Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული მიყურადების „გასაღები“ ექვსი თვით შსს-ს დარჩა


ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართავენ. ისინი პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილამდე შესაძლო გადავადებას აპროტესტებენ. ვის ხელში უნდა გადავიდეს ფარული ინფორმაციის წვდომის ე.წ. გასაღები და რატომ გადაიდო ექვსი თვით პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის დარეგულირების საკითხის განხილვა?

ფარული ინფორმაციის წვდომის ე.წ. გასაღები, როგორც ჩანს, 2015 წლის აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივით, პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების საკითხის განხილვა 2015 წლის აპრილამდე გადაიდო. არადა, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი არსებული სისტემის დაუყოვნებლივ შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. მეტიც, მათ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, 27 ოქტომბერს წერილობით მიმართეს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს ევროსაბჭოს ექსპერტთა არაერთი დასკვნა, სადაც ხაზგასმულია დღევანდელი სისტემის შეცვლის აუცილებლობა, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა. შესაბამისად, ჯგუფის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი მათი გვერდის ავლით, რას ემსახურება და რით შეიძლება იყოს გამართლებული კანონპროექტის განხილვის გადავადება. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გენერალური დირექტორი ეკა გიგაური, მიუღებლად მიიჩნევს პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების საკითხის განხილვის გადადებას. ვახუშტი მენაბდე, ხელმძღვანელი კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა - „ადამიანის უფლებების სწავლება და მონიტორინგი“, ფიქრობს, რომ აღნიშნული საკითხის გადავადების მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტი სამართალდამცველი ორგანოების მიერ ადამიანთა პირადი ცხოვრების დარღვევისა და ღირსების შელახვის სისტემის არსებობას გაახანგრძლივებს:

„მოსმენების საკითხს სრულად აკონტროლებს შსს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკონტროლო პერიოდში, უკონტროლო მდგომარეობაში ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს თემა და ეს უფლება გახდეს დივერსიფიცირებული“.

სამუშაო ჯგუფმა გასწია საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მუშაობა ამ დროის მონაკვეთში, მაგრამ ობიექტურად ეს მუშაობა არ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ სრულყოფილად დამუშავებული, ყველა რისკების გათვალისწინებით...
შალვა შავგულიძე

კანონპროექტის მომზადების გადავადების საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 28 ოქტომბერს ცხარე დისკუსიის თემად იქცა. ვის უნდა ჰქონდეს ე.წ. გასაღები ფარული მიყურადება-თვალთვალისთვის - შსს-ს თუ კავშირგაბმულობის ოპერატორ კომპანიებს? ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ დაიწყო სპეციალურმა კომისიამ, რომელიც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგება. მათ პირველ ნოემბრამდე უნდა დაესრულებინათ სამუშაოები და სრულყოფილად დამუშავებული კანონპროექტი პარლამენტისათვის წარედგინათ, თუმცა შალვა შავგულიძემ პერსონალური ინფორმაციის წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების საკითხის განხილვის გადადების მიზეზად კომიტეტის სხდომაზე სწორედ ის დაასახელა, რომ კომისიამ ამ საკითხზე სამუშაოები ვერ დაასრულა და კანონპროექტი მზად არ არის.

„სამუშაო ჯგუფმა გასწია საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მუშაობა ამ დროის მონაკვეთში, მაგრამ ობიექტურად ეს მუშაობა არ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ სრულყოფილად დამუშავებული, ყველა რისკების გათვალისწინებით, ფინანსური და ტექნოლოგიური საკითხების გათვალისწინებით, კანონპროექტი ყოფილიყო მზად“, - შენიშნავს შალვა შავგულიძე.

გამოძიება მიმართავდა სასამართლოს, სასამართლო გასცემდა ნებართვას, შემდგომ პროკურატურა მიაწოდებდა ამ ნებართვას მობილურ ოპერატორს და ოპერატორი კონკრეტულად იმ ნომერს, რომელიც იყო მითითებული ბრძანებაში...
ზვიად ქორიძე

შესაბამისად, შს სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება რჩება 2015 წლის პირველ აპრილამდე გამოიყენოს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებობები, დაამონტაჟოს სათანადო აპარატურა და განათავსოს პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობა.

ზვიად ქორიძე, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილი მიმართვის ხელმომწერი, განგვიმარტავს იმ მექანიზმს, რომელიც, ფარული მიყურადების კანონპროექტზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის აზრით, ყველაზე ეფექტური და, ამასთანავე, სამართლიანი იქნებოდა ფარული მიყურადების პროცესში:

„გამოძიება მიმართავდა სასამართლოს, სასამართლო გასცემდა ნებართვას, შემდგომ პროკურატურა მიაწოდებდა ამ ნებართვას მობილურ ოპერატორს და ოპერატორი კონკრეტულად იმ ნომერს, რომელიც იყო მითითებული ბრძანებაში, ჩართავდა ამ მოსმენაზე და ის უზრუნველყოფდა, რომ შსს-ს შესაბამის უწყებას რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია და მოესმინა სატელეფონო საუბრისთვის“.

თუკი გავიხსენებთ ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის განხილვებს, რომელიც პარლამენტში ექვსი თვის წინ მიმდინარეობდა და რომლის შემდეგაც ღიად დარჩა ე.წ. გასაღების კუთვნილების საკითხი, მაშინ უნდა ვახსენოთ საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულებაც ამ საკითხის მიმართ. ისინი „გასაღების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას კანონის სულისკვეთების დამაკნინებლად მიიჩნევდნენ. მიმდინარე წლის მაისში, ამ საკითხის სესიაზე განხილვისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი და ამბობდნენ, რაკი ერთი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ე.წ. გასაღების გადაბარება, ამ საკითხის მოგვარება ვერც მომდევნო ექვსი თვის მანძილზე გახდება შესაძლებელიო. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წინასწარმეტყველება, დიდი ალბათობით, ახდება.

რაც შეეხება შსს-ს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, უწყების მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, მისთვის უფრო დიდი საფრთხის შემცველია მოსმენის უფლების დატოვება კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიების ხელში, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროსი. მისი სიტყვებით, მაქსიმალურად უნდა დაიხვეწოს კონტროლი, რათა გამოირიცხოს როგორც ინფორმაციის გაჟონვა, ისე უკანონო მოსმენის განხორციელების შესაძლებლობა.

და თუკი კვლავაც დავუბრუნდებით ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარისადმი, იქ წავიკითხავთ: „იმედი გვაქვს, რომ თქვენ პირადად, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ საქართველოში მოსმენების მანკიერი სისტემის არსებობის გახანგრძლივებას. ამით თქვენ დაამტკიცებთ, რომ საქართველოს აქვს შანსი გახდეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო".

XS
SM
MD
LG