Accessibility links

logo-print
დღეს, 28 სექტემბერს, Youtube-ზე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის, ბესო სურმავას სახელით, ოთხი ახალი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ახალი აუდიოჩანაწერებიც, ძველების დარად, კოალიციის ცალკეული წევრების საუბრებს ასახავს, საუბრების თემატიკა კი ძირითადად შეეხება ცალკეულ პირთა მოსაზრებებს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო პოლიტიკისა და ”ქართულ ოცნებაში” არსებულ ძალთა ბალანსის შესახებ.

28 სექტემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჩანაწერები შემდეგნაირადაა დასათაურებული: ”კუსიანი და სანდრო ბრეგაძე კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ”, ”ირაკლი ღარიბაშვილი და ზურა ბიგვავა მაია ფანჯიკიძის შესახებ”, ”გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ”მეცხრე არხის” კონტროლის შესახებ” და, ბოლოს, ”ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე ”ქართული ოცნების” შესახებ“. სათაურები, ცხადია, შეესაბამება აუდიოჩანაწერების შინაარსს. კერძოდ, აუდიოჩანაწერში კალაძის შესახებ, მილანში 15-16 ივლისს გამართული შეხვედრის თაობაზე საუბრობენ, მომდევნო ეპიზოდში გია ხუხაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს „მეცხრე არხის“ სარედაქციო საქმიანობაზე, შემდგომ აუდიოეპიზოდში კოალიცია „ქართულ ოცნებაში” „ეროვნული ფორუმის“ პოზიციების სისუსტეს აკრიტიკებს ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი და, ბოლოს, მეოთხე, ყველაზე მოკლე აუდიოჩანაწერში ზურაბ ბიგვავა უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს კოალიციის პრესსპიკერს, მაია ფანჯიკიძეს.

”არაფერი არ მჯერა. ისევე როგორც არ მჯეროდა გუშინდელი. და ვიცი ზუსტად, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გადაფაროს ის, რამაც შოკში ჩააგდო საქართველო ერთი კვირის წინ. ეს არის მათი უსუსური მცდელობა, რომ ყურადღება გადაიტანონ სხვა რამეზე.”

არაფერი საერთო ამას სიმართლესთან არა აქვს, - დასძენს მედიასაშუალებებთან კომენტარში ”ქართული ოცნების” პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე და აღნიშნავს, რომ დღევანდელი ფარული აუდიომასალებიც იმ რიგში ეწერება, რაშიც აქამდე გავრცელებული ფაბრიკაცია.
მე ვმეგობრობდი მასთან, ყველა დაცვის წევრთან ვმეგობრობ. მთელი ჩემი დაცვა შოკშია, ვერ გაუგიათ რა ხდება და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ისევ ხელისუფლების ახალი ფანდია ...

სოციალურ ქსელებში 28 სექტემბერს „ქართული ოცნების“ კომპრომეტირების მიზნით აუდიოჩანაწერების გავრცელება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრს, ბესო სურმავას სახელს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ბესო სურმავამ 27 სექტემბერს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული. ბიძინა ივანიშვილმა მისი დაკვეთით აუდიოჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებული ვერსია 27 სექტემბერსვე უარყო, 28 სექტემბერს კი ტელეკომპანია ” მეცხრე არხის” გადაცემაში ”ხაზზეა საქართველო” აღნიშნა, რომ ბესო სურმავა კარგი ადამიანია და იგი ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა:

”მე ვმეგობრობდი მასთან, ყველა დაცვის წევრთან ვმეგობრობ. მთელი ჩემი დაცვა შოკშია, ვერ გაუგიათ რა ხდება და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ისევ ხელისუფლების ახალი ფანდია. რაც შეეხება ჩანაწერებს, რა თქმა უნდა, სურმავა არაფერ შუაში არაა, ეს ჩვეულებრივი, ტიპიურია, რომ ისინი ყველაფერს უსმენენ, ყველაფერს იწერენ და ეს კომბინაცია გაკეთებულია ხელისუფლების მიერ.”
ბესო სურმავა სამი დღეა სახლში არ არის, სამსახურში იყო. მე ვესაუბრე წინა საღამოს მანამდე, ვიდრე გაუჩინარდებოდა ...

ბიძინა ივანიშვილის გარდა, ბესო სურმავას უდანაშაულობას ამტკიცებს მისი მეუღლეც. მაკა ლობჟანიძე ამბობს, რომ ბესო სურმავას კომპიუტერთან ზედაპირული შეხება ჰქონდა და აუდიოჩანაწერების ინტერნეტში თავად ატვირთვას ვერ შეძლებდა. მაკა ლობჟანიძე, იმავდროულად, დარწმუნებულია, რომ ბესარიონ სურმავა გატაცებულია და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება:

”ბესო სურმავა სამი დღეა სახლში არ არის, სამსახურში იყო. მე ვესაუბრე წინა საღამოს მანამდე, ვიდრე გაუჩინარდებოდა. იმ დილას საერთოდ არ იღებდა ყურმილს. შემდეგ, სამ საათზე, ვნახე „კურიერში“ გადაცემა, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ჩემს მეუღლეს, გაფართოებული თვალებით, გამშრალი პირით, - არ ვიცი, ედო რაღაცა და კითხულობდა.”

მაკა ლობჟანიძე დახმარებისათვის სამართალდამცავ ორგანოებსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG