Accessibility links

logo-print
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტის" დავით წერედიანისეული თარგმანი გამოსცა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ტრაგედიის მხოლოდ პირველი ნაწილია თარგმნილი, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნის გამოსვლით ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ფაქტი მოხდა. ტექსტი, რომელიც თითქმის 30 წელი ითარგმნებოდა და დროდადრო იბეჭდებოდა კიდეც სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში, უკვე ცალკე წიგნადაა გამოცემული და ყველა მოყვარულისა თუ პროფესიონალისთვისაა ხელმისაწვდომი.

კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ ჩემთან საუბრისას ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც წერედიანის "ფაუსტი" ჯერ კიდევ პერიოდიკაში იბეჭდებოდა:

"მანამდე - თუ არ მეშლება, 1980-იანი წლებიდან - დათო უკვე ბეჭდავდა ფრაგმენტებს პრესაში. რამდენიმე ფრაგმენტი ბოლო წლებში "არილშიც" გამოქვეყნდა და ჟურნალ "ქართულ მწერლობაშიც" დავბეჭდეთ. და, აი, შარშან წიგნადაც გამოვიდა ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი. დავით წერედიანის პოეტურ ნიჭსა და მის მთარგმნელობით ოსტატობაზე ზედმეტიც კი არის კაცმა ახლა სიტყვა გააგრძელოს, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად იცნობს ქართველი მკითხველი საკუთარი ლექსებითაც და არაჩვეულებრივი თარგმანებითაც, რომელთა შორის უნდა დავასახელოთ ფრანსუა ვიიონის მთელი წიგნის, მთელი მემკვიდრეობის მართლაც საუცხოო თარგმანი, რომელმაც "ცისკარში" გამოქვეყნებისთანავე - 60-იან წლებში - არა მარტო ყურადღება მიიპყრო, არამედ დღემდე ახდენს სასიკეთო გავლენას ქართულ პოეზიაზე. და, აი, დავით წერედიანის მიერ თარგმნილი "ფაუსტიც", პირველი ნაწილი ტრაგედიისა, აქვს ქართველ მკითხველს და ეს დიდი მოვლენაა ჩვენს ლიტერატურაში."
აქ ყველა თავისებურად მეტყველებს. ფაუსტის მეტყველება სხვანაირია, ეს არის თავის თავში დაეჭვებული და სამყაროს შეცნობის ძნელ გზაზე მდგარი ადამიანის მეტყველება. მეფისტოფელია არაჩვეულებრივი პერსონაჟი. სხვათა შორის, ის ცალსახად უარყოფითი პერსონაჟი არ არის და ვერც იქნება გოეთესთან. გოეთე გამოუსწორებელი დიალექტიკოსია და მან კარგად იცის რა როლი ენიჭება ბოროტებას პროგრესის გზაზე...

ქართული "ფაუსტის" მოკლე ისტორია ასეთია: იგი პირველად 1908 წელს გამოიცა სრულად, პეტრე მირიანაშვილის თარგმანი. შემდეგი, დავით ონიაშვილის თარგმანი, 1927 წელს დაბეჭდა "სახელგამმა", რომელიც 1962 წელს ხელახლა გამოსცა "საბჭოთა საქართველომ", დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობითა და კომენტარებით. ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს - ეს წიგნი "მერანმა" გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან. დღეს კი, სერიაში "მსოფლიო კლასიკა", დავით წერედიანის შესანიშნავი თარგმანიც გამოვიდა, წიგნი, რომელსაც ბევრი უკვე წერედიანის "ფაუსტს" უწოდებს.

"თარგმანში დავით წერედიანის პოეტური ოსტატობა მრავალი წახნაგით გამოჩნდა. ახლა მე ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება - იმაზე, თუ როგორ არის ასახული თარგმანში ინტონაციური მრავალფეროვნება. აქ ყველა თავისებურად მეტყველებს. ფაუსტის მეტყველება სხვანაირია, ეს არის თავის თავში დაეჭვებული და სამყაროს შეცნობის ძნელ გზაზე მდგარი ადამიანის მეტყველება. მეფისტოფელია არაჩვეულებრივი პერსონაჟი. სხვათა შორის, ის ცალსახად უარყოფითი პერსონაჟი არ არის და ვერც იქნება გოეთესთან. გოეთე გამოუსწორებელი დიალექტიკოსია და მან კარგად იცის რა როლი ენიჭება ბოროტებას პროგრესის გზაზე. ერთი პატარა ეპიგრამა აქვს მას და იქ ეშმაკზე ამბობს, რაკი სუყველას ასე სძულს, მართლა მაგარი ყოფილაო. და ეს ჩანს, ცხადია, მეფისტოფელის პასაჟებში და მის მეტყველებაში", – ამბობს ლევან ბრეგაძე.

არ შეიძლება ცოტა დეტალურად არ ვისაუბროთ ამ ინტონაციურ და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებაზე. ჯერ ერთი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თავად გოეთეს მიდგომა - თითქმის ყველა თავი სრულიად განსხვავებული პოეტური ფორმითაა შესრულებული და პერსონაჟების ხმები თუ ინტონაციებიც ძალზე განსხვავებულია. შესაბამისად, მთარგმნელსაც ძალზე მრავალფეროვანი, ხშირ შემთხვევაში კი, სრულიად ნოვატორული სალექსო ფორმებით გადმოაქვს ტექსტი. აი, მაგალითად, ავიღოთ ერთი ეპიზოდი, სადაც ფაუსტი თავის სამუშაო ოთახშია. თავიდან მისი მეტყველება კლასიკური ათმარცვლიანით იწყება, რეფლექსიური
ჩემი ბარტყებია,
უკან დამყვებიან.
ღლაპთა კვალობაზე
ბრძნული გალობა თქვეს.
გირჩევენ: დატოვე
ეს ბნელი დილეგი,
დათმე სიმარტოვე,
სიკვდილის ჩრდილები
...

ინტონაციით, თუმცა მეცხრე სტრიქონიდან, როდესაც იგი პუდელს გამოელაპარაკება, მთარგმნელი ყველაფერს ცვლის და უკვე დაქტილურ პოლიმეტრიას მიმართავს - პირველი სტრიქონი ცამეტმარცვლედია, მეორე - შვიდი, მესამე - თერთმეტი და ასე შემდეგ. შედეგად ვიღებთ სრულიად უნიკალურ და ქართული ლექსწყობისთვის თითქოს უცხო რიტმულ სქემას:

"დაწყნარდი, პუდელო, რა იყო, რას მირბენ გარს? / რას ყნოსავ ზღურბლსა და კარს? / რას დაწრიალებ, დახტი, წკმუტუნებ, ღრენ? / წექ ღუმელს უკან! ჰა, ჩემი ბალიში შენ! / გზად ბევრი იცელქე, სულ ხტუნვით იარე კარამდე, / აქ უკვე შინა ვართ, ეგ შენი ბზრიალი დამთავრდეს".

შესანიშნავია ეპიზოდი პოემის ცენტრალური სცენიდან, სადაც ფაუსტი და მეფისტოფელი პაქტს დებენ. აქ მეფისტოფელი ერთგან სულების გუნდის პაროდირებასაც ახდენს, მათ წარადგენს მათივე ხმის ბაძვით. დავით წერედიანმა ამ მონაკვეთს ორმაგი ჟღერადობა შესძინა. თუკი კარგად დააკვირდებით, გალაკტიონის "ნიკორწმინდის" ინტონაციებსაც გაიგონებთ მასში, მით უმეტეს, წინა ეპიზოდში სწორედ ტაძარზეა საუბარი:

"ჩემი ბარტყებია, / უკან დამყვებიან. / ღლაპთა კვალობაზე / ბრძნული გალობა თქვეს. / გირჩევენ: დატოვე / ეს ბნელი დილეგი, / დათმე სიმარტოვე, / სიკვდილის ჩრდილები".

ინტონაციებს რაც შეეხება, როგორც ზემოთაც ითქვა, ძალზე მრავალფეროვან სამყაროსთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ფაუსტის და მეფისტოფელის მეტყველება ავიღოთ ღამის სცენიდან. ფაუსტის მეტყველება ელეგიურია და საზომიც შესაბამისია, თოთხმეტმარცვლიანი:

"რა სიბნელეა! ერთადერთი მოკრთის ნათელი, / ბაზილიკაში უქრობელი ბაზმა ანთია. / იქით და იქით წყვდიადია გაუფანტველი... / გულშიც, არ ვიცი, რა მიზეზით, ეგ წყვდიადია". შემდეგ მეფისტოფელის ჯერი დგება, რომელიც სულ სხვა, სკაბრეზული ინტონაციით ხასიათდება: "მე კიდევ ჟინი შემიდგა კატის, / სახურავებზე პარვით რომ დადის, / საქმეს რომ ეძებს ბნელში საღვაწებს, / წაიმძუნავებს, წაიბაცაცებს". ანდა მოხუცი გლეხის ეს მეტყველება ნახეთ, ქართლური პირდაპირობითა და ქალაქური, ტფილისური პოეზიისთვის დამახასიათებელი მოქცევებით: "მივესალმებით ბატონ დოქტორსა, / უფრო გვიყვარხართ კიდევ მისთვისა, / რო არ თაკილობთ ჩვენისთანებსა, / რო მოიცალეთ აქ მოსვლისთვისა..."
"გოეთეს "ფაუსტი" იმდენად ძნელი აღსაქმელი არა, რამდენადაც ნელა საკითხავი წიგნია. თუ იგი სრულად გვინდა შევიგრძნოთ, წინ არ უნდა მიგვეჩქარებოდეს, ყურადღება იმ პასაჟზე უნდა დავაკავოთ, რომელსაც მოცემულ მომენტში ვკითხულობთ. ჩვენი მონდომება აუნაზღაურებელი მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დარჩება...

წიგნში ბევრ საინტერესო ზმნურ ფორმასა თუ სხვადასხვა სიტყვას აღმოაჩენს ფანქრით შეიარაღებული მკითხველი. გვხდება კომპოზიტები - ხმაშეჭირვებით, ცრემლსართავი, სასოწარუხდომი, რწმენამყარი, უკუდბრჭყალო, ასევე - კვიატი, უზღვრელი, სათხიპნარი და სხვ. აქაა ზმნების მრავალი კვიმატი ფორმა, რომელიც საოცრად მრავალფეროვანს ხდის ლექსს. გარდა ამისა, აუარება აფორისტული სტრიქონია წიგნში, მოქნილი და სხარტი. ზოგი ეპიგრამატული, იუმორით და სილაღით სავსე, რომელიც წერედიანისვე თარგმნილ ვიიონის სტრიქონებსაც გაგახსენებთ, ზოგიც გნომური, სიბრძნით გაჯერებული.

კიდევ ძალიან ბევრი ციტატის დამოწმება შეიძლება წერედიანის "ფაუსტიდან", სმენის დასატკბობადაც რომ კარგია და აზრის საწრთობადაც, ამიტომ ჯობს თავად აღმოაჩინოთ დანარჩენი მარგალიტები და ეს ყველაფერი ერთიან მთლიანობად მოიაზროთ, რომელსაც "ფაუსტი" ჰქვია. უბრალოდ, ბოლოს ერთ რამეზე გამოვთქვამ წუხილს - დასანანია, რომ წიგნი, რომელიც თითქმის 30 წელი ითარგმნებოდა, ერთ-ორ საათში შეიძლება შემოგეკითხოთ. ამიტომ, ეცადეთ ცოტათი გაიხანგრძლივოთ სიამოვნება. ამაზე მთარგმნელიც წერს წინასიტყვაობაში - "გოეთეს "ფაუსტი" იმდენად ძნელი აღსაქმელი არა, რამდენადაც ნელა საკითხავი წიგნია. თუ იგი სრულად გვინდა შევიგრძნოთ, წინ არ უნდა მიგვეჩქარებოდეს, ყურადღება იმ პასაჟზე უნდა დავაკავოთ, რომელსაც მოცემულ მომენტში ვკითხულობთ. ჩვენი მონდომება აუნაზღაურებელი მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დარჩება".

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG