Accessibility links

logo-print

ვის ექნება ფარული მოსმენების გასაღები და როგორ განხორციელდება მოსმენების გარე კონტროლი - ამ საკითხებზე მსჯელობა ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმებისა და კომპრომისის გარეშე გრძელდება. გრძელდება კონსულტაციებიც და არ გამორიცხავენ, რომ შეჯერება ფარულ ოპერატიულ საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის ისეთ მექანიზმზე შედგეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტს ევროსაბჭოს ექსპერტები ურჩევენ.

ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენებისა და მიყურადების საკითხზე კონსულტაციები საქართველოს პარლამენტში გასული ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაიმართა. სამუშაო შეხვედრებში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ევროსაბჭოს ექსპერტებიც იყვნენ ჩართულნი. მსჯელობა ძირითადად წარიმართა საკითხებზე, თუ სად უნდა ინახებოდეს ტელეკომუნიკაციის კომპანიების მომხმარებელთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და ვის ხელში უნდა იყოს მოსმენების გასაღები. მაშინ როცა მთავრობა - კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო - გასაღების საკუთარ ხელში დატოვებას, არასამთავრობო სექტორი კი მობილური ოპერატორებისთვის მის გადაცემას ითხოვს, ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციაა, ერთის ნაცვლად, ორგასაღებიანი სისტემა ამოქმედდეს. ევროპის საინფორმაციო პოლიტიკისა და ტექნოლოგიების სამართლის კათედრის გამგის, ჯოზეფ კანატაჩის თანახმად, ორი გასაღების არსებობა მეტად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და პირადი ინფორმაციის დაცვას:

“რეკომენდაცია, მე ვფიქრობ, ნათელია. უნდა იყოს ერთზე მეტი გასაღები. ეს მეორე გასაღები უნდა იქნეს გამოყენებული გადამოწმებისთვის იმ მომენტში, როდესაც გაიცემა სასამართლოს განჩინება კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის გასაღებს გამოიყენებს. შემდეგ მეორე უწყება, სადაც გადაწყდება მეორე გასაღების შენახვა, გადაამოწმებს ამ განჩინების სინამდვილეს, მართლაც გაიცა თუ არა ეს განჩინება. ეს შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი, ეს შეიძლება იყოს მონიტორინგის სააგენტო. ეს თქვენი გადასაწყვეტია“.

ეს არის გარანტია იმისა, რომ ფარული ჩართვა არ განხორციელდეს კანონის გვერდის ავლით. ისევე, როგორც გამოძიება რომ იწყებს რაღაც საქმის გამოძიებას და გამომძიებელს უნდა ვიღაცის ფარული მოსმენა, ის მიდის სხვა სისტემაში, სასამართლოში, მას სჭირდება მოსამართლის ნებართვა...

ევროსაბჭოს ექსპერტის ჯოზეფ კანატაჩის კოლეგა, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის სამინისტროს კონსტიტუციურ საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი გრეჰემ სატონი კი დასძენს, რომ მოსმენის სისტემაში ჩასართავად ორივე გასაღები ერთდროულად უნდა ამოქმედდეს.

ევროსაბჭოს ექსპერტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე შენიშნავს, რომ ფარული მოსმენა-მიყურადებისას ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და საკითხი დამუშავდება:

“ეს არის გარანტია იმისა, რომ ფარული ჩართვა არ განხორციელდეს კანონის გვერდის ავლით. ისევე, როგორც გამოძიება რომ იწყებს რაღაც საქმის გამოძიებას და გამომძიებელს უნდა ვიღაცის ფარული მოსმენა, ის მიდის სხვა სისტემაში, სასამართლოში, მას სჭირდება მოსამართლის ნებართვა. აი, ასევე, ეს ორი გასაღები სხვადასხვა უწყებაში უნდა იყოს, რომ გაიზარდოს გარანტია იმისა, რომ არაკანონიერად ვერ მოხერხდება ამ სისტემაში შეღწევა“.

მაშინ, როდესაც პირდაპირი წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ისე, რომ მობილურ ოპერატორებს და არავის არ ეცოდინება კონკრეტულად, რომ ისინი ახორციელებენ კონკრეტული პირის მოსმენას...

საქართველოს პარლამენტმა დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიათა მეშვეობით გადაცემულ ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოების წვდომის პროცედურას განსაზღვრავს. კანონით ფარული მოსმენა განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში დაშვებულია, თუმცა იმის გარდა, ვის ხელში აღმოჩნდება გასაღები, გაურკვეველია ისიც, თუ ვინ განახორციელებს მონიტორინგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენციაში გადასვლას ემხრობა, სამოქალაქო სექტორში კი იდეას, გარკვეულ მიზეზთა გამო, სკეპტიკურად უყურებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს:

“მაშინ, როდესაც პირდაპირი წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ისე, რომ მობილურ ოპერატორებს და არავის არ ეცოდინება კონკრეტულად, რომ ისინი ახორციელებენ კონკრეტული პირის მოსმენას, ასეთ შემთხვევაში რაც არ უნდა გარე მონიტორინგის მექანიზმები შევიმუშაოთ, ეს ყველაფერი მაინც არ უზრუნველყოფს ჩვენი პირადი ინფორმაციის დაცვას“.

განისაზღვრა პირთა წრე, ვის მიმართაც შესაძლებელია განხორციელდეს ფარული მიყურადება და თვალთვალი, დანაშაულთა წრე განისაზღვრა, თუ რა ტიპის დანაშაულებზე უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელება...

ფარული მოსმენების გარე მონიტორინგის პროცესში ჩართვას ითხოვს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც:

“აუცილებელია არსებობდეს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც გააკონტროლებს ამ პროცესებს“.

ფარული მოსმენების საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტზე საქართველოს პარლამენტი თითქმის ერთი წელია მუშაობს. უკვე გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების თავმჯდომარე ნინო ლომჯარია, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსმენების გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას:

“განისაზღვრა პირთა წრე, ვის მიმართაც შესაძლებელია განხორციელდეს ფარული მიყურადება და თვალთვალი, დანაშაულთა წრე განისაზღვრა, თუ რა ტიპის დანაშაულებზე უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელება, ასევე თვალთვალის განხორციელების დრო განისაზღვრა და შეიზღუდა 6 თვით, ასევე განადგურების წესი და შეტყობინების ვალდებულება იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც ხორციელდებოდა ფარული მიყურადება და თვალთვალი, თუმცა დარჩენილია ერთი, ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი“.

ანუ საკითხი იმის შესახებ, ვის ექნება წვდომა ფარულ მოსმენებსა და მიყურადებაზე. პარლამენტმა გადაწყვეტილება ამ საკითხზე 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG