Accessibility links

logo-print

ფასების გაზრდის მოლოდინი მატულობს - ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 8 %-მდე გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს უკავშირდება. მოსალოდნელია თუ არა წლის ბოლოს ფასების კიდევ უფრო გაზრდა და რატომ ამკაცრებს ეროვნული ბანკი რეფინანსირების პოლიტიკას?

მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამკაცრებდა. გასულ თვეში 50 პუნქტით 7,5 %-მდე გაზრდილი რეფინანისრების განაკვეთი ეროვნულმა ბანკნმა 16 დეკემბერს კიდევ 50 პუნქტით გაზარდა და 8 % შეადგინა. საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS-ის) ეკონომისტი ბესიკ ნამჩავიძე ამბობს, რომინფლაციური მოლოდინი ფაქტობრივ ინფლაციაში იყო გადაზრდილი, 6,3-პროცენტანი ინფლაცია აჭარბებდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მოსალოდნელი იყო. ბესიკ ნამჩავიძის თქმით, ლარის გაცვლით კურსზე შიდა ფაქტორებსაც ჰქონდა გავლენა, მაგრამ მთავარი საგარეო ფაქტორები იყო:

„საქართველოს ექსპორტი და ფულადი გზავნილები თვიდან თვემდე მცირდება, მაგრამ ამას იმპორტის შემცირებამ გადააჭარბა. ჯამში, იმპორტიდან იმდენი თანხა შემცირდა, რაც გზავნილებიდან და ექსპორტიდან დაგვაკლდა, ანუ რაღაცნაირად დააბალანსა ერთმანეთი, მაგრამ ეს ხდება, როცა 1 დოლარი 2,4 ლარი ღირს და ისე ჩანს, რომ ლარის კურსის გამყარებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩანს იმის შესაძლებლობა, რომ ეს კურსი შენარჩუნდეს. ამას ირიბად ეხმარება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რადგან ეს ლარს აძვირებს, მიმოქცევაში უფრო ნაკლები ლარი გამოვა და ლარზე იმავე მოთხოვნის პირობებში დოლარის მიმართ მისი ფასი გაიზრდება“.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ნიშნავს სესხებზე მოთხოვნის შემცირებას, რადგან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება. შესაბამისად, როგორც ბიზნესი, ასევე მოქალაქეები ნაკლებად იღებენ სესხს, რაც ამცირებს ფულის მასას. ეს, მართალია, არც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ აუცილებელია ფასების ზრდიდან გამომდინარე, ამბობს ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. მისივე ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო სესხის პროცენტი 8 564 ადამიანს გაუძვირდება:

„ასეთი მაღალი მაჩვენებელი იყო 2011 წელს, ანუ 8 %, და შემდეგ წლებში სულ იკლებდა, 2015 წლის თებერვლამდე, ასე რომ, ველოდი, რომ ეს უნდა გაზრდილიყო. თავად ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ რაიმე გარემო პირობები არ შეიცვალა, ეს მაჩვენებელი აღარ მოიმატებს და ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ამასობაში ლარის კურსიც დასტაბილურდება“.

ისეთ ეკონომიკაში, სადაც ფული დეფიციტია და ხელმიუწვდომელია ბევრი მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის იდეა გასაგებია, რათა კიდევ უფრო მოაკლდეს ფული ეკონომიკას, ამბობს ეკონომისტი დემურ გიორხელიძე. მისი თქმით, ეს მაინც ვერ შეცვლის რეალობას, რადგან საქართველოში არსებული ვითარება კლასიკურ ეკონომიკურ პროცესში ვერ თავსდება:

„ჩვენ ვხედავთ საკმაოდ არაკონკურენტულ, არასაბაზრო გარემოში, იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში ფასების ინტენსიურ ზრდას, რომელიც მოხმარების შემცირების ფონზე ხდება. ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსია, მაგრამ ეს ასე ხდება: იმპორტიორები ცდილობენ თავისი მოგების შენარჩუნებას, იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი შეიძლება ამან მოუტანოს მათ საშუალოვადიან პერსპექტივაში, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკა კი კოორდინირებული არ არის“.

დემურ გიორხელიძის თქმით, ახლა „ურმის ერთი ბორბალი უკვე ჰაერშია“ და ვითარების გამოსწორების ბერკეტები მხოლოდ საშინაო პოლიტიკაზეა დამოკიდებული, ვინაიდან საგარეო ფაქტორები არაკეთილსაიმედოა. მათ შორის დემურ გიორხელიძე დაძაბულ საერთაშორისო პოლიტიკას გულისხმობს.

ეროვნული ბანკის "მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლის მაღლა შენარჩუნდება, შემდეგ დაიწყებს შემცირებას და 5-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს 2016 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს“, რის შემდეგაც ექსპერტები რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებენ.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG