Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში გატაცებული უკრაინელი აქტივისტები შინ დაბრუნდნენ


ჯგუფ "ფემენის" წევრები (მარჯვნიდან): ოქსანა შაჩკო, ინა შევჩენკო და ალექსანდრა ნემჩინოვა

ჯგუფ "ფემენის" წევრები (მარჯვნიდან): ოქსანა შაჩკო, ინა შევჩენკო და ალექსანდრა ნემჩინოვა

ბელორუსიის პოლიციამ მიაგნო უკრაინული უფლებადამცველი ჯგუფის წარმომადგენელ სამ ქალ აქტივისტს, რომლებიც, როგორც იუწყებიან, ბელორუსიის უშიშროებამ გაიტაცა მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციის გამართვის შემდეგ. ჯგუფი „ფემენი“ აცხადებს, რომ მისი წევრები ტყეში წაიყვანეს, გააშიშვლეს და დაწვით ემუქრებოდნენ.

უკრაინელი ფემინისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციის გამართვის შემდეგ ისინი ბელორუსიის უშიშროებამ გაიტაცა და დააშინა, უკვე შინ - კიევში - არიან.

უფლებადამცველი ჯგუფის - „ფემენის“ - სამი წევრი ორშაბათს გაუჩინარდა - მას შემდეგ, რაც მათ, ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი პროვოკაციული ფორმით, წელზემოთ გაშიშვლებულებმა გამართეს საპროტესტო აქცია ლუკაშენკოს მორიგი საპრეზიდენტო ვადით არჩევის წლისთავის აღსანიშნავად.

აქცია მინსკში, ბელორუსიის უშიშროების შტაბბინის წინ გაიმართა. თავად ბელორუსიის კაგებე ამ აქციას „განსაკუთრებით უხეშ პროვოკაციას“ უწოდებს, თუმცა აქტივისტების გატაცებას უარყოფს.

რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ცნობით, ქალები, რომლებიც ბელორუსიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, გომელის ოლქში, იპოვეს, სამედიცინო გამოკვლევისთვის ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლა ისინი, როგორც ვთქვით, უკვე შინ - უკრაინაში - არიან.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, სამედიცინო შემოწმებისას ქალებს ხელებსა და სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოაჩნდათ.

ისინი ჰყვებიან, რომ 19 დეკემბერს, საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ, ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდნენ, როცა ექვსმა კაცმა გაიტაცა და დედაქალაქიდან შორს, ტყეში წაიყვანა.

მათი მონათხრობი ემთხვევა იმ ისტორიას, რომელიც „ფემენის“ ლიდერმა, ჰანა ჰუცოლმა, კიევში უამბო ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურს: „ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ ჯანმრთელობას უჩივიან. ძალიან შეეშინდათ. ისინი გუშინ დააკავა კაგებემ. მანქანით მიჰყავდათ მთელი ღამე, მერე ტყეში მიიყვანეს, ნავთი გადაასხეს და ცეცხლის წაკიდებით დაემუქრნენ, დანითაც ემუქრებოდნენ, თმა მოაჭრეს დანით, ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეს და მერე ტყეშივე დატოვეს.“

ჰუცოლის თქმით, გატაცებული ქალები ალექსანდრა ნემჩინოვა, ოქსანა შაჩკო და ინა შევჩენკო იყვნენ.

რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის კორესპონდენტები გაესაუბრნენ იმ სოფლის მკვირდთ, სადაც აქტივისტები იპოვეს.

მოსახლეობის მონათხრობით, ქალები აცხადებდნენ, რომ ტყეში დაშინების შემდეგ ისინი გამტაცებლებმა უკრაინის საზღვარზე მიიყვანეს და მისი გადაკვეთა უბრძანეს.მაგრამ ამის ნაცვლად ქალები სოფელში წავიდნენ,სადაც ისინი ადგილობრივმა ხალხმა შეიფარა.

„ფემენი“, რომელიც აცხადებს, რომ ასობით წევრი და ათასობით მხარდამჭერი ჰყავს, 2008 წელს დაარსდა, ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

საპროტესტო აქციების პროვოკაციული ფორმის - წელზემოთ გაშიშვლების - გამო მათ ბევრი მხარდამჭერიც შეიძინეს და კრიტიკოსიც.

ჯგუფის მოქმედების სფერო თანდათან გაფართოვდა. მათი პროტესტი გასცდა უკრაინის პატრიარქალურ ტრადიციებს და საერთაშორისო ელფერი მიიღო.

ივნისში „ფემენის“ აქტივისტებმა თავზე ისლამური ჰიჯაბი მოიხურეს, წელზემოთ კი გაშიშვლდნენ და ასეთი ფორმით მოაწყვეს აქცია კიევში, საუდის არაბეთის საელჩოს წინ. ისინი საუდის არაბეთში ქალებისთვის მანქანის ტარების აკრძალვას აპროტესტებდნენ.

„ფემენის“ აქტივისტებმა თავიანთი აქციით ციურიხში სამანქანო მოძრაობა შეაჩერეს, ვატიკანში კი სკანდალი მოახდინეს.

მიმდინარე თვეში რუსეთის საპარალამენტო არჩევნების წინ მათ მოსკოვშიც სცადეს აქციის გამართვა, მაგრამ უსაფრთხოების ძალებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ორშაბათს, ბელორუსიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე, აქტივისტები მინსკში, კაგებეს შტაბბინის წინ შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატათ იმ დემონსტრანტების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც არჩევნების შემდგომი გამოსვლების დროს დააპატიმრეს.

წელზემოთ გაშიშვლებულ ქალებს ლუკაშენკოს მსგავსი ხელოვნური ულვაშები ჰქონდათ გაკეთებული და სკანდირებდნენ - „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ და „გაუმარჯოს ბელორუსიასო“.

აქციის გაშუქების მცდელობისას რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს.

უკრაინაში უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჯგუფის წევრების გატაცების და მათი დაშინებისა და წამების დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.

„ფემენის“ ხელმძღვანელი კი ვითარებას ჩვეული პროვოკაციული ფორმით ეხმაურება: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბელორუსიის ელჩი უკრაინიდან დეპორტირებული იქნეს. ხვალ თავად თუ არ წავა, ტყეში წავიყვანთ და თავს გადავპარსავთ“, - აცხადებს ჰანა ჰუცოლი.
XS
SM
MD
LG