Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საგარეო ვაჭრობის მოცულობა კლებას განაგრძობს


საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვის გრაფიკი„
საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვის გრაფიკი„
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითადად შემცირებულია ე.წ. საინვესტიციო საქონლის - დაზგა-დანადგარებისა და სათანადო მასალის - იმპორტი. მიუხედავად ამისა, ექსპორტი ზრდას განაგრძობს.

ბოლო 6 თვეზე მეტია, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა კლებას განაგრძობს. ამაზე მეტყველებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მონაცემები. მათი ანალიზის საფუძველზე სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ამსახველი სურათი მოამზადა. ირკვევა, რომ ბრუნვის მოცულობა 4 პროცენტით შემცირდა, რაც ძირითადად იმპორტის კლებამ განაპირობა. ეკონომისტები ამ ტენდენციის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორზე საუბრობენ. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, იმპორტის შემცირება ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება:

”ერთ-ერთი მიზეზი ზოგადად ეკონომიკის შემცირება არის, რომელიც დაკავშირებულია ორ საკითხთან: ერთი, რომ ბუნდოვანია მომავალი უმრავლესობა ბიზნესებისთვის და ისინი ცდილობენ თავი შეიკავონ ამ ეტაპზე რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილებებისგან; მეორე - არსებობს კონკრეტულად ბიზნესის საწინააღმდეგო წამოწყებები და განცხადებები, რომლებიც არ შეიძლება გამორჩეთ ბიზნესის მწარმოებელ ადამიანებს”.

გია ჯანდიერი საგარეო ვაჭრობის მოცულობის შემცირების უშუალო მიზეზს ინვესტიციების შემცირებაში ხედავს, რაც პირდაპირ ასახვას პოვებს იმპორტის მოცულობის კლებაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ჯერ კიდევ პირველი სამი თვის შედეგების შეჯამებისას ამბობდა, რომ იმპორტის მოცულობის ვარდნა ძირითადად საინვესტიციო პროდუქციის შემცირებამ გამოიწვია:

ახლა ჩვენ ვუახლოვდებით, ფაქტობრივად, მკვდარ სეზონს, რომელიც რამდენიმე კვირაში დაიწყება და ეკონომიკური ზრდის დიდი მოლოდინი ამ პერიოდში არ იქნება...
გია ჯანდიერი
”იმპორტის შემცირება გამოწვეული არის ძირითადად საინვესტიციო საქონლის შემცირებით.”

მიუხედავად ინვესტიციების და საინვესტიციო საქონლის მოცულობის კლებისა, იანვარ-მაისის სტატისტიკაში ექსპორტი 4 პროცენტით მაინც გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ მეხუთე თვის ექსპორტის ოდენობას თუ განვიხილავთ, ის შედარებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასული წლის მაისში.

ამას ემატება დაბალი აქტივობის სეზონისა და შემდეგ არჩევნების მოახლოება, რაც ეკონომიკის ექსპერტს, გია ჯანდიერს, ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს:

”ახლა ჩვენ ვუახლოვდებით, ფაქტობრივად, მკვდარ სეზონს, რომელიც რამდენიმე კვირაში დაიწყება და ეკონომიკური ზრდის დიდი მოლოდინი ამ პერიოდში არ იქნება. მერე არჩევნები იქნება ისევ და ასე შემდეგ. როდესაც მთავრობა ხედავს, რომ ასეთი დასაწყისი იყო, როდესაც ხედავს ხელის შემშლელ ფაქტორებს, რომლებიც წინ შეიძლება დახვდეს, იმის ნაცვლად, რომ რაღაც აბსტრაქტულ თემებზე ვისაუბროთ, ჯობს კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ”.

მიუხედავად საგარეო ვაჭრობის და ინვესტიციების მოცულობის შემცირებისა, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი:

”ჩვენ ყველანი ვეყრდნობოდით პირველი კვარტალის შედეგებს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, მართლაც არ იყო სახარბიელო. მაგრამ აპრილი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე წინა თვე. 4,1 პროცენტიანი ზრდა იყო. ეროვნულ ბანკს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და გვეუბნებიან, რომ მაისი უფრო კარგია და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება”.

6-დან 7 პროცენტამდე ზრდა ბოლო წლებში საქართველოს წინა მთავრობას ვერ მიეხმარა იმაში, რომ მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი მიდიოდა დადებითი მიმართულებით...
გია ჯანდიერი
მთავრობას იმედი აქვს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის 4 პროცენტიან მაჩვენებელზე გავა, თუმცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები შედარებით მოკრძალებულ პროგნოზსს აკეთებენ.

ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზიც რომ გამართლდეს და ეკონომიკური ზრდის ტემპი 4 ან თუნდაც 6 პროცენტი იყოს, ეს მაინც არასაკმარისი იქნება, - აცხადებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი აზრით, ამგვარი ზრდა მისაღებია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, საქართველოს კი გაცილებით მაღალი ზრდის მაჩვენებელი სჭირდება:

”6-დან 7 პროცენტამდე ზრდა ბოლო წლებში საქართველოს წინა მთავრობას ვერ მიეხმარა იმაში, რომ მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი მიდიოდა დადებითი მიმართულებით, იმიტომ რომ ასეთი ზრდის პირობებში არ შეიძლება ითქვას, რომ ყველას ცხოვრება უმჯობესდება. უმჯობესდება გარკვეული ნაწილის, შესაძლებელია დიდი ნაწილისაც, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მას ეს არ შეეხო, საერთოდ. და 4 პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში, ცხადია, რომ უფრო ნაკლებ ოჯახს შეეხება ეს და უფრო მეტი უკმაყოფილება იქნება”.

გია ჯანდიერი დაბალი დონის ეკონომიკურ ზრდაში სოციალურ პრობლემებთან ერთად პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხეს ხედავს. მისი აზრით, იმისთვის, რომ საქართველოს განვითარების დონე დაახლოებით 15 წლის შემდეგ საშუალო ევროპულს მიუახლოვდეს, საჭიროა ყოველწლიურად ეკონომიკა დაახლოებით 10-12 პროცენტით გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG