Accessibility links

logo-print

გერმანიაში პუტინის მიმართ პროტესტის მონაწილე: ჩვენ სექსტრემისტები ვართ


ვლადიმირ პუტინი, ანგელა მერკელი და „ფემენის“ წარმომადგენელი ჰანოვერში

ვლადიმირ პუტინი, ანგელა მერკელი და „ფემენის“ წარმომადგენელი ჰანოვერში

მსოფლიომ იხილა გერმანიაში, ჰანოვერში, გადაღებული კადრები, სადაც ჩანს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცვიფრებული სახე, როცა მის მიმართ საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს წელს ზემოთ გაშიშვლებულმა ქალებმა. ორგანიზაცია „ფემენის“ წარმომადგენლებს მკერდსა და ზურგზე პუტინის მისამართით უხამსი გამოთქმები ეწერათ და ასეთივე სიტყვებს გაჰყვიროდნენ. ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის რედაქტორი, ანდრეი შარი, ესაუბრა აქციის მონაწილეს, ოლექსანდრა შევჩენკოს, რომელიც თანააქციელთან ერთად დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალით გაიყვანეს დარბაზიდან. საუბრის დასაწყისში ის ასე უპასუხებს ჟურნალისტურად დასმულ, ფაქტობრივად, რიტორიკულ შეკითხვას, რა დაგიშავათ პუტინმა, რატომ გამოთქვამთ პროტესტს მის მიმართო:

„არა მგონია, რომ მხოლოდ ჩვენ გვქონდეს პრობლემები პუტინის მიმართ, მთელ პლანეტას აქვს პრობლემები მის მიმართ. ის ვნებს არა მხოლოდ საკუთარ, რუსეთის მოქალაქეებს, არამედ მთელ მსოფლიოს. თუ ადამიანი საღად აზროვნებს და არ ეშინია გამოხატოს თავისი დემოკრატიული აზრი, მისი ვალია ეს პუტინს პირში უთხრას. გულწრფელად გითხრათ, მაკვირვებს თქვენი შეკითხვა. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ პრობლემაზე, ყოველდღიურად პუტინთან დაკავშირებულ პრობლემებია გაზეთების, რადიოს თემა. ჩვენ მხოლოდ ლაკონიურად გამოვხატეთ ის, რაც მთელ სამყაროს სურს, - რომ პუტინი წავიდეს იქ, სადაც ჩვენ გავგზავნეთ“.
რა თქმა უნდა, დავინახე, თვალებში ჩავხედე. მისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა და შეიძლება შოკირებულიც კი იყო იმით, რომ მის დაცვაში ხვრელი გაჩნდა, ჩვენ მას მივაგენით და დაცვა გავარღვიეთ. მას ღიმილნარევი სულელური გაოცება ეწერა სახეზე, ბრიყვული გამომეტყველება ჰქონდა...

უშიშროების სამსახურის ქმედებაზე, მის უხეშობაზე ჰკითხა ჩემმა კოლეგამ ოლექსანდრა შევჩენკოს, რომელიც ამბობს, უხეში პუტინის დაცვა იყოო:

„უხეშად ვინც მოგვექცა, ეს გერმანიის პოლიცია არ ყოფილა, ეს პუტინის დაცვის წევრები იყვნენ. გერმანიის პოლიციამ ფრთხილად ჩაგვსხა მანქანაში და წაგვიყვანა პოლიციის განყოფილებაში“.

ანუ ხელი ვინც მოგკიდათ, რუსები იყვნენ, პუტინის დაცვიდან? - ეკითხება რადიო თავისუფლება შევჩენკოს:

„რა ეროვნების იყვნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ისინი პუტინის დაცვიდან იყვნენ, არა გერმანიის პოლიციელები“, ამბობს „ფემენის“ წევრი, რომლის მიმართაც ბუნებრივი შეკითხვა გაუჩნდა ჩვენს კოლეგას იმის თაობაზე, თუ როგორ შეაღწია „ფემენმა“ შენობაში და როგორ მოახერხეს ორი ქვეყნის ლიდერთან ასე ახლოს მისვლა. პუტინს ხომ იმ მომენტში მასპინძლობდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც რუსი სტუმარი ჰანოვერის ვაჭრობის ბაზრობის გახსნაზე მიიწვია. შევჩენკო ამჯერად სიტყვაძუნწია:

„ჩვენ სექსტრემისტები ვართ. ჩვენ ვპოულობთ გზებს. არც ჩვენი წესია და არც ჩვენს ინტერესში შედის დეტალების გამხელა“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, მიახლოებისას ჰქონდა თუ არა აქციის მონაწილეს პუტინთან უშუალო კონტაქტის განცდა:

„რა თქმა უნდა, დავინახე, თვალებში ჩავხედე. მისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა და შეიძლება შოკირებულიც კი იყო იმით, რომ მის დაცვაში ხვრელი გაჩნდა, ჩვენ მას მივაგენით და დაცვა გავარღვიეთ. მას ღიმილნარევი სულელური გაოცება ეწერა სახეზე, ბრიყვული გამომეტყველება ჰქონდა“.
საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ უკრაინის ორმა მოქალაქემ, მე და ოკსანა შაჩკომ. ოქსანა შაჩკო ის არის, პუტინის საარჩევნო ურნა რომ მოიპარა შარშან. ჩვენთან იყვნენ ერთი რუსი აქტივისტი, ირინა ხარნოვა, და გერმანიის ორი მოქალაქე...

ჩვენი კორესპონდენტი ჩაეკითხა თანამოსაუბრეს, მოახერხა თუ არა ზურგი შეექცია პუტინისთვის, რათა მას დაენახა, რა ეწერა წელს ზემოთ შიშველ ქალს სხეულზე. შევჩენკოს თანახმად, მას მკერდზე ეწერა ინგლისურად: „ფ... დიქტატორ“. პუტინი განათლებულია - გაიგებდა, რაც ეწერა ინგლისურადო.

როგორც ითქვა, „ფემენის“ წარმომადგენლები დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ოლექსანდრა შევჩენკო ამბობს, „აღძრეს საქმე ჩვენს წინააღმდეგ და ველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებას, გაიგზავნება საქმე სასამართლოში თუ დაიხურებაო“. მანვე გვითხრა, რომ გერმანიაში ადვოკატი არ ჰყავთ, მაგრამ იმედი აქვთ, რომ საქმე სასამართლოს გარეშე დამთავრდება. ის მოკლედ ჰანოვერის საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებზეც გვიამბობს.

„საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ უკრაინის ორმა მოქალაქემ, მე და ოკსანა შაჩკომ. ოქსანა შაჩკო ის არის, პუტინის საარჩევნო ურნა რომ მოიპარა შარშან. ჩვენთან იყვნენ ერთი რუსი აქტივისტი, ირინა ხარნოვა, და გერმანიის ორი მოქალაქე. გერმანიის პრესას მადლობას ვუხდით იმის გამო, რომ ჩვენზე ასეთ ობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს, განსხვავებით რუსეთის თუ უკრაინის მედიისგან. მედიის მხრიდან მიუკერძოებელ გაშუქებას ვუმადლით იმას, რომ გვყავს აქტივისტები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან. „ფემენი“ მოქმედებს ბელგიაში, კანადაში. გამოგვიჩნდნენ აქტივისტები აშშ-ში, ასევე ბრიტანეთში, ერთი-ორი - ტუნისშიც. ასე რომ, გერმანიის პრესის დახმარებით, გერმანელმა ქალებმა ჩვენ შესახებ, ჩვენი შეხედულებების შესახებ შეიტყვეს“, ამბობს უკრაინული ჯგუფის - „ფემენის“ - აქტივისტი ოლექსანდრა შევჩენკო, მონაწილე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო წელზემოთ შიშველი აქციისა ჰანოვერში, გერმანიაში.

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ ვლადიმირ პუტინმა აქცია მოიწონა და ჰანოვერის ბაზრობის ორგანაზატორებს მიმართ, მადლობა უთხარით უკრაინელ გოგონებს, ისინი დაგეხმარნენ ბაზრობის რეკლამირებაშიო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG