Accessibility links

რასობრივ ნიადაგზე დაპირისპირების ახალი ტალღის გამო ამერიკული პატარა ქალაქი ფერგიუსონი ისევ ბრძოლის ველს ემსგავსება

მისურის შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებამ პოლიციელ დარენ უილსონისთვის ბრალი არ წაეყენებინა, ქალაქ ფერგიუსონში ძალადობის მორიგი ტალღა წარმოშვა. თეთრკანიანმა პოლიციელმა აგვისტოში შეუიარაღებელი შავკანიანი მოზარდი მაიკლ ბრაუნი მოკლა, რომელიც პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა. ამ ფაქტის გამო მაშინ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა.

ფერგიუსონის ქუჩებში დემონსტრანტები ისევ ცეცხლს აჩენენ. ძალადობა პოლიციის შენობასთან შეკრებილ ხალხში თითქმის იმ წამსვე დაიწყო, როგორც კი მოსამართლემ განცხადება პოლიციის ოფიცრის დარენ უილსონის გამართლების შესახებ გამოიტანა. მაშინათვე იქვე მდგარი ქალაქის პოლიციის ორი მანქანა აალდა. მომდევნო რამდენიმე საათის მანძილზე ცეცხლი შენობებსაც მოუკიდეს. სამართალდამცავებმა წესრიგის დამყარების მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაპატიმრებულია ათეულობით ადამიანი.

„ვლოცულობ იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებ, უბრალოდ კარგად მინდოდა ყველაფერი დამთავრებულიყო“ - ამბობს პოლიციის შენობასთან მისული ფერგიუსონელი მოქალაქე, რომელიც თავს ჯანგოდ წარადგენს. მისი თქმით, ქალაქში იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა გადაწონის და ფერგიუსონის მოსახლეობას და ადგილობრივ პოლიციას შორის გაჩენილი რასობრივი დაძაბულობის განეიტრალება გართულდება. „რაკი აქ მოვედით, ამის მიზეზიც გვქონდა. აქ ვცხოვრობთ, ეს ჩვენი უბანია. ეს თუ გაუვიდა, იმასაც შერჩება და კიდევ ბევრ სხვას“- ამბობს ჯანგო.

მარკ ესტერსი პოლიციის რიგების უკან მოხვდა, რომელიც ცდილობდა ხალხი ძალადობის იმ ბირთვისგან გამოეცალკევებინა, რომელშიც ესკალაცია თანდათან იზრდებოდა. მარკის თქმით „ეს გაკვეთილი უნდა გახდეს. ჩვენ ახლა მაგიდასთან უნდა ვისხდეთ და ვსაუბრობდეთ. არათანაბარ უფლებებზე ხმას მხოლოდ ერთი რასის წარმომადგენლები არ უნდა იმაღლებდნენ “. მარკი ძალადობით იმედგაცრუებულია, მაგრამ მოვლენების ამგვარი განვითარებით გაკვირვებული არ ჩანს. მისი აზრით, ეს ყოველივე არათანაბარი უფლებების გამო „წლების განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილების კულმინაციაა“.

სენტ ლუისის გარეუბანში მდებარე პატარა ქალაქი ფერგიუსონი დღეს ისევ ბრძოლის ველს დაემსგავსა, სადაც მოროდიორობა გრძელდება და ალაგ-ალაგ კვამლი ამოდის. ეს ყველაფერი რიგით მოქალაქეებში დიდ მღელვარებას იწვევს. ჯული კრუზი აღშფოთებას არ მალავს. „საკმარისია! ეს უნდა დამთავრდეს! რასიზმიც, ფანატიზმიც! სენტ ლუის შეუძლია ამას გაუმკლავდეს“ - ამბობს ის.

სენტ ლუისის აღდგენა რთული საქმე არ იქნება. დაზიანებული და გაძარცული შენობები გარემონტდება და ფერგიუსონი თავის პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ბოლოს და ბოლოს პოლიციას და მოსახლეობას შორისაც ნდობაც აღდგება, მაგრამ ამ ყველაფერს დრო და დიდი მოთმინება დასჭირდება.

XS
SM
MD
LG