Accessibility links

logo-print

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი - მამობის დადგენის შესახებ - ცვლილებების მოლოდინშია


”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი” საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრობს. ცვლილებები მამობის დადგენის საკითხის რეგულირებას შეეხება და ის გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც დამოკიდებული იქნება ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური ხასიათის გამოკვლევის შედეგებზე. სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტს უკვე წარუდგინა კანონპროექტი, რომლის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში უკვე მიმდინარეობს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებობს მუხლი ნომრით 1190. ის დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენის საკითხს არეგულირებს. მოქმედი რედაქციის მიხედვით, მამობის დადგენისას სასამართლოს მიერ მხედველობაში მიიღება ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების შემთხვევები ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთად აღზრდის, ან რჩენის სხვა გარემოებები. თუმცა, როგორც ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი გია გოგიბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, შესაბამის საქმეთა წარმოების პრაქტიკამ აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩამოთვლილი ფაქტების დადგენა სასამართლოს მიერ შეუძლებელი ხდება, რაც, თავის მხრივ, აფერხებს სასამართლოს მიერ მამობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო იმ დამატებითი მექანიზმების შემოღება, რომელიც დაეხმარება სასამართლოს უზრუნველყოს მამობის დადგენის პროცედურის გამარტივება.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ემატება ნორმა, რომელიც პირველ მტკიცებულებად განიხილავს სავარაუდო მამის ბიოლოგიური ან ანთროპოლოგიური ხასიათის კვლევის შედეგებს...

”წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ემატება ნორმა, რომელიც პირველ მტკიცებულებად განიხილავს სავარაუდო მამის ბიოლოგიური ან ანთროპოლოგიური ხასიათის კვლევის შედეგებს, ანუ იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დე-ენ-ემის კვლევის ანალიზსს. ამ ტიპის მტკიცებულების წარდგენა დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო არ არის. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით სავალდებულო ხდება აღნიშნული ტიპის მტკიცებულების წარდგენა სასამართლოში”, - ამბობს გია გოგიბერიძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს უნდა დაემატოს ნორმა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას მამობის დადგენაზე, თუკი ასეთი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.

”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის” რეგიონალური კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი ერთ კონკრეტულ ამბავს იხსენებს, რომელიც 1190-ე მუხლში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ისტორია საკმაოდ ბანალურია: როგორც კი მამაკაცმა გოგონას ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, ის მიატოვა:
ელისო ამირეჯიბი

”ის, როგორც ოჯახის შემარცხვენელი, ისე გამოაგდეს სახლიდან და აღმოჩნდა ქუჩაში, სრულიად მარტო. ვეცადეთ დაგვერწმუნებინა მშობლები, რომ უკან მიეღოთ, ვესაუბრებოდით იმ მამაკაცსაც, თუმცა - უშედეგოდ. საბედნიეროდ, მოსამართლემ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო და დაუშვა იმის პრეცედენტი, რომ მან დე-ენ-ემის ჩატარებაზე უარი მამობის დამადასტურებელ არგუმენტად ჩათვალა და ბავშვს დაენიშნა ალიმენტი.”

დიანა ბერეკაშვილი ის ერთ-ერთი მოსამართლეა, რომელიც მამობის დადგენის საკითხის რეგულირების თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში აქტიურად იყო ჩართული. ის ცვლილებების ინიციატივის მომხრეა და ამბობს, რომ კანონი სწორედ ბავშვის უფლებებსა და კეთილდღეობაზე უნდა იყოს მორგებული. დიანა ბერეკაშვილი მამობის დადგენის კუთხით წარმოებული სასამართლო პროცესების ექვსწლიან გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ ნამდვილად ვერ მოიწონებს თავს პროცესების შედეგად დამდგარი სასამართლო გადაწყვეტილებებით.

”ის, თუ რა მიზანი ჰქონდათ მშობლებს, ნაკლებად უნდა აინტერესებდეს კანონს. კანონისათვის მთავარი უნდა იყოს ბავშვის ინტერესი. ამიტომ ის პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შევიდეს ძალაში, მხარს უჭერს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის უფლებებსა და კეთილდღეობას. თუკი კანონმდებლობაში შევა აღნიშნული ცვლილება, სასამართლო აღარ გამოიკვლევს ბავშვის მშობლებს ჰქონდათ თუ არა საერთო მეურნეობა და ერთად მოჰყავდათ თუ არა კომბოსტო და კარტოფილი. მთავარია დადგინდეს, რომ ბავშვს ჰყავს ბიოლოგიური მამა და არ შეიძლება არსებობდეს ბავშვი ბიოლოგიური მამის გარეშე”, - ამბობს დიანა ბერეკაშვილი.
სამოქალაქო კიდექსის 1190-ე მუხლი შესაბამისობაში მოვა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებთან...

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქართველოს მოქალაქის მიერ გაგზავნილ ერთ საქმეს, რომელიც ასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია ბიოლოგიური გამოკვლევების შედეგი და მამობის დადგენის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დავების წარმოების სამმართველოს უფროსი შორენა მეზურნიშვილი რადიო თავისუფლებასთან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლში შესატანი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

”სამოქალაქო კიდექსის 1190-ე მუხლი შესაბამისობაში მოვა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებთან. ევროპულმა სასამართლომ ბევრ გადაწყვეტილებაში სწორედ დე-ენ-ემის საფუძველზე დაადგინა მამობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, რა თქმა უნდა, ხდება კონვენციის მერვე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას და პირის უფლებას დაადგინოს მასა და ბიოლოგიურ მამას შორის სამართლებრივი კავშირი”, - ამბობს შორენა მეზურნიშვილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომელიც მამობის დადგენას გულისხმობს, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები უკვე დაწყებულია. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ირწმუნება, კანონპროექტი პარლამენტს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე წარედგინება.
XS
SM
MD
LG