Accessibility links

logo-print
შეთანხმება ისევ შეიცვალა და ისევ გადაიდო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის 15 აგვისტოსთვის დაგეგმილი განადგურება. ამჯერად მიზეზად დასახელდა შს მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საგანგებო კომისიის სრული შემადგენლობის ვერშეკრება და ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სხვა მხრივ ფაილების გასანადგურებლად ყველაფერი მზად არის. რატომ გაჭიანურდა პროცესი და რა სამუშაო შესრულდა კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები დათქმულ დღეს, ანუ 15 აგვისტოს, აღარ განადგურდებოდა, მედიას შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღის მეორე ნახევარში მიაწოდა და იქვე გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზიც დაასახელა:
”ვინაიდან კომისიის ყველა წევრი არ იმყოფება საქართველოში, ამიტომ, ალბათ, რამდენიმე დღით გადაიდება ეს განადგურება. მაგრამ პროცედურა დაწყებულია, ჩვენ ყველა საჭირო პროცედურა გავიარეთ. ჩვენ მზად ვართ. გადაწყვეტილება არ შეცვლილა - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები აუცილებლად განადგურდება უახლოეს დღეებში, როგორც კი კომისიის ყველა წევრი შეიკრიბება საქართველოში”.

პირადი ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფაილის განადგურება რომ გადაიდო, ასევე 15 აგვისტოს შეიტყვეს შს მინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედი ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე საგანგებო კომისიის წევრებმაც, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ სწორედ 15 აგვისტოს, ბოლოს და ბოლოს, დაესმებოდა წერტილი თვეების მანძილზე გაჭიანურებულ პროცესს. გავიხსენოთ, რომ პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენელთა პირადი ცხოვრების ათასობით ეპიზოდის ამსახველი ფაილების განადგურება თავდაპირველად 23 ივნისისთვის იგეგმებოდა და დასახელებული იყო კონკრეტული საათიც, მაგრამ გადაწყვეტილება შეიცვალა და მიზეზად მაშინ არასათანადო მომზადება დასახელდა.

მერამდენედ ხდება, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების გადადება... რა ვიცი, საერთოდ, რთული საკითხია და ასე რაღაცნაირად, რთულად მივიწევთ წინ...
მიზეზში, რომელიც შს მინისტრმა ამჯერად დაასახელა, ეჭვის შეტანის საფუძველი არა აქვს, მაგრამ ხსენებული საგანგებო კომისიის წევრი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ჩვენთან საუბარში მაინც გამოთქვამს წუხილს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა აქამდე გაჭიანურდა:

”მერამდენედ ხდება, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების გადადება... რა ვიცი, საერთოდ, რთული საკითხია და ასე რაღაცნაირად, რთულად მივიწევთ წინ. დღეს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა დებულება, რაც მნიშვნელოვანია... მე ვიცი, რომ შსს განაგრძობს წინასწარი სამუშაოების შესრულებას. რამდენიმე დღეც გავა და დავინახავთ... მე მგონია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს”.

ჩემი ძირითადი ამოცანა იყო მეთოდოლოგიის შემუშავება, ანუ როგორ უნდა მოხდეს მასალის აღრიცხვა ისე, რომ, ერთი მხრივ, არ ტოვებდეს პირთა იდენტიფიცირების საშუალებას და, მეორე მხრივ, კომისიას ჰქონდეს ინფორმაცია, მაგალითად, როდის არის ეს მასალა მოპოვებული...
ლაშა ტუღუშის მიერ ნახსენები სამთავრობო დადგენილება ”უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე” 15 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნის” ვებსაიტზე. საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის მიერ წარგზავნილი სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის, რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული ამ დადგენილების მიხედვით განისაზღვრა კომისიის მიზნები და ამოცანები, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი თუ სტრუქტურა. ამ დოკუმენტის მიხედვით, 6-წევრიანი საგანგებო კომისია 9-წევრიანი გახდა და ახალ წევრებს შორის არიან: იუსტიციის მინისტრი, მოსამართლე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ჯერჯერობით უცნობია, კომისიის რომელი წევრი გაეცნობა შს სამინისტროს მიერ წინასწარ გადახარისხებულ ფაილებს. თომას ჰამარბერგის რეკომენდაციების მიხედვით, ამგვარი სამუშაო შესაძლოა შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც. ამ პოსტზე თამარ ქალდანი მუშაობას 1 ივლისიდან შეუდგა და, როგორც მან 15 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, მოსამზადებელ პროცესში მან თავისი წილი სამუშაო უკვე შეასრულა:

”ჩემი ძირითადი ამოცანა იყო მეთოდოლოგიის შემუშავება, ანუ როგორ უნდა მოხდეს მასალის აღრიცხვა ისე, რომ, ერთი მხრივ, არ ტოვებდეს პირთა იდენტიფიცირების საშუალებას და, მეორე მხრივ, კომისიას ჰქონდეს ინფორმაცია, მაგალითად, როდის არის ეს მასალა მოპოვებული, ვის მიერ არის ეს მასალა მოპოვებული და ასე შემდეგ, ოღონდ არაიდენტიფიცირებადი ფორმით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს მასალის განადგურების წესი და ამაზეც მექნება ჩემი შეთავაზებები და წინადადებები კომისიისადმი. ყველანი ველოდებით კომისიის სხდომას და იქ მოხდება უკვე დანარჩენი გადაწყვეტილების მიღება”.

თამარ ქალდანისთვის, ისევე როგორც საგანგებო კომისიის სხვა წევრებისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება მომდევნო სხდომა. თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურება კომისიის სრული შემადგენლობის შეკრების შემდეგ მალევე იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG