

„წვრთნების შემდეგ, რუსეთის ჯარების ყაზარმებში დაბრუნება არსებული მდგომარეობის საინტერესო განვითარებაა, რაც გვიჩვენებს პუტინის მცდელობას პარასკევს, იტალიაში პოროშენკოსთან დაგეგმილი შეხვედრის კონტექსტში დაძაბულობა შეარბილოს. პუტინის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს სამი შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

პირველი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ სეპარატისტებსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მას წარმატებულად მიაჩნია, თვლის, რომ ღია კონფლიქტის განახლება ნაკლებად სავარაუდოა და მოლაპარაკებებზე მიღწეული ნებისმიერი შედეგი უპირატესობას მას მიანიჭებს. ეს უპირატესობა, რუსეთის ორბიტაში მოქცეული აღმოსავლეთ უკრაინა იქნება, რაც მთელი უკრაინის შემდგომი დესტაბილიზაციის გამომწვევ ბერკეტად გამოადგება.

მეორე მიზეზი, შესაძლოა, ამერიკის ოფიციალური პირების განცხადება იყოს, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმების საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ჯარები გაყვანილი იქნება და სამშვიდობო შეთანხმება დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედებს.

მესამე მიზეზი მეორის თანმხლები შედეგია. ჯარების გამოყვანა, შესაძლოა რუსეთში ეკონომიკური სიტუაციის მიმდინარე გაუარესების პასუხი იყოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უბრალო დამთხვევაა. ჯარების გამოყვანის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში 40-მდე დაეცა, ბარელი ნავთობის ფასი კი 90 დოლარამდე შემცირდა. ეს ორი ფაქტორი, სანქციებთან ერთად, შეიძლება რუსეთისთვის იმის სიგნალად იქცეს, რომ მას კონსტრუქციული გადაწყვეტილებების ძიებაზე გადართვა მოუწევს.”

შონ გილორის მიაჩნია, რომ პოროშენკოსთან შეხვედრის წინ პუტინმა სიმბოლური ჟესტი გააკეთა და რომ ჯარების გაყვანის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება არ ღირს. მისი თქმით, პუტინს ჯარებისთვის უკანდახევის ბრძანება ადრეც მიუცია და მას ადვილად შეუძლია იგივე ჯარები კვლავაც დააწინაუროს.

კარნეგის მოსკოვის ცენტრის წამყვან მკვლევარს ლილია შევცოვას, "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციასთან საუბარში მიაჩნია, რომ ახლა ყალიბდება ის ტენდენციები, რომელიც მომავალში შეხედულებებს განსაზღვრავს საერთაშორისო ურთიერთობებზე, უსაფრთხოების აღქმაზე, სტაბილურობასა და იდეოლოგიაზე.

მკვლევარის აზრით, რუსეთის სახელმწიფო ადგას თვითმკვლელობის გზას, რომელიც 2012-2013 წლებში დაიწყო. შევცოვა ფიქრობს, რომ საკუთარი ხელისუფლების გადასარჩენად და თვითმპყრობელური სისტემის შესანარჩუნებლად კრემლმა რუსეთი 1991 წლის მოდელზე დააბრუნა. “ამ მოდელმა საბჭოთა კავშირი დაშლამდე მიიყვანა. ეს ფაქტობრივად, ცენტრალიზებული ხელისუფლების მილიტარისტული მოდელია, რომელიც ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს ჰგავს და გადარჩენა მხოლოდ შიდა და გარე მტერთან გამუდმებული ბრძოლით შეუძლია”-ამბობს ის.

გავლენიანი რუსი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამჟამად, რუსეთისთვის გარკვეული დროით სულის მოთქმის საშუალება სწორედ ისეთმა ფაქტორმა განაპირობა, როგორიცაა რესურსების მილიტარისტული მობილიზაცია, რასაც ადამიანების ყურადღება ყოველდღიური პრობლემებიდან, მათ შორის ინფლაციიდან, დამავალი ცხოვრების დონისგან, დამნაშავეობის და კორუფციის ზრდისგან გადააქვს.

მეორე ფაქტორი დასავლეთის უუნარობაა, რომელსაც ძალა არ შესწევს კრემლის პრიორიტეტების ცვლილებებს და მის აგრესიას პასუხი გასცეს."

ეს ყოველივე, კი მისი განცხადებით, “თანამედროვე ლიბერალური ცივილიზაციის მოდელის და ევროკავშირის კრიზისია, ეს შეერთებული შტატების საკუთარ ნიჟარაში ჩაკეტვაა. თუმცა მთავარი ფაქტორი მაინც ურთიერთზე დამოკიდებულებაა. არა მხოლოდ რუსეთია დამოკიდებული იმაზე, გაზის და ნავთობის დასავლეთში გაყიდვას შეძლებს თუ არა და თუ შეძლებს, როგორ ფასში. დასავლეთიც, განსაკუთრებით ევროპა, რუსეთზე, როგორც ენერგომიმწოდებელზე, არის დამოკიდებული. რუსეთის შესაკავებლად დაწესებული დასავლური სანქციები, დასავლეთის კომერციულ ინტერესებსვე აზარალებს. ამის შედეგად რუსულ სისტემურ რევანშიზმს ხანმოკლე სულის მოთქმის საშუალება ეძლევა.”

შევცოვა აგრძელებს, რომ “ჩნდება იმის ილუზია, რომ ეს სულის მოთქმა შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს. სავსებით აშკარაა, რომ რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა, მან უკრაინის გაურკვეველ, ნაცრისფერ ზონაში გაჩერება შეძლო. დასავლეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების დასაცავად გადამწყვეტი მოქმედება, აგრესიის და ანექსიის აღკვეთა ვერ შეძლო. დაგვიანებული სანქციების მიუხედავად, დასავლეთი მიუნხენის სულისკვეთებით მოიქცა. პუტინმა დასავლეთის ლიდერებს მოუგო და თამაშის ისეთი წესები მოახვია თავს, რისთვისაც ისინი მზად არ იყვნენ. მაგრამ ილუზია ილუზიად რჩება. პუტინმა, თავისი ქმედებით, არსებული სახელმწიფო მოწყობის საძირკველში დაყოვნებული მოქმედების ნაღმი ჩადო და ის ადრე თუ გვიან ამოქმედდება. თანდათან, რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაც იცვლება, რაც გარკვეულ ოპტიმიზმს ბადებს.“

XS
SM
MD
LG