Accessibility links

logo-print

საერთაშორისო შუამავლები პალესტინაში, ტერაქტი - თელ-ავივში


ავტობუსის აფეთქების შედეგად ათი კაცი დაიჭრა

ავტობუსის აფეთქების შედეგად ათი კაცი დაიჭრა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევა კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რეგიონში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ამ ფონზე ისრაელის რადიო იუწყება, რომ თელ-ავივში ტერორისტული აფეთქება მოხდა ავტობუსში, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიჭრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ოთხშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრა ნაწილია საერთაშორისო ძალისხმევისა, რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ისახავს მიზნად. რამალაში ყოფნისას ბან კი მუნმა „ჰამასს“ მოუწოდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და თქვა, რომ დაუშვებელია ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან ისრაელის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო იერიშების განხორციელება. გაეროს გენერალურმა მდივანმა ისრაელსაც მოუწოდა „მაქსიმალურად შეიკავოს თავი“ სარაკეტო იერიშებისაგან:

„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის რაკეტების სამიზნეს შეიძლება ღაზის შიგნით არსებული სამხედრო ობიექტები წარმოადგენდეს, ისინი ხოცავენ და აზიანებენ სამოქალაქო პირებს და ანადგურებენ სამოქალაქო ობიექტებსაც. სამოქალაქო პირთა დახოცვა არც ერთი მიზეზით არ არის გამართლებული. გადამეტებული ძალის გამოყენება არაკანონიერია და უარყოფილი უნდა იყოს.

უფრო ადრე პალესტინის ავტონომიის მეთაურს მაჰმუდ აბასს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეხვდა. ოთხშაბათს, დღის ბოლოს, კლინტონი ეგვიპტეს ესტუმრება. როგორც იერუსალიმში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, იგი რეგიონს ესტუმრა „მკაფიო მესიჯით“ ბარაკ ობამასგან, რომელიც „განსაკუთრებულად“ და „მტკიცედ“ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი. ჰილარი კლინტონმა ხაზგასმით განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს ისრაელზე სარაკეტო იერიშები და დაიწყოს კონფლიქტის „დეესკალაცია“:
ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი


„მომდევნო დღეებში აშშ ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებს აქ ისრაელსა და მთელ რეგიონში ისეთი შედეგის მისაღწევად, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელი ხალხის უსაფრთხოებას, გააუმჯობესებს ღაზაში მცხოვრები ხალხის მდგომარეობას და ყოველმხრივ მშვიდობას მოუტანს რეგიონში მცხოვრებ ყველა ხალხს.“

„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამი აბუ ზაჰირმა ქალაქ ღაზაში განაცხადა, რომ სარაკეტო იერიშების შეწყვეტის ერთადერთ გზად ის მოლაპარაკებებს მიიჩნევს. დიპლომატიური ძალისხმევით კონფლიქტის დეესკალაციას ეთანხმება ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ისრაელი შემდგომში ყველა ზომას გამოიყენებს საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავადო:

„თუკი არსებობს დიპლომატიის მეშვეობით პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის შესაძლებლობა, ჩვენ ამ გზას ვამჯობინებთ. მაგრამ თუკი არ არსებობს, მაშინ - დარწმუნებული ვარ, თქვენ გესმით - ისრაელი გამოიყენებს ყველა გადაუდებელ ზომას საკუთარი ხალხის დასაცავად“.

ისრაელსა და ექსტრემისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის მიმდინარე 8-დღიან შეტაკებებში დაახლოებით 136 პალესტინელი და ხუთი ისრაელელი დაიღუპა. ბრძოლები გრძელდებოდა ოთხშაბათს. ისრაელის ავიაციამ 100-მდე პოზიციას გაუხსნა ცეცხლი, ხოლო „ჰამასის“ მიერ ნასროლმა ოთხმა რაკეტამ, ისრაელის არმიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მიაღწია. 21 ნოემბერს თელ-ავივში მდებარე სამხედრო შტაბთან ავტობუსი აფეთქდა, რის შედეგადაც 10 კაცი დაიჭრა. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოფირ გენდელმანმა აფეთქებას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. ცნობას თელ-ავივში ავტობუსის აფეთქების შესახებ ქალაქ ღაზაში საზეიმო სროლა მოჰყვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG