Accessibility links

logo-print

მოსახლეობისთვის პრობლემების რიგში დასაქმებას ფასების ზრდა მოჰყვება


ბაზარი

ბაზარი

გუშინ გამოქვეყნდა ორგანიზაცია NDI-ს კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ სოციალური და ეკონომიკური საკითხები ქვეყანაში მოსახლეობისთვის კვლავ მთავარ პრობლემად რჩება.

კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 57 % მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35 % მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 30 % - სიღარიბეს, 26 % - პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.

დასაქმების თემის შემდეგ, გამოკითხულთა 35 პროცენტისთვის, როგორც ვხედავთ, პრობლემაა ინფლაცია.

იმის გაანალიზების შესაძლებლობას, თუ რამდენად ემთხვევა ერთმანეთს მოსახლეობის აღქმა და სტატისტიკური მონაცემები, იძლევა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაცია ინფლაციის დინამიკის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, -0,3 პროცენტი, ხოლო, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე), 4,1 პროცენტი შეადგინა.

თუ დღევანდელ მონაცემს, მაგალითად, 6 წლის წინანდელ მონაცემს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაზრდილია 17,8 პროცენტით.

ცხადია, 18 პროცენტამდე საკმაოდ მაღალი მონაცემია, თუმცა, თუ 6-წლიან ვადას გავითვალისწინებთ, ამ მონაცემს რომ თან ეკონომიკის ზრდა და შემოსავლების მაჩვენებლების ზრდა, ასევე, დასაქმების ზრდა „დასწეოდა“, შესაძლოა ინფლაცია მოსახლეობისთვის ასე მნიშვნელოვანი აღარც ყოფილიყო.

რაც შეეხება გასულ წელთან მიმართებაში ინფლაციას, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ მთელ რიგ ჯგუფებზე. ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,96 პროცენტული პუნქტით აისახა; ფასები ძირითადად მომატებული იყო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (18,7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა; ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (19,9 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13,4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (8,5 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,6 პროცენტი); ფასები 3,6 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,46 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებებზე (-11,1 პროცენტი).

შესაბამისად, ფასების ზრდის ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი ზრდა ჯანდაცვაზე, კვების პროდუქტების ნაწილზე მოდის, რასაც სატრანსპორტო მომსახურების (ანუ ნავთობის) ფასების კლება ნაწილობრივ აბალანსებს სტატისტიკურად, მაგრამ არა მოსახლეობისთვის, რომელიც დასაქმების შემდეგ მეორე ნომრად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ფასების ზრდას და ინფლაციას ასახელებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG