Accessibility links

logo-print
წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალების განადგურებისა და მომავალში მსგავსი პრეცედენტების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მუშაობას იწყებენ. 29 აპრილს გაიმართა კონფერენცია, სადაც ცნობილი გახდა, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ათასობით ფარული ჩანაწერის ირგვლივ გამოძიების დასრულებისთანავე, ყველა ჩანაწერი განადგურდება. ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კანონში ”ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” შესატან ცვლილებებზე საუბრობენ.

კონფერენცია, სახელწოდებით ”სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად” ჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა ამ სიტყვებით გახსნა:

”ჩვენ ვსაუბრობთ ჩურჩულით. მე მინახავს, როცა საუბრის მონაწილეები ტელეფონებს სხვა ოთახებში ტოვებენ ან შლიან ტელეფონებს, ან, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სათქმელს ფურცელზე წერენ. დიდი ხანია საქართველოში არსებობს ეს განცდა, როდესაც ყველა ფიქრობს, რომ მას უსმენენ, უთვალთვალებენ და იმდენად დიდია ეს ინერცია, რომ ეს განცდა, სამწუხაროდ, დღესაც არსებობს”.

მე გახლდით ფარული ჩანაწერების მსხვერპლი და სხვა კიდევ ძალიან ბევრი, ვინც აქ ზის. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იქმნებოდა ვირუსები, რითაც ვირუსდებოდა ათასობით კომპიუტერი...
შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიან კონფერენციაზე, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ერთხმად აღინიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მანკიერი გზა ოპონენტებთან და არამარტო მათთან საბრძოლველად ფარული აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება და მათი კომპრომატებად ქცევა იყო. როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სტრუქტურის ყოფილი მმართველობისგან მემკვიდრეობად ათასობით უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი ერგო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი სწორედ იმიტომ მიეცა პასუხისგებაში, რომ ისინი ახალმა ხელმძღვანელობამ უკანონო მოსმენების განხორციელებაში ამხილა. შინაგან საქმეთა მინისტრს არც ის დავიწყებია, თუ როგორ გამოქვეყნდა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე მისი და მისი თანაგუნდელების ფარული ჩანაწერები.

”მე გახლდით ფარული ჩანაწერების მსხვერპლი და სხვა კიდევ ძალიან ბევრი, ვინც აქ ზის. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იქმნებოდა ვირუსები, რითაც ვირუსდებოდა ათასობით კომპიუტერი, იქიდანვე ისმინებოდა ძალიან ბევრი ტელეფონი. ჩვენ ეს, ბუნებრივია, შევაჩერეთ. ეს დეპარტამენტი საერთოდ გავაუქმეთ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ჰქონდა ცალკე დეპარტამენტი, საიდანაც ხდებოდა უკანონო მოსმენები. ჩვენ ყველაფერი მოვიყვანეთ წესრიგში. ბუნებრივია და გიდასტურებთ, რომ ჩვენ გვაქვს ტექნიკური საშუალებები, რომ კანონის შესაბამისად განვახორციელოთ მოსმენები, მაგრამ ეს ხდება კანონის სრული დაცვით”, - ირწმუნება ირაკლი ღარიბაშვილი.

პირველ ეტაპზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ე.წ. ფარული ჩანაწერების არქივის განადგურებას მოითხოვენ, რასაც, მათივე თქმით, აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარანტიები და ჩანაწერები კანონში იმისა, რომ მსგავსი ტიპის მექანიზმებს ახალი ხელისუფლება ოპონენტებთან ან, თუნდაც, რიგით ადამიანებთან საბრძოლველად აღარ გამოიყენებს. თუკი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვებს გავიმეორებთ, პირველ რიგში, კანონი უნდა იქცეს იმის გარანტად, რომ აღარავის მოუსმენენ:

”პარლამენტში ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები, თუ რა ცვლილებებია განსახორციელებელი კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებში”.

რა თქმა უნდა, განცდაა საშინელი, როცა გრძნობ, რომ გითვალთვალებენ, როცა შენს საყვარელ ადამიანს თბილი სიტყვებიც კი არ შეგიძლია უთხრა, რადგან ეს შეიძლება დაგიმახინჯონ. ჩემს ცოლს პირადი ფოტოარქივი გაუტეხეს და დაბადების დღის ფოტოები ამოყარეს და თუ მიაქციეთ ყურადღება, დამახინჯებულად წარმოაჩინეს...
დავით უსუფაშვილისავე თქმით, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, აუცილებელია ქვეყანაში დროულად ამოქმედდეს ინსტიტუტი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისა, რომლის მოვალეობაც იქნება მონიტორინგი გაუწიოს როგორც მობილურ, ისე ინტერნეტკომპანიების საქმიანობას, რათა უკანონოდ არ იყოს გამოყენებული კონკრეტული პირების პერსონალური მონაცემები.

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კანონში ”ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” შესატანი ცვლილებების ინიციატივით წარდგება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე იუსტიციის სამინისტროც. ამის შესახებ 29 აპრილს უკანონო მოსმენების წინააღმდეგ გამართულ კონფერენციაზე ალექსანდრე ბარამიძემ, მინისტრის მოადგილემ, განაცხადა. მისი თქმით, კანონში, რომელიც ფარული მოსმენების განხორციელების გზებს არეგულირებს, არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია გასასწორებელი. მინისტრის მოადგილე არსებულ კანონს ზოგადსა და ბუნდოვანს უწოდებს და ამის დასადასტურებლად ერთი მაგალითიც მოჰყავს:

”სასამართლოს არ აქვს გარკვეული სტანდარტი, რომლითაც მას შეუძლია იხელმძღვანელოს, როდესაც განიხილავს ამა თუ იმ საჩივარს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით და თქვას, რომ ეს ქმედება იყო კანონიერი და ეს უკანონო”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ ის დრო, როცა ყველა ცხოვრობდა შიშით, რომ უსმენდნენ, დასრულდა. 29 აპრილს გამართულ კონფერენციაზე უკანონო ფარული ჩანაწერებისა თუ მოსმენების დასადასტურებლად პირადი მაგალითების ჩამოთვლას არც პრემიერ-მინისტრი ჩამორჩა.

”რა თქმა უნდა, განცდაა საშინელი, როცა გრძნობ, რომ გითვალთვალებენ, როცა შენს საყვარელ ადამიანს თბილი სიტყვებიც კი არ შეგიძლია უთხრა, რადგან ეს შეიძლება დაგიმახინჯონ. ჩემს ცოლს პირადი ფოტოარქივი გაუტეხეს და დაბადების დღის ფოტოები ამოყარეს და თუ მიაქციეთ ყურადღება, დამახინჯებულად წარმოაჩინეს. მსგავსი იდეოლოგია და მსგავსი ფაქტები, გარწმუნებთ, რომ ნამდვილად აღარ არსებობს. თუ შემორჩენილია და არსებობს კითხვები, ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია უნდა გვქონდეს და ძალიან აგრესიული ქმედება უნდა განვახორციელოთ და მე პირადად განწყობა მაქვს ისეთი, რომ ამას არავის არ ვაპატიებ. უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ეს პროცესი დასრულებულია”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, ამ დროისათვის უწყებაში რამდენიმე ათასი ფარული ჩანაწერი ინახება. ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და სანამ გამოძიება არ დასრულდება, აღნიშნული ჩანაწერები ვერ განადგურდება. თუმცა მინისტრი ირწმუნება, რომ გამოძიების დასრულებისთანავე ყველა ჩანაწერი მოისპობა და ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი საჯარო გახდება.
XS
SM
MD
LG