Accessibility links

logo-print

განადგურდება თუ არა ფარული ჩანაწერები


ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების კონფერენცია უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალების განადგურების თაობაზე. 2013 წლის 29 აპრილი

ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების კონფერენცია უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალების განადგურების თაობაზე. 2013 წლის 29 აპრილი

განადგურდება თუ არა არაკანონიერად მოპოვებული ფარული ჩანაწერები? გადაწყვეტილებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს, საზოგადოებაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი არქივის ირგვლივ განსხვავებული პოზიციებია.

ფარული ჩანაწერების შესახებ განსხვავებული აზრის გათვალისწინებისა და საკამათო შეხედულებების შეჯერების აუცილებლობა გახდა საჯაროდ გამოთქმული მთავარი მიზეზი იმისა, რომ არაკანონიერად მოპოვებული ჩანაწერების განადგურების თითქმის უკვე გადაწყვეტილი საკითხი კვლავ დაბრუნდა მთავრობის დღის წესრიგში. ამ ფაქტს კი ერთგვარი ბიძგი მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერები შენახულ იქნეს ისე, როგორც ფული ბანკში.

“ჰყავს მოწინააღმდეგეები - სპეციალისტები, პროფესიონალები. სხვათა შორის, ექსპერტებთან მქონდა მე საუბარი. ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილი გახლავთ. ის პროფესიით პროკურორია, როგორც მე ვიცი. განათლება აქვს, პრაქტიკაც, რომ გამოძიებას დაეხმაროს და, ვნახოთ. ჩვენი მეთოდი შენახვის - ისე, როგორც, ვთქვათ, ბანკში ფული ინახება. ამის მსგავსი რამე. რამდენიმე ორგანიზაციას ჰქონდეს, რამდენიმე ტიპის საკეტი იყოს და ასე შემდგომ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირცხვილს თავი დავაღწიოთ“, განაცხადა 5 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა.
ფარული ჩანაწერების განადგურების მოწინააღმდეგეთაგან პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ექსპერტის, კახი კახიშვილის არგუმენტები კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისი აზრით, ფარული ჩანაწერები ბოლო 9 წლის განმავლობაში კანონის დარღვევითა და თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებით, ადამიანებზე მანიპულირების მიზნით შეგროვდა. ამიტომ სანამ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, ჩანაწერები არ უნდა განადგურდეს:
“რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და, ჩემი აზრით, მანამ, სანამ არ იქნება სასამართლოს განხილვა აი, ამ საქმის, შეუძლებელია მტკიცებულების განადგურება, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებისთანავე, როგორც კი შევა სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში, ბუნებრივია, ეს მასალა უნდა განადგურდეს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი იმ ხალხის, რომლებმაც ეს ჩაიდინეს“.
კახი კახიშვილის მოსაზრებას იზიარებს საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარიც:

“ამ თემაზე მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, და არის ორმაგი აზრი - განადგურდეს თუ ეს ჩანაწერები გარკვეული დროით შეინახოს, თუნდაც იმისთვის, რომ დავადგინოთ, ვინ აწარმოებდა ამ ჩანაწერებს და რამდენად კანონიერი იყო. თუ გვინდა, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ამას აკეთებდა“.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შენახვის მოწინააღმდეგეები კი ჩანაწერების უკანონობაზე, კერძოდ, „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის დარღვევაზე და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეთა წარმოებაში კანონდარღვევით მიღებული მტკიცებულებების გამოყენების შეუძლებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში, თავის მხრივ, ადამიანის უფლებებისა და ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებსაც ეხება:

“კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ ასეთი ტიპის მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ადამიანის უფლება მაშინაც ირღვევა, როდესაც მის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ არის მოპოვებული და შენახული ინფორმაციაც კანონდარღვევაა და ადამიანის უფლების დარღვეაა. ასევე მე ძალიან ეჭვით ვუყურებ იმ შესაძლებლობას, რომ შენახული იქნეს ეს და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ვიღაც არ გატეხს ამ ფაილებს, იმიტომ რომ პრობლემები ყველაზე განვითარებული და ძლიერი ქვეყნების ყველაზე დაცულ სისტემებსაც კი ექმნება“.

ლაშა ტუღუში იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაუჭირდება იმ რისკებისაგან დაზღვევა, რასაც ჩანაწერების შენახვა მოიტანს. ლაშა ტუღუში აღნიშნულ არქივს პანდორას ყუთს ადარებს. რისკების საკითხს ეხმაურება, თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობაც. დეპუტატი პავლე კუბლაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მისი ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ქმედებას შეახსენებს:

“შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯერ შანტაჟის მიზნით გამოიყენა სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. კონკრეტული ჟურნალისტის, უფლებადამცველის წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, ხაზს ვუსვამ. ეს არის ის პიროვნება, რომელსაც საკმაოდ მაღალი ნდობა ჰქონდა მინისტრის და პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც“.

დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაანადგუროს ფარული ჩანაწერების არქივი და ამის შესახებ, კანონის შესაბამისად, იუსტიციის მინისტრს ან მთავარ პროკურორს აცნობოს. ეს უკანასკნელი ამ რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ უკანონო არქივი უნდა განადგურდეს. თავის მხრივ, არქივის განადგურების ერთ კვირაში დაწყების შესახებ რამდენიმე დღის წინ იუწყებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე. ირაკლი ღარიბაშვილი დღეისათვის აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ფარული ჩანაწერების განადგურების მოწინააღმდეგე ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგებზეა დამოკიდებული:

“მათ აქვთ დამოუკიდებელი აზრი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ეს არ იყოს მაინცდამაინც სწორი და გამართლებული პოზიცია, თუმცა ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ამ ექსპერტებთან გავმართოთ კონსულტაცია და საბოლოო პოზიციაზე შევჯერდეთ. ეს გარკვეულ პროცედურებს მოიცავს. შესაბამისად, რამდენიმე დღე, შესაძლოა, ეს პროცედურები გაიწელოს“.
XS
SM
MD
LG