Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხმძიმე ბავშვები საქართველოში


ბავშვთა ქორწინება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს საკითხად რჩება. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 15-დან 19 წლის ასაკის დაახლოებით 16 მილიონი გოგონა აჩენს ბავშვს. ნაადრევი ქორწინება და ორსულობა მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, სადაც 15-19 წლის ყოველი 1000 გოგონადან საშუალოდ 39 მშობიარობს, უფრო დაბალი ასაკის გოგონების გათხოვებისა და მშობიარობის შემთხვევები კი, საერთოდ, ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩება. სპეციალისტების შეფასებით, გოგონებისათვის ადრეული ქორწინება ნიშნავს როგორც სწავლისა და განვითარების შეწყვეტას, ასევე ჯანმრთელობის გაუარესებას. რა მდგომარეობაა საქართველოში ადრეული ქორწინების თვალსაზრისით და რა უნდა გაკეთდეს ვითარების შესაცვლელად?

მენდელსონის საქორწინო მარშს სამოქალაქო რეესტრის თბილისის ნომერ პირველ საქორწინო სახლში წლის განმავლობაში, საშუალოდ, 3 ათასჯერ უკრავენ. ქორწინების სახლის უფროსის ინგა კობახიძის თქმით, ყველაზე ხშირად სამოქალაქო ქორწინებაში შედიან და ხელს აწერებენ 23-28 წლის ახალგაზრდები, თუმცა, მისი განმარტებით, ასევე აქტიურობენ არასრულწლოვნები, რომლებსაც, თუ 16-დან 18 წლამდე ასაკის არიან, არ შეუძლიათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება“.

„მშობლების თანხმობაა აუცილებელი. მათ გარეშე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. თვის განმავლობაში შეიძლება იყოს ორი არასრულწლოვანი, თუმცა ადრე იყო მასობრივად“.

ინგა კობახიძის თქმით, არასრულწლოვანთა შორის ქვემო ქართლის მხარეში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ჭარბობენ. მარნეულის რაიონში 14-15 წლის ასაკში გათხოვება, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, არ ითვლება ნაადრევ ქორწინებად:

„ხშირად არიან 13-14 წლის გოგონები და უნდათ ხელის მოწერა, თუმცა, ცხადია, ვერ მოაწერენ 16 წლამდე, მაგრამ მოდიან და გვეკითხებიან“.

ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 7300-მდე მოზარდი ვერ ასრულებს განათლების მიღებას. ისინი წყვეტენ სწავლას და ამის ძირითადი მიზეზი არის ქორწინება და ადრეულ ასაკში მშობიარობა...
უჩა ნანუაშვილი
თუმცა ერთია ხელის მოწერა, ოფიციალური ქორწინება და სულ სხვა - ოჯახური ცხოვრების რეალური დაწყება. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, მის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა მარნეულში მცხოვრები რამდენიმე არასრულწლოვნის საქმე: 13 წლის მერვეკლასელმა მ.ბ.-მ შეწყვიტა სკოლაში სიარული იმის გამო, რომ გათხოვდა და არის ექვსი თვის ფეხმძიმე. გოგონას პედაგოგებს უთქვამთ, გათხოვებამდე ბავშვი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა, გათხოვების შემდეგ კი საჭმელი მაინც ექნებაო. კიდევ ერთი საქმე: არასრულწლოვანმა ზ. ბ.-მ განათლების მიღება შეწყვიტა სწავლის პირველ საფეხურზე, მე-6 კლასში. გაირკვა, რომ ასევე დაოჯახებასთან დაკავშირებით, მას არ სურს სწავლის გაგრძელება. უჩა ნანუაშვილის თქმით, იმის გამო, რომ 16 წლამდე ქორწინება კანონით აკრძალულია და, შესაბამისად, არ რეგისტრირდება, სწორედ ამ - საშუალო განათლების მიღების შეწყვეტის - მაჩვენებლით შეიძლება მსჯელობა არასრულწოვანთა ქორწინების რეალურ მასშტაბებზე.

„ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 7300-მდე მოზარდი ვერ ასრულებს განათლების მიღებას. ისინი წყვეტენ სწავლას და ამის ძირითადი მიზეზი არის ქორწინება და ადრეულ ასაკში მშობიარობა, რასაც აქვს თანმდევი ეფექტი და იწვევს მათ შორის სიკვდილიანობას“, უთხრა უჩა ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება აღქმული უნდა იყოს როგორც ქალის მიმართ ძალადობა. საერთაშორისოდ მიღებული განმარტების მიხედვით, ტერმინი „ადრეული ქორწინება“ აღწერს ისეთ იურიდიულ ქორწინებას ან კავშირს, როცა ერთ-ერთი მეუღლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია. ადრეულ ქორწინებას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ბავშვთა ქორწინებას“ ან „იძულებით ქორწინებას“. და მართლაც, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე ამბობს, როგორც წესი, ნაადრევი ქორწინება მოზარდი გოგონებისათვის, რომლებიც, უმეტესწილად, დაქორწინებული არიან ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცებზე, ნიშნავს სექსუალური ცხოვრების ადრეულ და ძალადობრივ დაწყებას. ისინი იძულებული არიან ქორწინების შემდეგ მალევე გააჩინონ შვილი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯერ ბავშვები არიან. თამარ ხომასურიძის თქმით, მოზარდებში შობადობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს გამორჩეულად მაღალი ადგილი უკავია აღმოსავლეთ ევროპაში:

სექსუალური მომწიფების პერიოდი, იწყება სხვადასხვა დროს. შეიძლება ეს იყოს 13-14 წელი და უფრო ადრეული ასაკი, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება რამდენიმე წელიწადი და მის დასრულებას სჭირდება დრო, რომ ქსოვილები სრულად მომწიფდეს. ამიტომ, თუნდაც ლორწოვანი გარსების უმწიფრობა განსაზღვრავს იმას, რომ შიდსის და სხვა სასქესო ინფექციებით დაავადების უფრო მეტი რისკი არსებობს...
ჯენარა ქრისტესაშვილი
„15-19 წლის ასაკის ყოველი 1000 გოგონადან 39 აჩენს ბავშვს. რეგიონების მიხედვით, შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოზარდებს შორის არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. ქვემო ქართლში ეს მაჩვენებელი არის 143! ნიშანდობლივია ის, რომ იმ რეგიონებში და იმ ეთნიკურ ჯგუფებში, სადაც მაღალი სიხშირით ფიქსირდება ნაადრევი ქორწინება, ბევრად მაღალია აბორტის მაჩვენებელიც“.

თამარ ხომასურიძის თქმით, მკვდრადშობადობა და სიკვდილის შემთხვევებიც 50%-ით მეტია 20 წლის ასაკამდე, ვიდრე 20-დან 29 წლამდე.

ადრეულ ასაკში გათხოვების უარყოფით მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას მედიკოსებიც. რეპროდუქტოლოგის, პროფესორ ჯენარა ქრისტესაშვილის თქმით, პირველ რიგში, გოგონათა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის სქესობრივი უმწიფრობიდან გამომდინარე რისკები.

„პუბერტატი, ანუ სექსუალური მომწიფების პერიოდი, იწყება სხვადასხვა დროს. შეიძლება ეს იყოს 13-14 წელი და უფრო ადრეული ასაკი, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება რამდენიმე წელიწადი და მის დასრულებას სჭირდება დრო, რომ ქსოვილები სრულად მომწიფდეს. ამიტომ, თუნდაც ლორწოვანი გარსების უმწიფრობა განსაზღვრავს იმას, რომ შიდსის და სხვა სასქესო ინფექციებით დაავადების უფრო მეტი რისკი არსებობს. ასევე პრობლემაა სამშობიარო ტრავმატიზმი, რომელიც უფრო მაღალია მოზარდებში, ვიდრე ზრდასრულ ქალებში“, უთხრა ჯენარა ქრისტესაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ჯენარა ქრისტესაშვილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ პრობლემების სიმწვავის შესამცირებლად საჭიროა სქესობრივი განათლების შეტანა საშუალო სკოლებში. შეყვარებულმა მოზარდებმა უნდა იცოდნენ როგორ დააღწიონ თავი სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებას ისე, რომ არ დაკარგონ ერთმანეთი. ყოველივე ეს კი დიდწილად განსაზღვრავს ფეხმძიმობისა და იძულებითი ქორწინების პრევენციას, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, პრობლემას ფიზიოლოგიურის გარდა, ასევე აქვს მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული შემადგენელი, რომელთა დასაძლევად საჭიროა სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG