Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები ფერგიუსონში


საპროტესტო აქცი ფერგიუსონში
საპროტესტო აქცი ფერგიუსონში

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებამ - გაემართლებინა შავკანიანი თინეიჯერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციის ოფიცერი ამერიკელები ორ ნაწილად დაყო. ნაწილი გაბრაზებულია და მომხდარს აფრო-ამერიკელების მიმართ უსამართლობად აფასებს, ნაწილი კი - სამართლებრივი პროცესის პატივისცემას მოითხოვს. ფერგიუსონში მომხდარმა მკვლელობამ ქვეყანაში არსებული გადაუჭრელი რასობრივი დაძაბულობები გამოააშკარავა.

წუხანდელი დემონსტრაციების შემდეგ, რომლის დროსაც ადგილობრივი ბიზნესები დაიწვა და ათობით მანქანა განადგურდა, ფერგიუსონს კვამლი ასდის. მისურის შტატის გუბერნატორმა გუშინ ბრძანება გასცა და მეტწილად შავკანიანებით დასახლებულ ქალაქში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ჩამოიყვანა. აფრო-ამერიკელების ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით გამოდიან და რასობრივ უთანასწორობაზე საუბრობენ.

“ჩვენ უბრალოდ ვეღარ დავუშვებთ ამდენ მკვლელობას, ამდენ დაკრძალვას, ისევ მკვლელობებს და ისევ დაკრძალვებს,” ამბობს ვილიამ ბარბერი, ამერიკის ფერადკანიანთა წინსვლის ასოციაციის პრეზიდენტი.

ამერიკაში, ყოველ 28 საათში ერთხელ თეთრკანიანი პოლიციელები 1 შავკანიანს კლავენ. ამიტომაც არაფერი გამკვირვებია.

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას ქვეყნის მთელი მასშტაბით დემონსტრაციები მოჰყვა. აქციები გაიმართა დიდ ქალაქებში, მათ შორის ნიუ-იორკში. ბევრი გამომსვლელი ამბობს, რომ მათ უფრო დიდი პრობლემისკენ სურთ ყურადღების მიპყრობა.

“ვიცი ბევრი ჩვენთაგანი მაიკლ ბრაუნის საქმემ გააერთიანა, მაგრამ ის მხოლოდ ერთია, ათასობით სხვა შემთხვევას შორის,” ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი ნიუ-იორკის აქციიდან.

ინდიანას უნივერსიტეტის სტუდენტებმა მდუმარე აქცია გამართეს და დაღუპულს პატივი ამ ფორმით მიაგეს, მინეაპოლისში კი სკოლის მოსწავლეებმა მსაჯულების გადაწყვეტილება საკლასო ოთახების დატოვებით გააპროტესტეს.

პიტ ვაითი ერთ-ერთი მათგანია, ვინც დასავლეთ სანაპიროზე, ლოს ანჯელესში შეუერთდა გამოსვლებს, ის ამბობს, რომ მაიკლ ბრაუნის მკვლელობა არ გაჰკვირვებია:

“ამერიკაში, ყოველ 28 საათში ერთხელ თეთრკანიანი პოლიციელები 1 შავკანიანს კლავენ. ამიტომაც არაფერი გამკვირვებია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ისინი მზად არიან შეაჩერონ შავკანიანების მკვლელობები.”

ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ.

“ვფიქრობ გამოწვეულ რეაქციებს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ გადაწყვეტილებამ ჩვენს საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია,” განაცხადა პელოსიმ.

გაბრაზების წყარო არა მხოლოდ თორმეტი ნაფიცი მსაჯულია, არამედ ძალოვანი სისტემაც. ბევრი ამერიკელი რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვს, რაც პოლიციის ოფიცრებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას შეუზღუდავს.

“მათ აქვთ რეზინის ტყვიები, კიდევ ბევრნარი არასასიკვდილო იარაღი, ჯობია ის გამოიყენონ. სასიკვდილო იარაღის გარეშეც შესაძლებელია თავი დაიცვა,” ამბობს კენტუკელი დებრა მიტჩელი.

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა ხელმძღვანელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსახლეობის ზოგიერთ ჯგუფს შორის არსებული დიდი უნდობლობა და ძალოვან სტრუქტურებში რასობრივი გავლენები უნდა გამოიკვლიოს.

XS
SM
MD
LG