Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიწვევით, რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი, რომელიც კონსულტაციას უწევს პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს.

მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: ჩხრეკა ჩაატარა 25 საცხოვრებელ მისამართზე და მოწმის სახით დაკითხა 50 პირი. რა კეთდება დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით და რა სახის დახმარებას უწევს საქართველოს პროკურატურას გამოძიების ფედერალური ბიურო?

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის თქმით, გამოძიების დროს მოპოვებული იქნა რამდენიმე ათეული CD და DVD დისკი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, სიმბარათი, მეხსიერების ბარათი და გარე მეხსიერების მყარი დისკი. გამომძიებლებმა შეისწავლეს ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტი, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები:

„შედეგებსა და კონკრეტულ გატარებულ ღონისძიებებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებთ, თუმცა გარწმუნებთ, რომ პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ახლაც კი დაკითხვები მიმდინარეობს. რაც შეეხება 31 მარტს გავრცელებულ კადრებს, მათი საშუალებით შეუძლებელია როგორც ფირზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირება, ასევე იმის თქმა, არის თუ არა ამ ფირზე ასახული პირადი ცხოვრება“.

დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერკომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთულად გამოსაძიებელი...

მამუკა ვასაძის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, მთავარმა პროკურატურამ ამერიკელ კოლეგებს მიმართა როგორც საექსპერტო და სამართლებრივი დახმარებისთვის, ასევე საგამოძიებო პროცესში გამოცდილების გაზიარებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის გამოყოფის მიზნით. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართლებრივი ატაშეს ქეთლინ კენინგის თქმით, მსგავსი ტიპის საქმეებში გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოცდილების გათვალისწინებით, ამერიკის მხარემ გადაწყვიტა ტექნიკური და საგამოძიებო დახმარება აღმოეჩინა პროკურატურის გამომძიებლებისთვის:

„დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერკომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთულად გამოსაძიებელი, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და, მათი ადგილსამყოფლის მიუხედავად, წარადგენს მათ მართლმსაჯულების წინაშე“.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მუშაობითა და გამოძიების ეფექტიანობით უკმაყოფილოა სახალხო დამცველი, რომელმაც პარლამენტისათვის წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშში თექვსმეტი გვერდი დაუთმო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას:

„დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას მიმდინარე წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს დანაშაული“.

გამოძიების ტემპებითა და შედეგით ასევე უკმაყოფილო არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, სამი კვირა გავიდა კადრების გამოქვეყნებიდან, თუმცა პროკურატურამ ვერც დამნაშავეთა გამოვლენა შეძლო და ვერც დანაშაულის პრევენცია, რის გამოც, მისი თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ:

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

„ბატონი შოთაძე პირადად იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოეძიებინა სისტემური დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლების განმავლობაში, მაგრამ მან ვერ დაადგინა, ვინ ქმნიდა ამ არქივს, ვინ გასცემდა უკანონო ბრძანებებს, ვინ იყო ჩართული ამ უკანონო ბრძანებების შესრულებაში და ასევე ვის ჰქონდა წვდომა ამ კადრებზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ამის გამო ვართ იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც არ ვიცით, ვის შეეძლო აეტვირთა ეს კადრები. მათ არ ეშინიათ დღეს ჩვენი მთავრობის, მათ არ ეშინიათ სამართალდამცავი უწყებების, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა“.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამოუძიებლობა და დამნაშავეების დაუსჯელობა ახდენს ახალი კადრების როგორც შექმნის, ასევე გავრცელების წახალისებას, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის პასუხად მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე ამბობს, რომ გამოძიება ყველაფერს აკეთებს დამნაშავეების გამოსავლენად, თუმცა გასათვალისწინებელია სპეციფიკურ დანაშაულთან ბრძოლის ტექნიკური სირთულეები:

„ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისას, რაც ადეკვატურია და რაც ნებისმიერი მაღალგანვითარებული ქვეყნის სამართალდამცავებს შეუძლიათ. გამოძიებით დავადგინეთ, რომ არც ერთი გავრცელებული კადრი არ შექმნილა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. შესაბამისად, მანამდე პერიოდში ვინც ასეთი კადრების წარმოებას და შექმნას ახორციელებდა, მათი ნაწილი ძებნილია, ნაწილს დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია და რთულია პროგნოზირება იმისა, ვინ და რომელ ქვეყანაში ვის გადასცა, რა მიზნით გადასცა და როგორ გამოიყენებს“.

მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე ასევე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი არც ერთი ვიდეო საქართველოს ტერიტორიიდან არ ატვირთულა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG