Accessibility links

logo-print

ეკლესიის მამამთავრების "ძმური" შეხვედრა


რომის პაპი ფრანცისკესა (მარცხნივ) და რუსეთის მათლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს შეხვედრა კუბაში.

რომის პაპი ფრანცისკესა (მარცხნივ) და რუსეთის მათლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს შეხვედრა კუბაში.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ და რომის პაპმა ფრანცისკემ ერთმანეთი გადაკოცნეს შეხვედრისას, რომელიც კუბის დედაქალაქის, ჰავანის, აეროპორტში შედგა და რომელიც „ძმური“ და „გულწრფელი“ იყო, ორი უმაღლესი სასულიერო პირისვე შეფასებით. შეხვედრას თავიდანვე უწოდეს „ისტორიული“, რუსეთის მედიის თქმით კი, ეს „ათასწლეულის“ შეხვედრაა. ორი საათი და ოცი წუთი მიმდინარეობდა მოლაპარაკება კირილესა და ფრანცისკეს შორის. შეხვედრის ადგილად ჰავანის აეროპორტი - საერთოდ, კუბა - აირჩიეს, როგორც ყველაზე დაშორებული ადგილი იმ, ასე ვთქვათ, სიმბოლური ცენტრებიდან, რომლებიც მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების კონფრონტაციულ ისტორიაში გარკვეულ როლს თამაშობენ: რომიდან, მოსკოვიდან და სტამბოლიდან, ყოფილი კონსტანტინოპოლიდან. ორი ქრისტიანული ლიდერის შეხვედრა პირველი იყო მე-11 საუკუნის შემდეგ. 1054 წელი ითვლება დიდი სქიზმის, საეკლესიო განხეთქილების, წლად, როდესაც რომის პაპ ლეო მე-9-ის დესპანმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიქაელ კერულარიოსმა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ერთმანეთი განკვეთეს. ეს ანათემა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, 1965 წელს, იქნა გაუქმებული. 1054 წელი, თუმცა ზუსტი არ არის, მაგრამ ასე დარჩა და ოფიციალურად ითვლება სქიზმის წლად. არადა, საქმე ისაა, რომ რომის პაპი ამის შემდეგაც არაერთხელ მოიხსენიებოდა მართლმადიდებლურ ლიტურგიაში. რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა გაუარესდა მე-13 საუკუნის დასაწყისში, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როდესაც ჯვაროსნებმა დაუნდობლად გაძარცვეს კონსტანტინოპოლი. მოგვიანებით, როცა ბიზანტიას ძალიან უჭირდა და ოსმალეთთან ბრძოლაში სულს ღაფავდა, რომმა, სულ მცირე, ზურგი შეაქცია მას, რასაც კონსტანტინოპოლის დაცემა და იქ თურქთა გაბატონება მოჰყვა. მოგვიანებით გააქტიურდა მოსკოვის ეკლესია, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანობის ლიდერად წარმოიდგენს თავს და გაჩნდა მოსკოვის აღმნიშვნელი ტერმინი - „მესამე რომი“. მას მერე მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის განხეთქილებაა. ამიტომ შეფასდა კირილესა და ფრანცისკეს შეხვედრა კუბაზე „ისტორიულად“. ის არ ეხებოდა თეოლოგიურ საკითხებს, მისი საფუძველი ერთობლივი შეშფოთებები იყო, რაც აისახა 30-პარაგრაფიან ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც პაპმა და პატრიარქმა ხელი მოაწერეს. რომის პაპი ფრანცისკე ასე აფასებს მოლაპარაკებას:

„შეხვედრა წარმოადგენდა ორ ძმას შორის საუბარს. ბევრ ისეთ საკითხზე არსებობს ცხადი პოზიციები, რომლებიც ორივეს გვაწუხებს და მათ გარშემო სრული გულწრფელობით ვისაუბრეთ. ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემს ძმას ველაპარაკებოდი. ისიც ასევე გრძნობდა. ორი ეპისკოპოსი ვსაუბრობდით, პირველ რიგში, ჩვენი ეკლესიების მდგომარეობაზე და, მეორეც, მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და ომებზე“.

მოლაპარაკებაზე პაპსა და პატრიარქს ახლდათ თარჯიმნები, ასევე უახლოესი მრჩევლები: ფრანცისკეს - კარდინალი კოხი, ხოლო კირილეს - მიტროპოლიტი ილარიონი. ერთობლივად ხელმოწერილ დეკლარაციაში წაიკითხავთ:

„ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ბევრ ქვეყანაში, ჩვენი ქრისტესმიერი ძმებისა და დების მთელი ოჯახები, სოფლები და სალოცავები სრულიად განადგურდა... მათი ეკლესიები ბარბაროსულად მოსპეს და გაძარცვეს, მათი წმინდა ნივთები შებილწეს, მათი ქანდაკებები დაამხეს“.

კუბაზე შეხვედრის შემდეგ ორი ეკლესიის მეთაურებმა განაცხადეს ასევე, რომ ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ სდევნის და ერჩის არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ ერთმორწმუნე მაჰმადიანებსაც. „ჩვენ შევიმუშავეთ ერთობლივი მოქმედების განრიგი, რამეთუ ერთიანობა ერთად სიარულს ნიშნავს“, თქვა პაპმა ჰავანაში და განმარტა, ერთიანობა არ გულისხმობს მხოლოდ თეორიულად ამ ერთიანობის კეთებას, არამედ ის ერთად სიარულიაო. კუბის დედაქალაქში ხელმოწერილი დეკლარაციის ავტორები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა შესაძლებელ ზომას უნდა მიმართოს, რათა ბოლო მოუღოს ტერორიზმს ერთობლივი, გაერთიანებული და კოორდინირებული მოქმედებით.

„ეს არც პოლიტიკური დეკლარაციაა და არც სოციოლოგიური განცხადება. ის წარმოადგენს პასტორალურ დეკლარაციას, თუმცა შეიცავს სეკულარული ბუნების მოსაზრებებს და ისეთ სერიოზულ თემებს, როგორიცაა ბიოგენეტიკური მანიპულაცია. მაგრამ მაინც პასტორალურია. ორი ეპისკოპოსი შეხვდა ერმანეთს და პასტორალური ბუნების შეშფოთებებზე იმსჯელეს“, განაცხადა პაპმა მას მერე, რაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას.

ხელმოწერის შემდეგ თეოლოგიურ საკითხებში პრინციპულად განსხვავებული პოზიციების მქონე ორი სასულიერო პირი ფეხზე არ ამდგარა, ისინი მსხდომარედ გადაეხვივნენ ერთმანეთს. რუსეთის პატრიარქი კირილეც „ძმურს“ უწოდებს შეხვედრას:

„ორი საათი გავატარეთ ღია, ძმურ დისკუსიაში. ეს იყო ერთობ შინაარსიანი საუბარი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა გაგვეგო და გვეგრძნო ერთმანეთის პოზიციები. ამ საუბრის შედეგები შესაძლებლობას მაძლევს ვთქვა, რომ დღეს ორ ეკლესიას შეუძლია ერთობლივად, აქტიურად მუშაობა, იცავენ რა ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში“.

კირილე, რომლის ქვეყნის გავლენა კათოლიკურ კუბაზე ჯერ კიდევ არსებობს, პაპზე ადრე ჩავიდა კუბაში და იქიდან გააგრძელა მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში. რომის პაპი ამავე დროს მექსიკას სტუმრობს. შეხვედრა შედგა და კირილეს მისალმებას, „ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდიო“, პაპმა უპასუხა, „ბოლოს და ბოლოსო“. ორი ეკლესიის მამამთავრებმა ძმურად ისაუბრეს, მაგრამ არის საკითხები, არამხოლოდ წმინდა თეოლოგიური, რომლებშიც ისინი სხვადასხვა აზრისანი არიან. მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას განაგებს რუსეთის ეკლესიაში და რომელიც კირილეს ახლავს, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უთანხმოების თემაა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, რომელიც აღმოსავლური ეკლესიის რიტუალს მისდევს, მაგრამ ემორჩილება ვატიკანს. ამ ეკლესიის ისტორიაში დიდ თარიღად ითვლება 1596 წელი, როდესაც მან მიიღო ე. წ. უნია - გაერთიანების შეთანხმება - რომთან, ანუ აღიარა რომის პაპის უზენაესობა და კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი დოგმატი. ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ სრულიად შეინარჩუნა საკუთარი სტრუქტურა, როგორც აღმოსავლურ-ბიზანტიური ყაიდის ეკლესიამ. უნიატური, ანუ ბერძნულ-კათოლიკური, ეკლესიის მრევლი მსოფლიოში 5 მილიონს უახლოვდება. ყველაზე დიდი მრევლი უნიატურ ეკლესიას ჰყავს დასავლეთ უკრაინაში, ანუ რეგიონში, რომელიც თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ ყოფილა კათოლიკეთა მმართველობის ქვეშ. საერთოდ, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის უთანხმოების მთავარი საკითხი არის პაპის პრიმატის საკითხი, ანუ იმის აღიარება, რომ პაპი მთელი ქრისტიანული ეკლესიის მეთაურია, და სხვათა შორის, უკრაინის ზემოხსენებული ეკლესიის თემა. რომის კათოლიკური ეკლესიის მრევლი მთელ მსოფლიოში მილიარდამდე აღწევს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევართა რაოდენობა ნაკლებია, ისინი 150 მილიონს აჭარბებენ, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიები არ არის იმგვარად ცენტრალიზებული, როგორც კათოლიკური და რუსეთის მსგავსი - თუმცა არა რაოდენობით და გავლენით - არაერთი არსებობს. მათ შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG